წერილები დედას
წერილები დედას
ბერი ერმოლაოსი
რისთვისაც ვარ მონასტერში, ის არსად ისწავლება
ვერ წარმოიდგენ, როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა , სადაც მწერ, რომ ლოცულობ ჩემთვის. ეს მშვენიერია არა იმიტომ, რომ ჩემთვის ლოცულობ, არამედ იმიტომ, რომ უკვე იცი ლოცვის ფასი, რომ საერთოდ ლოცულობ. ილოცე, დედა, დაუღალავად ილოცე, თუნდაც ღმერთი პასუხად სდუმდეს. ნუ გაგიცრუვდება იმედი, ნუ გაჩერდები, გწამდეს, ადამიანთა ფარისევლურ ღიმილსა და ყალბ თანაგრძნობასთან შედარებით, ღვთის დუმილი უდიდესი ნეტარებაა. იცოდე, ის სდუმს არა იმიტომ, რომ შენი არ ესმის ან შენ არ უყვარხარ, არა და არა, მისი დუმილი ეს უდიდესი სიყვარულით სავსე მზერაა, ის დიდი თანაგრძნობით და სიყვარულით გიყურებს შენ, წონის შენს მოთმინებას და შენი რწმენის სიმტკიცეს, ამოწმებს შენს უანგარობას. ამიტომ ილოცე მოთმინებით და დაუღალავად. არაფერს მოაქვს ადამიანისთვის ისე უხვი მოსავალი, როგორც მტკიცე რწმენით აღვლენილ განუწყვეტელ ლოცვას. და თუნდაც, ღვთის პასუხის მოლოდინში, მთელი ცხოვრება დაილიოს, ეს არაფერია მოსალოდნელ ჯილდოსთან შედარებით. გარდაცვალების მერე აუცილებლად წარვდგებით უფლის წინაშე და მაშინ, თავად ადვილად წარმოიდგენ, თუ როგორ დაგვაჯილდოებს უფალი ჩვენი მოთმინებისა და უანგარობისთვის. ჩვენი სიცოცხლე ესკალატორს ჰგავს, რაც მეტია ჩვენი ამაყი ძალისხმევა ავიდეთ მაღლა, მით მეტი სიჩქარით მოექანება ის ქვემოთ, მხოლოდ უფლის მადლი გვაძლევს ძალას ამ დაუსრულებელ წინააღმდეგობას თავი დავაღწიოთ. ღვთის მადლის მოპოვება კი მხოლოდ სამი საშუალებით შეიძლება: ურყევი რწმენით, უანგარო სიყვარულით და განუწყვეტელი ლოცვით. მხოლოდ ის, ვისაც სწამს იესო ქრისტე, ვისაც ღმერთი და ადამიანები უანგაროდ უყვარს, ვისაც შეუძლია მოთმინებით ლოცვა, მოიპოვებს უფლის მადლს!
16.08.2003წ.

საიმედო და სასიხარულოა შენი წარმატებები სულიერების გზაზე. არ შეჩერდე, არ შედრკე, არ დაეჭვდე, ეს გზა სიცოცხლის გზაა, უფლის გზაა და ის ზეციურ იერუსალიმში მიგიყვანს. რაც უნდა გაგიჭირდეს, საკუთარი ხორცის კბეჩაც რომ მოგიწიოს, არ შეცბუნდე, ყოვლად შეუძლებელი რომ გეჩვენოს რწმენის შეკავება გულში, მაინც არ უარყო. მთელი დედამიწის მოსახლეობა რომ დაგიპირისპირდეს, არ დაუთმო და შენი ჯილდო უდიდესი იქნება. ოდნავ მაინც, მიახლოებით მაინც რომ იცოდე, თუ რა ბრწყინვალე ჯილდოა ეს, მაშინ... მაგრამ რომ არ იცი, ისე უნდა იწამო, უნდა მიიღო უფალი გულში, და მაშინ მოციქული პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ: "ესე ვიცით, რომ რომელმაც აღადგინა უფალი იესო ქრისტე, ჩვენც ასევე იესოსთან ერთად აღგვადგენს და ყველას ერთად წარგვადგენს თავის წინაშე... ამიტომ არ დავიღლებით ჩვენ, არამედ თუნდაც ჩვენი გარეშე კაცი განიხრწნების, შინაგანი განახლდების დღითიდღე, რადგან ჩვენი ახლანდელი გაჭირვების მცირე სიმძიმე გადამეტებულს და გარდარეულსაც დიდს დიდებას შეიქმს ჩვენთვის იმქვეყნად" (2 კორ 4, 17).
29.10.2002წ.

