ათონის მთიდან გვწერენ
ათონის მთიდან გვწერენ
ათონის მთიდან გვწერს ბ. ბენედიქტე: ამას წინად მოვიდა აქ ბატონი ცაგარელი, რომელიც სამეცნიერო განზრახვით კარგა ხანია მოგზაურობს სხვადასხვა ადგილებში. სხვათა შორის, ყოფილა ის ქვიან არაბეთში და პლატინა-სირიაში. ათონში ბ. ცაგარელმა დაჰყო სამ კვირამდინ, რომლის უმეტესი ნაწილი გაატარა ჩვენს ივერიის მონასტერში. სამწუხროდ ჩვენდა, ბევრი არაფერი აჩვენეს ბ. ცაგარელს მონასტრელებმა. იმ ასიოდე წიგნების რიცხვში, რომელნიც ნახა ბატ. ცაგარელმა, შესანიშნავი არიან: დაბადება, რომელიც დაწერილია X საუკუნეში და ხელთ-ნაწერი საქართველოის ისტორია ვახუშტისა. აქ არიან აგრეთვე წიგნები, დაბეჭდილნი თბილისში (XVIII საუკ.) და ქუთაისში (1803წ.). ის უძველესი და უძვირფასესი წიგნები, რომელნიც მოუვლელობისგან გაფუჭებულნი არიან და ცალკე იყვნენ, არ უჩვენეს მას. არ უჩვენეს აგრეთვე სხვადასხვა ზედწერილები, ოქრო-ვერცხლის ნივთები და სხვანი, ჩემის თვალით ნახული 1866 წელში ივერიის კარისა ღვთისმშობლის ხატი ბალდახინი, რომელსაც გამოსვენების დროს მოაწყობდენ, ბისონი, ფილონი და ოლარი - ყველა ესენი დაჰფარა შურმან ჭეშმარიტმან. ბ. ცაგარელი იყო იოანე ღვთისმეტყევლის სავანეშიაც, რომელიც მისის ახლის ეკლესიით და ქართული გალობით მოიწონა...

სამეცნიერო მასალებში, რომელნიც ბ. ცაგარელს შეუკრებია, არის სურათი ჩვენის უკვდავის პოეტის შოთა რუსთაველისა, გადმოღებული იერუსალიმის ქართველთ ჯვარის მონასტრის კედლიდგან, სადაც რუსთაველი არის გამოსახული გრძელი წვერით და მდიდრული წითელ ხავერდის, ბეწვის სარჩულიანი ტანისამოსითა, მუხლ-მოდრეკილი და ხელთ დაპყრობით შავედრებული.
გაზეთი "დროება", 1883 წ.

***
უფალო რედაქტორო! ჩემის აზრით, ყველა "დროების" მკითხველებისათვის საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ძველი მამა-პაპის დანარჩენების ცოდნა და შეტყობა მისი, თუ რა გაუკეთებიათ ჩვენ წინაპრებს. მართალია, იმათ ბევრი რამ ძვირფასი საჩუქარი გაუმზადებით ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ჩვენი უხეირობით ესენი, ყველა თუ არა, უმეტესი ნაწილი სხვის კუთვნილებათ გაგვიხდია.

ამ თვეში მე შემხვდა ერთი მთაწმინდელი ბერი იონა.Aამასთან, ბევრი რამ ვილაპარაკე ზოგი იქაურ (მთაწმინდელ) ბერების ცხოვრებაზედ და ზოგი იერუსალიმის ბერების ცხოვრებაზე.

მერე, სხვათა შორის ვკითხე ბ. იონას: ამბობენ, მამაო, მთაწმინდაში ერთი სახლი ხელნაწერი წიგნი დაიწვა-მეთქი, ნეტავი თუ მაშინ რამე წიგნი გადარჩა-მეთქი. მან კი სულ ჩემი კითხვის გარეშე მიპასუხა აი რა: სადღა არიან, შვილო, ამჟამად ან ძველი ივერიის გმირნი და ძველი ივერიის სიმდიდრე. წახდა, შვილო, ხალხი. თუ არ დაიჯერებ, მიდი მთაწმინდაში, იერუსალიმში, სინას მთაზე, გოლგოთას მთაზე და ათას სხვა ადგილს და ნახავ ძველი ივერიელის ნაღვაწს...

ახლა ეს მონასტერი არის თავის ადგილ-მამულით ბერძნის ბერების ხელში, რომლებიც ჩვენ გულის გასახეთქად, თითქმის არც კი გვიკარებენ.

შენ მკითხე წიგნებზე, მაგრამ უკაცრავად რომ აქნობამდის ვერ გითხარი. წიგნები არავის არ დაუწვავს, ივერიის მონასტრის გვერდით არის ერთი დიდი გამოქვაბული კლდე, რომელიც კანცელარიათ ქონიათ უწინდელ ჩვენ მამებს და რომელშიაც ქონიათ შენახული წიგნები. ეს გამოქვაბული ისეთ ნაირად არის გაკეთებული, რომ მთელი ქვეყანა დაიწვას, ამას არაუშავსრა. აქ ახლაც არის ურიცხვი ქართული ხელნაწერი წიგნები, რომელნიც თვალით გვინახავს, მაგრამ არ წაგვიკითხავს, ან კი რა ფრათ წავიკითხავდით, მაშინ როდესაც ხელს არავინ გვაკიდებინებს. კარგი იქნება, ვინმე აქედან ერთი ნასწავლთაგანი წავიდოდეს, ამ წიგნებს განიხილავდეს და თუ რამ სასარგებლოს ნახავს, გადმოსწეროს და ისევ ჩვენი ჩვენ დაგვიბრუნდეს... ამას გარდა, სხვაც ბევრი რამ ილაპარაკა, მაგრამ ის დრომდის იყოს.

ანთიმოზი.
გაზეთი "დროება", 1876 წ.

ბეჭდვა
1კ1