ნუ განიკითხავ!
ნუ განიკითხავ!
ნუ განიკითხავ, რამეთუ სხვათა განკითხვით განიკითხავ საკუთარ ბუნებას. ნუ განიკითხავ, რამეთუ განკითხვა სიკვდილია ადამიანური ბუნებისა. ნუ განიკითხავ, რამეთუ განკითხვით ეძებ განმართლებას, მაგრამ იპოვი სასჯელს. ნუ განიკითხავ, თუ გსურს, შეიმეცნო საკუთარი თავი და ის რეალობა, რომელშიც იმყოფები. განკითხვით კი შორდები და კარგავ საკუთარ თავს, უარყოფ მას, ვინც შენი ცოდვების გამო განიკითხეს და სიკვდილით დასაჯეს. ნუ განიკითხავ და ესვრი სხვას ქვას, რადგან თავად გახდები სიძულვილის მსხვერპლი. განკითხვა ხომ სიძულვილის ჩანასახია, სიძულვილი კი - სიკვდილისა. ნუ განიკითხავ, რადგან ამით განიკითხავ ცოდვილს და არა ცოდვას და თუ იტყვი, რომ ცოდვას ებრძვი მისით, მასავით ცრუ ხარ, რომელმაც ადამი მოატყუა სამოთხეში. ნუ განიკითხავ, რამეთუ ამით შენს ამპარტავნებას განამტკიცებ და საძირკველს უღრმავებ სულში. შეეცადე, შეისწავლო და დაუკვირდე საკუთარ თავს და მიხვდები, თუ როგორ ახლოს ხარ თითოეულ ადამიანთან საკუთარი ბუნებით. საკუთარ თავში იპოვი მთელ სამყაროს და გაცილებით ახლოდან შეხედავ მას, ვიდრე ამას ცდილობს სხვათა საშუალებით. ნუ განიკითხავ მოყვასს, არამედ განიკითხე საკუთარი თავი, რადგან ვერაფერს იპოვი სხვაში, რაც თავად არ გაგაჩნია... თუ გსურს ცოდვა განგეშოროს, ნუ დაემალები მას, დამალვა სწორედ განკითხვის ფესვშია დაფარული, არამედ ამხილე შენი უძლურება გამუდმებით და აღარ ისურვებს ის შენთან ,,მეგობრობას"... ეცადე, სიკეთე და დადებითი დაინახო სხვაში, ეს შენს გულსა და გონებასაც განწმენდს, შენშიც დაიწყებს ეს სიკეთე ზემოქმედებას. ამით ისწავლი სხვათა სიხარულით სიხარულს, სხვისი ბედნიერებით ბედნიერებას. რადგან სიკეთის მაძიებელი სიკეთისკენ იკვალავს გზას. როდესაც ცდილობ უფლით განიწმინდო გული და თვალი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანით იწყებ ამას. მხოლოდ სულის მტერს - ბოროტს არ ძალუძს სიკეთის სიკეთით მზერა, ნუ დაემგვანები მას...

წმინდა გული, ყოველთვის წმინდას ხედავს მოყვასში და თუ მხოლოდ ცუდის შემჩნევა ძალგიძს განკითხვის წყურვილით, ამით უწყოდე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია შენი შინაგანი სამყარო. მრავალი იტყვის, არ განვიკითხავ, მხოლოდ თავის სახელს ვარქმევ ყველაფერსო. ეს ძალზე საფრთხილოა და ბოროტის კიდევ ერთი ხრიკია. ქრისტიანობა არ არის სიბრმავე, ყოველივეს მართებული და სწორი აღქმაა, რაც, უპირველესად, ქრისტიანული წმინდა სიყვარულითაა შესაძლებელი. როდესაც სიყვარული გაქვს, სწორად და ჭეშმარიტად აფასებ ყველაფერს, რადგან სიყვარულით მოქმედებ და სიყვარული როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ,,არასადა დავარდების". ანუ ჯერ სიყვარულის მოპოვება, მის ნიჭთა გამრავლება უნდა შეძლო განკაცებული ღმერთის შემწეობითა და ძალით, ეს კი მთელი ცხოვრების არსია და არასდროს სრულდება. თუ განკითხვით იწყებ განმრჩეველობას, დაღუპვის გზას ადგახარ და სიბნელისკენ მიექანები. თუ მაინცდამაინც განკითხვა გსურს, შავის და თეთრის გარჩევა დაიწყე საკუთარი თავიდან, ამაში სინდისიც დაგეხმარება, და როდესაც სხვას მსგავს ცოდვაში დაინახავ, ამგვარად იტყვი - "ეს რა დაგვემართა (და არა დაემართა), რადგან მასში საკუთარ თავს დაინახავ და დამწუხრებული დახმარებისა და სიბრალულის სურვილს გამოხატავ მისადმი წრფელი სიყვარულით. მანამ ეს არ შეგიძლია, სჯობს გაჩუმდე და სიტყვით მაინც შესთხოვო უფალს: ,,ღმერთო, უშველე მას და მეც, მასთან ერთად, რადგან დღეს თუ მას შეემთხვა ეს, ხვალ მე შეიძლება დამემართოს იგივე".

ყველგან და ყველაფერში ეძებე სიკეთე, მადლი და სიმსუბუქე, სიწმინდე დაივანებს შენში. ნათქვამია, რასაც ეძებ, იპოვი. თუ რწმენის თვალით ჩაუღრმავდები ამ სიტყვებს, მასში სიმართლეს ამოიკითხავ. მოყვასში საკუთარი თავი დაინახე, საკუთარ თავში კი შენი უძლურება, თუ ასე იზამ, უფალში პოვებ მადლს, განკაცებულ ღმერთს დაუმეგობრდები, რომელიც შენი გულისთვის განიკითხეს სასიკვდილო განკითხვით. უფლით ყოველივე შესაძლებელია, მაგრამ გამოსწორება, გაწმენდა არ ხდება უმალ, არამედ ჟამითი-ჟამად ტკივილით, მოთმინებითა და გამოცდილებით, უფლის სასოებითა და იმ მცირე რწმენით, რომელიც ღვთივსათნო საქმეების კვალდაკვალ იზრდება და ჭეშმარიტ სიყვარულად გარდაიქმნება.

ბეჭდვა
1კ1