როგორმე შეეცადე, სული დაიმშვიდო, თორემ სულიწმიდა არ დაბრძანდება შენს გულში, უფალი იესო ქრისტე არ გესტუმრება, მხოლოდ მშვიდ სულში პოულობს ღმერთი ბინას. ვიცი, ძნელია, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს. ეჰ, ერთხელ მაინც რომ განახა, რა არის უფლის სტუმრობა, მერე ჩემი წერილი აღარ იქნება საჭირო, ყველაფერი ნათელი გახდება, შენი მოუთმენელი მოლოდინი ამ უბადრუკი სიტყვებისათვის კი არა, უდიადესი, უმშვენიერესი, ენით აუწერელი, უღრმესი და უსაზღვრო ნათელისთვის იქნება სრულიად განკუთვნილი, ახ, ნეტავ! გევედრები, უფალო, შენი ბრწყინვალების ზიარი გახადე თუნდაც ერთი წამით, გევედრები. იყავ ნება შენი! მაპატიე, მე, უღირსს კადნიერი თხოვნა. იყავნ ნება შენი!
12.11.2002წ.

მწერ, სწავლა ხომ არ გაგეგრძელებინაო, გპასუხობ, მე რისთვისაც ვარ მონასტერში, ის არსად ისწავლება. შენ მკითხავ ალბათ, რისთვის ხარ და რა მიზანი გაქვსო. გპასუხობ: ჩემი მიზანია, საკუთარი ცოდვების მონანიება და მაქსიმალურად შესაძლო ღვაწლით უფალთან დაახლოება. ეს არც სემინარიაში და არც აკადემიაში არ ისწავლება, ამას მხოლოდ უფალი თავისი მადლით ასაჩუქრებს მოღვაწეს და ისიც უღრმესი მონანიების და დაუღალავი ღვაწლის საფასურად, ამიტომ ჩემო კეთილო, ჩემი საქმე ახლა არის ლოცვა, ფხიზლობა, მარხვა, ჭირთა თმენა, საკუთარი სურვილების და აზრების დათრგუნვა, რომ როგორმე წლების მანძილზე დაბინძურებული ჩემი გული გასუფთავდეს და გაიწმინდოს, რომ უფალს - იესო ქრისტეს შეეძლოს იქ დაბრძანება, რომ სულიწმიდამ ინებოს ჩემში ცხოვრება. ეს უმძიმესი და ურთულესი ღვაწლია და ათეულობით, მოთმინებით, რწმენითა და სიყვარულით აღსავსე წელი სჭირდება.
20.10.2003

მეკითხები, ჩემი მოსვლა მონასტერში თუ შეიძლებაო. არა, დედა. ათონის მიწაზე ათასი წელია, ქალს ფეხი არ დაუდგამს და ღვთის ნებით და დედა ღვთისმშობლის მეოხებით, იმედი მაქვს, ასე იქნება კიდევ დიდხანს, თუმცა ბოლო დროს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ათონის იდილიას. ევროპარლამენტში და თვით საბერძნეთის პარლამენტშიც კი გაისმის სატანის მიერ ინსპირირებული ხმები, რომ შემოუშვან ქალები ათონზე, მაგრამ მჯერა, ათონის ბერმონაზონთა მფარველი წმინდა დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს ამას, ეს იქნება ათონის მონასტერთა სიკვდილი და მართლმადიდებლობის ეს უდიდესი ბურჯი ამით წაიქცევა, სწორედ ეს უნდათ სატანისტებს. და თუ მაინც მათ გაიმარჯვეს და ათონზე ქალები შემოვიდნენ, აქ ბერები აღარ გაჩერდებიან და საბოლოოდ დაიცლება ათონი, გახდება ისტორიული მუზეუმი, როგორც დაემართა მეტეორას მონასტრებს საბერძნეთის სამხრეთში. მეც ერთი დღე არ გავჩერდები აქ, აზრი არ ექნება, მაგრამ იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ათონური გარდამოცემით ბოლო ჟამი როცა მოაწევს, მაშინ სატანისტები იმძლავრებენ და ათონზე ქალებს შემოუშვებენ. იმ დღესვე ათონის მთა ჩაიძირება ზღვაში, ხოლო ივერიის ღვთისმშობლის ხატი ზღვით წაბრძანდება საქართველოში (ივერიაში), სადაც დაიწყება ბერმონაზვნური ცხოვრება-მოღვაწეობის ახალი ეტაპი, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლამდე გასტანს.

ბეჭდვა
1კ1