ჩვენ, ქრისტიანები, ყველანი მთამსვლელები ვართ, რომელნიც სულიერი მწვერვალისაკენ მივისწრაფვით
ჩვენ, ქრისტიანები, ყველანი მთამსვლელები ვართ, რომელნიც სულიერი მწვერვალისაკენ მივისწრაფვით
გენიალური მუსიკით მისი მთხზველი შეიცნობა, მშვენიერი, დიდებული ნახატით - მხატვარი, ხოლო თითოეული ადამიანითა და ქმნილებით - შემოქმედი ღმერთი.

უხილავი უფლის სიყვარულს ხილული ადამიანის ერთგულებითა და პატივისცემით ვამტკიცებთ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გვმოძღვრავს: თუ შენ არ გიყვარს მოყვასი, ადამიანი, რომელსაც ხედავ, მაშინ როგორღა შეიყვარებ უხილავ ღმერთს? უფალი სულია სიცოცხლისა, მარადიულობისა, ჭეშმარიტებისა, რომელიც მიუწვდომელ ნათელში ჰგიებს, ხორციელი თვალით მას ვერ ვხედავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია შევიმეცნოთ იგი მოყვასში, ყოველ ადამიანში, რომელიც ხატებაა ღვთისა, ხატებაა ქრისტესი. ადამიანის სიყვარული გაგრძელებაა ღვთის სიყვარულისა. როგორ შეგიძლია შენ, მოკვდავმა, დაამტკიცო უკვდავი ღმერთის სიყვარული, თუ მისი საყვარელი ქმნილება და მასში არსებული ღვთის ხატება არ გეყვარება? პატივი უნდა ვცეთ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად იმისა, იმსახურებს იგი ამას თუ არა, რადგან მაცხოვარი ქვეყნიერებას მოევლინა არა ჩვენი დამსახურების, არამედ სიყვარულისა და წყალობის გამო.

"ოქროს შემცველი მიწის გროვა უცოდინარს სძაგს, ხოლო მცოდნეს არ სძულს მასში არსებული ოქროს ნამცეცების გამო. ასევე უგულოს, უყურადღებოს სძაგს ადამიანი, რომელსაც მრავალი ცოდვა და ნაკლი აქვს, ხოლო მართალსა და ყურადღებიანს უყვარს და ებრალება, რადგან თვით ამ უსახურ ბელტშიც არის ოქროს არსება - სული, რომელიც ხატებაა მისი გამჩენისა".
(სულიერი მდელო)

