რასაცა შეჰკრავთ
რასაცა შეჰკრავთ
"და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისა ცათაისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ჰხსნილ იყოს იგი ცათა შინა".

ქრისტე, ვითარცა ღმერთი და ძალაუფლების მქონე, ამბობს: "როგორც მამამ გიბოძა გამოცხადება, ასევე მოგცემ მე გასაღებს". გასაღებში ცოდვათა შემკვრელი და გამხსნელი მიტევებანი ან აკრძალვანი იგულისხმე, რადგან მათ, ვინც, მსგავსად პეტრესი, ეპისკოპოსობის მადლის მიღების ღირსი გახდა, მიტევებაც ხელეწიფებათ და შეკვრაც. თუმცა მხოლოდ პეტრეს მიმართ თქვა: მიგცნე შენ, - მაგრამ ყველა მოციქულს მიეცა; როდის? როცა უფალმა უთხრა მათ: "ვისაც თქვენ მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ". "მიგცნე" მომავალ ანუ აღდგომის შემდგომ დროს აღნიშნავს, ზეცად სათნოებანი იწოდება, ხოლო მათ გასაღებად - ღვაწლნი, რადგან სათნოებათაგან თითოეულში, თითქოსდა გასაღებს ვარგებდეთ, ღვაწლით შევდივართ. თუკი ჩვენ მხოლოდ ვიცით, რა არის სიკეთე, მაგრამ საქმით არ ვჩადით, ე.ი. მხოლოდ ცოდნის გასაღები გვაქვს და გარეთ დავრჩებით. ცათა ანუ სათნოებათა შინა შეკრულია ის, ვინც მათში არ შეაბიჯებს, ხოლო გახსნილი - ვინც გულმოდგინეა. მაშ, ნუღარ შევცოდავთ, რათა საკუთარმა ცოდვებმა არ გაგვთოკოს.

"ეუბნება უფალი წმინდა პეტრეს - ჩემი ამაღლების შემდგომ, როგორც სახლის მმართველს, მოგცემ შენ ცათა სასუფევლის კლიტეთ, - დაგადგენ შენ და შენთან ერთად - ჩემს სხვა მოციქულებს ჩემი ეკლესიის მცველებად; თქვენ მასში შეუშვებთ იმათ, ვისაც ღირსეულად მიიჩნევთ, იქნებიან ისინი იუდეველნი თუ წარმართნი, თქვენ დახურავთ და დაიცავთ მის კარებს იმათგან, რომელნიც უღირსნი იქნებიან. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, შენ, პეტრე, და ასევე ყოველმა თქვენგანმა, ჩემმა მოციქულებმა, ყველაფერს, რასაც კი აკრძალავთ, როგორც ჩემი სამეფოსთვის შეუფერებელს, როგორც ზეციური ცხოვრებისთვის გამოუსადეგარს, - ჩემგანაც კრულ იყოს იგი, აიკრძალოს, უცხოდ იქნეს მიღებული ცათა შინა; და რომელი განჰხსნა შენ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ჩემგანაც ცათა შინა. მე მოგცემთ თქვენ და თქვენს შემდგომ - თქვენს მემკვიდრეებს უფლებას მიტევებისა და არმიტევებისა. ვისაც შეუნდობთ, იმას შეენდობა, ხოლო ვისაც არ აპატიებთ და დაუტოვებთ, დარჩება. ქრისტე ჰპირდება პეტრეს მიცემას იმისა, რაც კუთვნილებაა მხოლოდ ღმერთისა: მიტევებას ცოდვებისა, დაფუძნებას ეკლესიისა შეურყვნელად უამრავ მღელვარებათა შორის და უბრალო მეთევზის წარმოდგენას ყოველგვარ კლდეზე უმტკიცესად, როცა მის წინააღმდეგ აღდგება მთელი ქვეყნიერება".

