იგი ადამიანის გულშია მოკალათებული და იქიდან მართავს მოშურნეს
იგი ადამიანის გულშია მოკალათებული და იქიდან მართავს მოშურნეს
შური გამანადგურებელი გრძნობაა, რომელიც თხემით ტერფამდე მოიცავს ადამიანს და სიგრძე-სიგანით მსჭვალავს მის გულს. შური, პირველ ყოვლისა, თვით მოშურნეს ანადგურებს. ის ყველაზე მზაკვრული ცოდვაა, რომელსაც ადამიანი მწყურვალივით ეწაფება. მოშურნე ვერაფრით დაინახავს საკუთარ არსებაში ამ უდიდეს ცოდვას, რადგან ის ზედაპირზე არ დევს, ხელს ვერ შეახებ, არ ამხელს თავის თავს, არ არის ისე აშკარა, როგორც მრუშობის, მკვლელობის და სხვა ხილული ვნებები. იგი გულშია მოკალათებული და იქიდან მართავს ადამიანს, თანაც ისე, თითქოს იგი ყოველთვის მართალია: "მართალია", როცა სურს სხვისი ცოლი, სხვისი მანქანა, სხვისი ქონება, სხვისი ცხოვრება, სხვისი გარეგნობა, სხვისი წრე და "მართალია" იმიტომ, რომ უსამართლოდ არის მოკლებული ყოველივე იმას, რაც არა აქვს; "მართალია", რადგან სათანადოდ არ აფასებენ და ა.შ.

"წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა" - ასე განმარტავს ამ ვნებას სულხან-საბა ორბელიანი. რატომ უნდა წუხდეს ადამიანი სხვის სიკეთეზე? იმიტომ, რომ ჰგონია, თვითონ უფროა ღირსი ამ სიკეთისა, ეს კი ამპარტავნებაა. სწორედ ამპარტავნების ერთ-ერთი შტოა შური. ამ ცოდვის შესწავლა ფრიად სასარგებლოა ქრისტიანისათვის, ამის საშუალებას კი წმინდა წერილი სრული სისავსით იძლევა, დაწყებული აკრძალული ხის ნაყოფის ჭამით, რაც, წმინდა მამათა განმარტებით, გამოწვეული იყო ეშმაკის შურით ღვთის ქმნილებათა შორის აღმატებული ადამიანის მიმართ. გავიხსენოთ თუნდაც იოსების ძმების ღალატი და ფარისეველთა და მწიგნობართა შური მაცხოვრის მიმართ... მაგალითი უამრავია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვითვალისწინებთ.

შური ბოროტი და ორგულობით აღსავსეა. მან უკეთურებით აავსო ეს სოფელი. მისგან არის კაცისკვლა, ვერცხლისმოყვარეობა, ცუდადმზვაობრობა; მის გამოა ავაზაკობა და ძარცვა-ქურდობა; მის გამო შეიძლება წარწყმდეს ღვთისმოშიში ქვეყანა! ამიტომ გლოვა გვმართებს, რადგან ვერც ლოცვით გავხდით რამეს, ვერც სწავლით. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, - ახლა ტირილიღა დაგვრჩენია, როგორც მაცხოვარმა ყო, როცა ბევრი ასწავლა იერუსალიმის მკვიდრთ, მათ კი არაფერი შეისმინეს და ცრემლოოდა მათთვის. ჩვენც ვიგლოვდეთ, როგორც წმინდანები გლოვობდნენ, ვიგლოვოთ ესაიას თანა და ვთქვათ: "ვაი მათა, რომელნი შეაერთებენ სახლსა სახლთა და მიაახლებენ აგარაკსა აგარაკსა თანა, რაითამცა მოყვასისაი მიიტაცეს რაი"! ვიგლოვოთ ნაუმ წინასწარმეტყველის თანა და ვთქვათ: "ვაი მისა, რომელმან აღაშენოს სიმაღლედ სახლი თვისი"! ხოლო უმჯობესია, იესო ქრისტეს, ყოველთა მეუფის თანა ვთქვათ: "ვაი მდიდართა, რომელ მიუღებიეს სასყიდელი მათი".

შური თვალს უბრმავებს მისით ძლეულებს. როგორც გონდაკარგულები მრავალგზის თავს იკლავენ, ასევე მოშურნე წარწყმედს თავის ცხოვრებას. შურიანი კაცი უბოროტეს მხეცზე უარესია, რადგან მხეცი ბოროტისთვის მიაგებს ბოროტს, ხოლო შურიანი - კეთილისა წილ. ის მხეცზე უარესია და ეშმაკის სწორი, ეშმაკზე უარესიც კი, რამეთუ მათ ჩვენს მიმართ აქვთ განუწყვეტელი ბრძოლა, ხოლო ერთმანეთს არ ებრძვიან. ჩვენ საკუთარი ცოდვებისთვის უნდა ვწუხდეთ და არა სხვისი სიკეთისთვის. მეძავს მიზეზად გულისთქმა აქვს, მპარავს - სიგლახაკე, კაცის მკვლელს - გულისწყრომა. მართალია, ყველა ეს ცუდი მიზეზია, მაგრამ რაღაც მიზეზი მაინც არის. შურიანისთვის კი რა მიზეზი უნდა ვთქვათ? - არავითარი, უკეთურების სიმრავლის გარდა. შური სიძვასა და მრუშობაზე უძვირესია. შურის გამო მოკლა კაენმა აბელი, შურის გამო ეძიებდა მოკვლად ესავი იაკობს, შურით გაყიდეს ძმებმა იოსები, შურია მიზეზი ბოროტის განუწყვეტელი ბრძოლისა ადამიანის წინააღმდეგ. ზოგიერთი ზერელედ ეკიდება ამ ცოდვას. არადა, იგი სხვებზე უმძიმესია.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1