ნუთუ ჩვენ, ებრაელები, ქრისტეს ჯვარმცმელები, ათასი მაგიისა და სექტის მსახურნი ღირსნი ვართ უფლის სიყვარულისა, მისგან მონიჭებული სიცოცხლისა? მიუხედავად ამისა, ღვთის მოწყალება არ ნელდება ჩვენს მიმართ, პირიქით, როგორც ლოცვაშია ნათქვამი, "სადაც განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროის გარდაემატოს მადლი", სადაც დიდია დაცემა, იქ მეტია დახმარება, სადაც ღრმაა ჭრილობა, იქ ძლიერია წამალი. თუკი შემოქმედმა, ბატონმა ასე შეგვიყვარა მონანი, ჩვენ, მონებს არ გვმართებს ერთმანეთის სიყვარული? თუკი წმინდა და უცოდველი დამნაშავეთა შორის შეირაცხა და მათი ხელით მოკვდა, ჩვენ ცოდვილნი და არაწმინდანი რითი ვმედიდურობთ, როგორ ვამბობთ, რომ ესა თუ ის ადამიანი არ იმსახურებს ჩვენგან შენდობას, მიტევებას, არ არის ღირსი ჩვენი სიყვარულისა? განა ამ სიტყვებით თვით უფალს არ გმობ, არ უარყოფ? თუ ერთი ადამიანის მოქცევისთვის მთელი ზეცა ხარობს, მაშინ იცოდე, რომ მისი სიძულვილისათვის ზეცას მტრობ და ჯოჯოხეთს ახარებ. როგორც შენ აპატიებ სხვას, ასევე გაპატიებს შენც უფალი. ნუ განარჩევ უცხოტომელს, წარმართს, ბოშას, სექტანტს და თითოეულ ადამიანს მისი ღირსების მიხედვით, არ ეზიარო მათ ცრუ რწმენასა და ბოროტ საქმეებს, მაგრამ თავად ისინი გიყვარდეს, ისე მოექეცი, როგორც უფალს ესათნოება, როგორც ქრისტე მოექცეოდა შენს შემთხვევაში. გაიხსენე, რომ შენც შეუფერებელი ხარ ღვთისშვილობისა, არ იმსახურებ, ქრისტიანი გერქვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოსყიდული ხარ მაცხოვრის წმინდა სისხლით. თუ ჩვენ მხოლოდ ჩვენი კეთილისმსურველნი გვეყვარება, ამაში არაფერია საკვირველი, რამეთუ მკვლელსაც, მრუშსაც, წარმართსაც უყვარს ისინი, ჭეშმარიტი ქრისტიანი მაშინ ხარ, როდესაც ცდილობ, მოძულე მტერი, უცხოტომელიც შეიყვარო, ასე გვასწავლის ქრისტე. როდესაც შეგიძლია შეუნდო და ადვილად აპატიო მას, ვისაც უყვარხარ, ეს არ არის ნამდვილი სიყვარული, რადგან ამ დროს გიყვარს შენი თავი და არა მოყვასი, რადგან მისდამი შენი სიყვარული მასზევეა დამოკიდებული, მერყევია - თუ უყვარხარ, შენც გიყვარს, თუ კარგად გექცევა, შენც ასევე ექცევი. ჭეშმარიტია ისეთი სიყვარული, მტკიცეა ისეთი ერთგულება, როდესაც სხვისი ყვედრების შემდეგ მის მიმართ სიყვარული არ შეგიმცირდება, არ გაგინელდება.

ნუ დაიწყებ იმით, რომ მტერი გიყვარდეს, რადგან ეს სრულყოფილებაა, არამედ შეეცადე, ჯერ ახლობლები, მშობლები, ცოლ-შვილი, ნათესავები შეიყვარო ისე, როგორც საჭიროა, ეცადე, არ გძულდეს არავინ და თუ ამას შეძლებ, იცოდე, ახლოს ხარ მტრის სიყვარულთან. როგორც ვერ შეძლებ ყინულზე სრიალს, თუ ჯერ მიწაზე არ დგახარ მყარად, როგორც კითხვა არ უსწრებს წინ ანბანის შესწავლას, ასევე შეუძლებელია გიყვარდეს მტერი, როდესაც არ გიყვარს ახლობელი, მოყვასი შენი. გონიერი ადამიანი მტერში მომავალ მეგობარს ხედავს, როგორც ერთი ბრძენი ამბობს: არავინ არ არის შენი მტერი, ყველა შენი მასწავლებელია.

"როგორ გამოიხატება ჩვენი ბუნების დაცემულობა? იმით, რომ ადამიანს შეუძლია ბუნებით მხურვალედ უყვარდეს მოყვასი, მაგრამ როდესაც ეუბნებიან, ისე უნდა უყვარდეს, როგორც სახარება უბრძანებს, ამისთვის საკუთარ თავზე საშინელი ძალდატანება უხდება. წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღვთისმიერი. წმინდა სიყვარული არის სულიწმინდისმიერი მოქმედება, რომელიც გულის განწმენდის კვალდაკვალ მასში დაიმკვიდრებს. ამ წმინდა სიყვარულის მიზეზი არ არის ხორცი, არც სისხლის დუღილი, არც გრძნობის კარნახი, არამედ ღმერთი. მოყვასის სიყვარული სიყვარულის შენობის ქვაკუთხედია, თუ მას საკუთარ თავში გააღვიძებ, ღვთის სიყვარულის მოხვეჭასაც მოახერხებ".
(წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი)

