ფრთხილად ვიყოთ, რათა იმ გადამწყვეტ ჟამს იგივე არ დაგვემართოს, რაც გადახდა ათ ქალწულს, ქორწილში რომ იყვნენ მიწვეულნი
ფრთხილად ვიყოთ, რათა იმ გადამწყვეტ ჟამს იგივე არ დაგვემართოს, რაც გადახდა ათ ქალწულს, ქორწილში რომ იყვნენ მიწვეულნი
სახარებაში მღვიძარებისა და უგულისყურობის საუკეთესო მაგალითია იგავი ათ ქალწულზე.

განკითხვის დღეს, როცა უფალი უეცრად მოევლინება ქვეყანას, როგორც ფარისეველთა და ურწმუნოთა მამხილებელი, თვით მორწმუნეთაც მოუვლენს უკანასკნელ გამოცდას და იმის მიხედვით, გაუძლებენ თუ არა ისინი, მიიღებს მათ ანდა სამუდამოდ განეშორება. ფრთხილად ვიყოთ, რათა იმ გადამწყვეტ ჟამს იგივე არ დაგვემართოს, რაც გადახდა ათ ქალწულს, ქორწილში რომ იყვნენ მიწვეულნი. "აღიხუნეს ლამპარნი თვისნი, - მოგვითხრობს სახარება, - და განვიდეს მიგებებად სიძისა", - მოემზადნენ სიძის შესახვედრად, რომელიც ღამით უნდა მისულიყო სასძლოს სახლში; ხუთი მათგანი იყო ბრძენი, წინდახედული, კეთილგონერი, ხოლო ხუთი - დაუდევარი, უგუნური და უზრუნველი. "მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი" - არ წაიღეს საწვავის მარაგი, რათა, თუ სიძეს შეაგვიანდებოდა, სანათურები არ ჩაჰქრობოდათ; "ხოლო ბრძენთა მათ მიიხუნეს ზეთი ლამპართა მათთა თანა". სიძეს მართლაც შეაგვიანდა. ქალწულებს ჩასთვლიმათ ("მიერულა ყოველთა"). ისინი მშვიდად იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი მზად ჰქონდათ, რათა, ჟამი რომ დადგებოდა, სიძეს საკადრისად მიჰგებებოდნენ. წარმოიდგინეთ უგუნურ ქალწულთა შეშფოთება, როცა "შუაღამესა ოდენ ღაღადებაი იყო", - როცა გარედან მოისმა ხალხის მხიარული შეძახილები: "აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა!" წამოდგნენ ქალწულნი და აღიღეს ლამპარნი, რომლებსაც ამასობაში უკვე მიხდოდათ სხივი. კეთილგონიერმა ქალწულებმა სანათურები ზეთით აავსეს და ისინიც კვლავ აინთო, უგუნურთ კი ზეთი არ ჰქონდათ. "ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან". მაგრამ დრო ცოტა იყო, ბრძენი ქალწულები თავიანთი სანათურების გამართვას ჩქარობდნენ, უგუნურ მეგობრებს კი მიუგეს: გაგიყოფდით, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია - "ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროისღა წარვედით სავაჭროდ, და იყიდეთ თავისა თქუენისა". უგუნურ ქალწულებს სხვა რა გზა ჰქონდათ - უსანათუროდ სიძეს ვერ მიეგებებოდნენ, ამიტომაც ზეთის შესაძენად წავიდნენ. "და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი ქალწულნი", რომელთა ხელშიც ანათებდა გამართული სანათურები, "შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას". დაიწყო ლხინი და დაიხშო კარი. ამასობაში უგუნური ქალწულები, ამაოდ რომ ეძებდნენ ზეთს, რადგან ღამით არ ვაჭრობენ, უკან მობრუნდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

რას ნიშნავს "მიერულა ყოველთა და დაიძინეს"?

წმინდა მამათა სწავლებით, "ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლისას ყველა ქრისტიანი დაიძინებს... ანდა უზრუნველობას მიეცემა, რწმენაში გაგრილდება; ეს სიტყვები შეგვახსენებს მხოლოდ ქრისტიანთა მუდმივ მოვალეობას, მუდამ მზად იყვნენ უფალთან შესახვედრად".

"ხოლო შუაღამესა ოდენ ღაღადებაი იყო" - ეს ის ღაღადისია, პავლე მოციქული რომ ამბობს: "ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთ მთავრისათა და საყვირითა ღმრთისაითა გარდამოხდეს ზეცით" (1 თეს. 4:16). უფალი გარდამოვა ზეცით, გარდამოვა ანგელოზთა თანხლებით, რომლებიც ზეციური სასიძოს მეგობრები არიან; თან იახლებს საპატარძლოს - მოზეიმე ეკლესიის წმინდანებს, და დაელოდება სალამს მებრძოლი ეკლესიისა, რომელიც ჯერ კიდევ მიწაზე იღვაწებს.

ღაღადება შუაღამისას გაისმა... ებრაელებს სწამდათ, რომ მესია შუაღამისას მოვიდოდა, მსგავსად მათ წინაპართა ეგვიპტიდან გამოსვლისა. ეს სიტყვა ცოცხლად ასახავს უფლის მეორედ მოსვლის უცაბედობას, მოულოდნელობას. და თუ ამ დროს ჩვენივე საქმენი გვიღალატებს, მაშინ ვერაფერი გვიშველის. ქალწულებიც შეუძლებელს ეჭიდებიან... ამაზე ბრძანებდა ნეტარი აბრაამი: "შორის ჩვენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაითა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ხელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად" (ლუკა 16:26).

უფალი ცდილობს, აგვარიდოს ასეთ ხვედრს და მოგვიწოდებს: "იღვიძებდეთ უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი". "ხედავ, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - რა ხშირად იმეორებს იესო ქრისტე ამ სიტყვებს? ამით ის გვაჩვენებს, რომ სიკვდილის ჟამის არცოდნა სასარგებლოა ჩვენთვის. სად არიან ისინი, უზრუნველ ცხოვრებას რომ ეწევიან და იქადიან, გარდაცვალებისას ყველაფერს ღარიბებს დაუტოვებთო? დაე, მოისმინონ ეს სიტყვები და გამოსწორდნენ. ბევრი, ძალიან ბევრი ისე უეცრად მიიტაცა სიკვდილმა, რომ ახლობლებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოასწრეს". ამიტომ ხშირად ვიმეოროთ გულში ეს სიტყვები: "აჰა, ესერა სიძე მოვალს შუა ღამესა, და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ; ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით. იხილე, სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღიმსთუე შუაღამესა და ჰხმობდი: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ".

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1