ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში
ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში
"საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე".

როცა ვიზრდებით, ვიძენთ გამოცდილებას და ცოდნას, მაგრამ პარალელურად ვკარგავთ უძვირფასესს, ბავშვობას... რა არის ბავშვობა, რას ვკარგავთ? რა არის ის, რაზეც თვით უფალი იესო გვასწავლიდა და გვეუბნებოდა: "მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში".

ბავშვობა ის ბედნიერი პერიოდია, რომელიც ყველამ გამოვიარეთ. ბავშვობისდროინდელი მოგონებების თუნდაც წამიერი გახსენება ყველას დიდ სიამოვნებას გვგვრის. ალბათ, ამიტომაა, რომ უმრავლესობას ხშირად გაგვჩენია ბავშვობაში დაბრუნების სურვილი. ეს ის დროა, როცა არაფერი გვადარდებს და მხოლოდ იმას ვფიქრობთ, როგორ გავერთოთ თანატოლებთან. ამბობენ, როცა ბავშვი ხარ, არ უნდა იფიქრო მომავალზე, თორემ ბავშვობა გვერდით ისე ჩაგივლის, ვერც კი გაიგებო. ასეცაა. პატარა მომავალზე ნაკლებად ფიქრობ, ამას შენს ნაცვლად სხვები აკეთებენ, ისე გეგმავენ შენს უზრუნველ მომავალს, რომ ამას ვერც კი ხვდები. როგორც კი მომავალზე ვიწყებთ სერიოზულად ფიქრს, ტკბილი ბავშვობიდან ერთი ნაბიჯი იდგმება არც თუ ისე ,,ფერად" და ,,სუფთა" სამყაროში.

და მაინც, ყველაზე მეტად ბავშვობა ჩემთვის სისუფთავესთან ასოცირდება. ამ დროს ყველაზე ახლოს ვიყავით უფალთან. იმის შიშით, რომ ცხვირი გაგვეზრდებოდა, ბავშვობაში ტყუილის თქმას ვერიდებოდით, "დიდობაში" კი სიცრუე ლამის ცხოვრების წესად გვექცა. უფროსებისთვის შესაშურად გულწრფელები ვიყავით, ვიცოდით, რაიმეს დამალვას აზრი არ ჰქონდა, დედ-მამა ჩვენი თვალებიდან მაინც ყველაფერს "წაიკითხავდა". ადვილად გვავიწყდებოდა წყენა, მარტივად ვპატიობდით. ვიღებდით უზომო სითბოს და სიყვარულს და იგივეს ვასხივებდით გარშემო. მულტფილმის, ხშირად კი ფილმის გმირებსაც კეთილისა და ბოროტის მიხედვით ვყოფდით, მერე გულისფანცქალით ველოდით, როდის გაიმარჯვებდა სიკეთე ბოროტებაზე. ეს მაშინ ჩვენთვის გარდაუვალი დასასრული იყო. გავიზარდეთ და აღმოჩნდა, რომ, ხანდახან შეიძლება პირიქითაც მოხდეს... ბავშვობაში ემოციებით ვცხოვრობდით, მივდიოდით იმასთან, ვისგანაც სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდით, ახლა კი, არცთუ იშვიათად მხოლოდ იმის გამო მივდივართ ერთმანეთთან, რომ რაღაცას ველით...

ვტოვებთ ბავშვობას და ცხოვრება გვცვლის. თანდათან "ვუმეგობრდებით" "უწყინარ ცოდვებს", ვირგებთ ისეთსავე ნიღბებს, ჩვენს ბავშვობაში უფროსებს რომ ეკეთათ, ჩვენ კი მათი ნამდვილი სახე გვეგონა.

რატომ გვენატრება ხშირად ბავშვობა, რატომ ვოცნებობთ მის დაბრუნებაზე? იმიტომ ხომ არა, რომ იმ პასუხისმგებლობებისა გვეშინია, რომლებიც გაზრდილებს ცხოვრებამ აგვკიდა?! ან იქნებ ჩვენი თავი გვენატრება შეუნიღბავი, დაუსვრელი, ცოდვებისგან შორს მდგარი?! ბავშვობაში ხომ გული სუფთაა, სული კი თავისუფალი. შესაძლოა, ორივე ერთად!


ბეჭდვა
1კ1