როგორც ყოველ მცირე ცოდვას დიდ შეცოდებამდე მიყავს ადამიანი, ასევე სიყვარულიც მცირედით იწყება და დროთა განმავლობაში სრულყოფილებად იქცევა. ჯერ შეეცადე, აღმოფხვრა შენში არსებული მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა, შური, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს და ამის შემდეგ შეძლებ უმაღლესის მიღწევას.

უსიყვარულობაა სათავე ყოველგვარი ბოროტებისა, ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, ყველა ადამიანი ისე გვიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი, მშობლები და ახლობლები, განა მკვლელობა, მრუშობა, ამდენი სისაძაგლე მოხდებოდა? როგორც გიყვარს ადამიანი, ისევე გიყვარს ღმერთიც, რადგან უფლის სიყვარული ჯაჭვივით არის გადაბმული მოყვასის სიყვარულთან და ვინც ამ ჯაჭვს წყვეტს (როდესაც ამბობს, რომ სძულს ან არ უყვარს ესა თუ ის ადამიანი), შორდება როგორც ღმერთს, ასევე მოყვასს, რამეთუ მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღვთის სიყვარულისკენ მივყავართ. ქრისტე განკაცდა ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი ღმერთი, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთკაცია იგი. როგორც მაცხოვარში შეერთდა, შეუმტკიცდა ერთმანეთს ღვთიური და კაცური ბუნება, ასევე ჩვენს გულებშიც უნდა გაერთიანდეს, შეერწყას ღვთისა და მოყვასის სიყვარული. მოვიძულოთ ბოროტება ადამიანში და არა ადამიანი ბოროტებაში.

სიყვარულისთვის უცხოა ზიზღი. როგორც შეუძლებელია ორი ბატონის მსახურება, როგორც არ შეიძლება ღმერთსაც ეკუთვნოდე და ეშმაკსაც, ასევე ადამიანს, რომლის გულიც მდიდარია ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, არ შეიძლება სძულდეს ვინმე.

ადამიანი ხშირად საკუთარ თავს იოლად პატიობს დანაშაულს, შეცდომას, სხვას კი იმავე შემთხვევისთვის სასამართლოს მოუწყობს, თავისთვის ღვთისაგან წყალობას ითხოვს, სხვისთვის კი სამართალსა და სასჯელს - ესეც უსიყვარულობის ბრალია. პატიება, შენდობა, მოწყალება ყოველთვის სიყვარულთან არის დაკავშირებული, ხოლო შური, განკითხვა, ტკივილის მიყენება - მის ნაკლებობასთან. როდესაც სხვის უსამართლობაზე განრისხდები, გაიხსენე, რომ თავადაც უსამართლო ხარ ღვთის წინაშე, არ ხარ მისი პატიებისა და სიყვარულის ღირსი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან უყვარხარ, ზრუნავს შენზე. როდესაც შეძლებ, დამნაშავეს შეუნდო, არ გაიხსენო მისი შეცოდება, იცოდე, სიყვარული მოგიპოვებია. პატიება, მოთმენა დასაწყისია სიყვარულისა, რადგან იმდენად გიყვარს, რამდენიც შეგიძლია აპატიო შემცოდეს. მოთმინება, სულგრძელობა შობს გამოცდილებას, გამოცდილება - ჩვევას, ჩვევა მეორე ბუნებაა კაცისა, რომელიც მას აუცილებლად სიყვარულის ნაყოფს მოუტანს. გონიერი და ბრძენია შენდობის ნიჭის მქონე, ეს უდიდესი მადლია, სინანულის ნაყოფია, რადგან ჭეშმარიტმა მონანულმა უწყის გემო მიტევებისა, შენდობისა. პატიება არის განახლება, გასუფთავება, ახალი ნათლობა ადამიანისა. რომ არა ეს უდიდესი წყალობა ღვთისა, ვერავინ შეძლებდა ცხონებას და არც კაცთა მოდგმა იარსებებდა აქამდე. შენდობა შვილია სიყვარულისა, გამოხატულებაა მისი, რამეთუ სადაც არ არის მიტევება, იქ არ არის სიყვარული და სადაც არ არის სიყვარული, იქ არ სუფევს ღმერთი. "და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა" - უფალო, გვაპატიე ჩვენი შეცოდებანი შენს წინაშე, ისე როგორც ჩვენ ვაპატიებთ მათ, რომლებიც დამნაშავენი, მოვალენი არიან ჩვენს წინაშე. უფრო ზუსტად, როგორც შენ გიყვარს ადამიანები და პატიობ მათ, ასევე ჩვენც შევიყვარებთ თითოეულს შენი ძალითა და მადლით და მივუტევებთ ჩვენს წინაშე ჩადენილ უსამართლობას.

