ჭეშმარიტი სინანული უფალთან გვაბრუნებს
ჭეშმარიტი სინანული უფალთან გვაბრუნებს
წმინდა წერილიდან ვიცით, რომ პირველ ადამიანებს მხოლოდ მცნების დარღვევისათვის არ დაუკარგავთ ღმერთთან სიახლოვე, არამედ სინანულის უქონლობის გამო. ამიტომაც იყო, რომ უფლის წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი, სინანულითვე სთავაზობდა ადამიანებს სასუფევლის კარის შეღებას: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მთ. 3-2).

წმინდა მამები სინანულს "ნათლობის განახლებას" უწოდებენ. ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით შევდივართ ტაძარში, ვადგებით ღვთის სასუფევლისაკენ მიმავალ გზას. მეორედ ნათლობის - სინანულის წყალობით, კი ადამიანს შეუძლია, ცოდვისგან განიწმინდოს, დაცემული აღდგეს, და უფლისაკენ მიმავალ გზას დაუბრუნდეს. რაც უფრო გვიანდება სინანული, მით უფრო ვშორდებით ღმერთს. ბევრმა არ იცის, თუ რა არის სინანული, რა არის მისი არსი, რა უნდა მოვინანიოთ. სინანული არაა ფორმალური აღსარება, რომელსაც ჩვენ ძირითადად დიდი დღესასწაულების წინ აღვასრულებთ. საზოგადოდ, სინანული ცოდვის ნაყოფია. ხშირად ცოდვა მხოლოდ რაიმე კანონის დარღვევა ან ღვთისა და მოყვასის წინაშე რაღაც მოვალეობის შეუსრულებლობა გვგონია. მაგრამ ის უფრო ღრმა მოვლენაა. ცოდვის ჩადენისთანავე ადამიანი გარბის უფლისგან. ცოდვა არა მხოლოდ უკანონობა და საღვთო სჯულის დარღვევაა, არამედ ისიც, რაც ადამიანს ღვთისა და ეკლესიისაგან განაშორებს და აუცხოებს. სინანული ცხოვრების შეცვლას, ცოდვის მთელი გულით უარყოფას ნიშნავს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოდვის გზამ, რომელსაც აქამდე ვადექით, შემოქმედს დაგვაშორა და დაღუპვისაკენ მივყავართ. მღვდელმოწამე კოზმა ეთოლიელი ამბობს: "თუნდაც ყველა მღვდელმა, მღვდელმთავარმა, პატრიარქმა და მთელმა სამყარომ შეგინდოს, შენდობილი მაინც არ იქნები, თუ საქმით არ შეინანებ"; ანუ თუ ცოდვას არ განვეშორებით და ცხოვრებას არ შევიცვლით, ჩვენი სინანული ჭეშმარიტი ვერ იქნება.

ბეჭდვა
1კ1