უფალი მიმართავს მარტო პეტრე მოციქულს იმიტომ, რომ მან სხვებზე უწინ აღიარა იგი ღვთის ხორცშესხმულ ძედ. "ნუთუ, - კითხულობს ნეტარი ავგუსტინე, - ის გასაღებები მიიღო პეტრემ და არ მიიღო პავლემ? პეტრემ მიიღო, ხოლო იოანემ, იაკობმა და სხვა მოციქულებმა არ მიიღეს? განა ის გასაღებები ეკლესიაში არ არის, სადაც ყოველდღიურად ხდება პატიება ცოდვებისა? ეს გასაღებები და უფლება შეკვრისა და გახსნისა მიიღო არა ერთმა რომელიმე ადამიანმა, არამედ ერთიანმა მსოფლიო ეკლესიამ". პეტრე მხოლოდ პირველია თანასწორთა შორის.

ეკლესიიდან განდევნილი, შეუნდობელი, გაუხსნელი, ეკლესიის უფლებით აქ, დედამიწაზე შეკრული ადამიანი, ანათემას გადაცემული, იმ ქვეყნის წინაშეც წარდგება, როგორც შეუნდობელი, გაუხსნელი, თავისი ცოდვებით შებორკილი. უფალი ეუბნება თავის მოციქულებს, რომ ვისაც ხელახლა მიიღებთ ეკლესიაში სინანულით, იმას მეც მივიღებ, როგორც ჩემს სამწყსოს; თქვენი გადაწყვეტილება დამტკიცდება ზეცას. "წმინდა ოქროპირი ამბობს, - როგორ უბედურებას სწევს თავნებას - აქაურ სასჯელსაც და მომავალ წამებასაც. უფალი იმიტომ კი არ იმუქრება, რათა ასე მოხდეს, არამედ რათა მუქარით შეშინებული, ეკლესიიდან განკვეთის შიშითა და ზეცაში შეკვრის საფრთხით, მოტყდეს და დათმოს რისხვა. მაცხოვარმა დაადგინა პირველი, მეორე და მესამე სასამართლო და უცებ არ განირიდა ცოდვილი, რათა თუ არ შეისმენს პირველი განსჯისას, დაემორჩილოს მეორეს, ხოლო თუ მოიძულებს ამასაც, მაშინ იქნებ მესამეს მაინც შეუშინდეს; თუ არაფრად მიიჩნევს ამ უკანასკნელსაც, მაშინ იქნებ შეაძრწუნოს მომავალმა სასჯელმა, ღვთის განგებულებამ და მსჯავრმა".

რაოდენ დიდ უფლებებს აძლევს უფალი მოციქულებს, მათი სახით კი ყველა მათ მიმდევართ - ეკლესიის მოძღვართ! ვის შეუძლია ცოდვების პატიება ღმერთის გარდა? მაგრამ აი, განხორციელებულმა ღვთის ძემ ეს ღვთიური უფლება მიანიჭა ეკლესიის ყველა მოძღვარს და თავისი აღდგომის შემდგომაც კიდევ ერთხელ დაამოწმა: "მიიღეთ სული წმიდა, უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდუანი, მიეტევნენ მათ; და უკეთუ ვიეთმინე შეიპყრნეთ, შეპყრობილ-იყუნენ" (ინ. 20, 22-23). ჭეშმარიტად, ღვთიური სიმართლეა! "მღვდლები, რა თქმა უნდა, სახლობენ აქ, დედამიწაზე, მაგრამ შეუძლიათ განაგონ ზეციური; იმათ მიიღეს ისეთი ხელმწიფება, როგორიც ანგელოზებისათვისაც არ მიუცია ღმერთს, რამეთუ ანგელოზთათვის მას არ უთქვამს: "რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა". შეკვრის უფლება აქვთ იმათაც, დედამიწაზე რომ მბრძანებლობენ, მაგრამ მხოლოდ სხეულისა; ხოლო მღვდელთა უფლება ეხება სულებს და ადის ზეცამდე, რადგან რამდენ წილსაც მღვდელმსახურნი განსაზღვრავენ, ღმერთი იმდენ მწუხარებას ადგენს, და ასე მეუფე ეთანხმება თავისი მონების მოსაზრებებს".

"მამამ მთელი სასამართლო მისცა ძეს; ძემ მთელი ეს სასამართლო მისცა მღვდლებს... ახალი აღთქმის მღვდლებმა მიიღეს უფლება იყვნენ არა მხოლოდ მოწმეები განწმენდილთა, როგორც ძველი აღთქმის მღვდლები, არამედ განსაწმენდადაც სულისა".
ბეჭდვა
1კ1