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს კარგად იცნობს, სხვაზე არასოდეს განრისხდება, რამეთუ ვერაფერს ხედავს მოყვასში ისეთს, რაც თავად არა აქვს განცდილი. ხშირად სხვისა ის გვაღიზიანებს, რასაც გამუდმებით თვით ჩვენ ვჩადით, ამიტომაც ამბობს სიბრძნე სოლომონისა: საკუთარი თავის მომრევი, ქალაქის ამღებს სჯობია, რადგან საკუთარ თავზე გამარჯვება შენში სიყვარულის გამარჯვებაა და როდესაც სიყვარულით მოქმედებ, ყველგან და ყველაფერში მართებულად მოიქცევი, ირგვლივ ყველა გეყვარება. ვინც საკუთარი ვნება, უსამართლობა და სისასტიკე დაძლია, ჭეშმარიტად მას უყვარს მოყვასი თვისი. ნუ გაიკვირვებ, ზიზღს ნუ მოგგვრის სხვისი ცოდვა, დაცემულობა, რადგან თუ მადლმა მიგატოვა, იცოდე, ყველას გადააჭარბებ ბოროტებაში. კარგად დააკვირდი საკუთარ თავს და მიხვდები, რომ ის, რაც შენს მოყვასში არ მოგწონს, გმობ და განიკითხავ, ყოველივე თავად შენშია. ათვლა ნულიდან იწყება, სიარული - ნაბიჯით, მტრის სიყვარული და მოყვასისადმი თავის გაწირვა - არსიძულვილით, არგანკითხვით და საკუთარი თავის შეცნობით.

როგორც ახალბედა მთამსვლელი დასაწყისშივე არ შეეცდება უმაღლეს მწვერვალთა დაპყრობას, არამედ მცირეთი იწყებს და ნელ-ნელა უახლოვდება დიდ სიმაღლეებს, ასევე "სულიერმა მთამსვლელმაც", რომელსაც სურს სიყვარულის მწვერვალის დაპყრობა, აუცილებელია დაიწყოს მცირეთი.

ჩვენ, ქრისტიანები, ყველანი მთამსვლელები ვართ, რომელნიც სულიერი მწვერვალისაკენ მივისწრაფვით, თოკები, რომლებითაც ამ მთაზე ვართ მიმაგრებულნი, ღვთისა და მოყვასის სიყვარულია. გზაზე ათასგვარი დაბრკოლებაა: ხან ქვათა ცვენა, ხან კი მეწყერი - ეს ბოროტის მანქანებაა, ხელი რომ შეგვიშალოს მწვერვალისაკენ სწრაფვაში, მაგრამ ვინც რწმენით, სიფრთხილით, მოთმინებითა და სიყვარულით მიაბიჯებს ამ ძნელ გზაზე, აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს - ცხონებასა და სიყვარულს. ამინ!
ბეჭდვა
1კ1