იძლია სიკვდილი და შემოვიდა უკვდავება
იძლია სიკვდილი და შემოვიდა უკვდავება
დიდია ჯვრის საიდუმლოს ძალა
ჭეშმარიტი მორწმუნენი და ქრისტეს სჯულის აღმსარებელნი უდიდეს პატივს მიაგებენ ჯვარს როგორც ძლევისა და გამარჯვების დიად ნიშს, რადგან ჯვარი ეკლესიის ცხოვრებაა. ჯვარი არის მისადმი მოსავთა სიქადული, რომელმაც გამოგვიხსნა ბოროტის ტყვეობისაგან, განგვარიდა სიკვდილსა და წარწმედას. ამიტომ იყო, რომ ჯვარცმისას მორწმუნენი წუხდნენ, ხოლო აღდგომისას მათი მწუხარება სიხარულმა შეცვალა. ჯვარმა ადამიანთა ბუნება ანგელოზთა ბუნებას მიაახლოვა და უხრწნელი ცხოვრების ღირსი გახადა, ღვთის მონობიდან ღვთის მეგობრობამდე აღიყვანა: "მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ" (ებრ. 2,12). ჯვრის ცხოველმყოფელობით და ძლიერებით ეშმაკი დაეცა და ყოველი მისი მსახური განიბნა, იძლია სიკვდილი და შემოვიდა უკვდავება.

დიადია ჯვრის საიდუმლოს ძალა, რომელმაც ბნელისაგან გამოიყვანა და საუკუნო ნათელს აზიარა ადამიანი, რომელმაც გვასწავლა სიმართლე ღვთისა, სიყვარული და მშვიდობა. "ჯუარი იქადაგების და სარწმუნოებაი განმრავლდების, და ჭეშმარიტებაი ყოველსა სოფელსა მოეფინების; ჯუარი იქადაგების და მარტვილნი გამოჩნდებიან, და ქრისტეისა სარწმუნოებით განძლიერდებიან; ჯუარი იქადაგების, და აღდგომაი იჩინების, და ცხოვრებაი გამობრწყინდების; ჯუარი იქადაგების და ურწმუნონი მოიქცევიან და ცხოვრებასა მიემთხუევიან".

ადამიანმა ჯვრის სასწაულებრივი ძალა და საოცარი მადლი ღრმად უნდა გააცნობიეროს თავისივე სულის ცხონებისათვის, რადგან სწორედ ცხონებისა და მარადიული სიცოცხლისათვის აღემართა ჯვარი, აღემართა, რათა დაითრგუნოს სიკვდილი და მთელი ქვეყნიერება ჭეშმარიტებით აღავსოს.

წმინდა კირილე იერუსალიმელი ამგვარ გალობასა და სადიდებელს აღავლენს ჯვრის მიმართ:

"გიხაროდენ, ძელო, ცხოვრების მომცემელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მოგუემადლა სიხარული, რომელი აღმოსცენდების მარადის ცათა შინა და ქუეყანასა ზედა...

გიხაროდენ, ჰოი, ჯუარო საქებელო, შენ მიერ განთავისუფლდა ადამ წყევისა მისგან და მხიარული და განახლებული კუალად სამოთხედვე შევიდა და მოიღო პირველივე იგი ნეტარებაი...

ჯუარი სიხარული არს ანგელოზთაი და მწუხარებაი ეშმაკთაი. ჯუარი სასუფეველი არს ეკლესიათაი და დამამხობელი საკერპოთაი".

KARIBCHE"ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა" (1 კორ. 1,18), რადგან სულიერი ყველას განსჯის, ხოლო მშვინვიერი ადამიანი არ იწყნარებს სულისას (1 კორ. 2,14-15). მართლაც, ჯვარი სიცოფეა მათთვის, რომლებიც რწმენით არ იღებენ მას და რწმენითად არ იაზრებენ ღვთის სიკეთესა და ყოვლისშემძლეობას, არამედ ადამიანური და ბუნებითი განსჯებით გამოიძიებენ ღვთიურთ, რადგან ყოველივე ღვთისეული უზემოესია ბუნებაზე, სიტყვასა და აზროვნებაზე. მართლაც, თუ ვინმე იმის სჯას შეუდგება - როგორ და რის გამო შემოიყვანა ღმერთმა ყოვლიერება არარსებობიდან არსებობაშიო, თან ბუნებითი განსჯებით მოინდომებს ამის მიწვდომას, ვერაფერს ჩაწვდება, რადგან ამგვარი ცოდნა მშვინვიერია და ეშმაკეული. მაგრამ თუ ვინმე რწმენით იქნება ნაწინამძღვრები და ღვთიურობის სიკეთეს, ყოვლისშემძლეობას, ჭეშმარიტებას, სიბრძნესა და სიმართლეს განსჯის, პოვებს იგი ყოველივეს მოსწორებულს და თანაბარს და გზას პირდაპირს, რადგან რწმენის გარეშე შეუძლებელია ხსნა. მართლაც, რწმენით შემყარდება ყოველივე - ადამიანურიც და სულიერიც, რადგან რწმენის გარეშე არც მიწის მუშა ჭრის ხნულს, არც მოგზაური ანდობს სულს მცირე ძელს ზღვის გაცოფებულ მორევში, არც ქორწინებანი შემყარდება, არცთუ სხვა რამ ამ ცხოვრებაში. რწმენით მოვიაზრებთ არარსებობიდან არსებობაში ღვთის ძალით ყოვლიერების შემოყვანას; რწმენითვე ვახორციელებთ ყოველივეს, საღვთოსაც და ადამიანურსაც, ხოლო რწმენა - ესაა ჩაუძიებელი მინდობა.

ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულთქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი, რადგან სხვა არაფრის მიერ არ შემუსრვილა სიკვდილი, არ გაუქმებულა წინამამის შეცოდება, არ წარტყვევნილა ჯოჯოხეთი, არ მონიჭებულა აღდგომა, არ მოგვცემია ძალა იმისა, რომ უგულებელგვეყო ამჟამინდელი და თვით სიკვდილიც, არ განხორციელებულა დასაბამიერი ნეტარებისკენ ზეასვლა, არ განხმულა სამოთხის კარნი, არ დამჯდარა ჩვენი ბუნება ღვთის მარჯვნივ, არ გავმხდარვართ ღვთის შვილები და მემკვიდრეები, თუ არა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვრის მიერ, რადგან ეს ყოველივე ჯვრისგან განხორციელდა. მოციქული ამბობს: "რომლებმაც კი ნათელვიღეთ ქრისტეს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ" (რომ. 6,3) და "რომლებმა ქრისტეს მიმართ ნათელვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ" (გალატ. 3,27), ხოლო ქრისტე არის ღვთის ძალა და სიბრძნე" (I კორ. 1,24). აჰა, ქრისტეს სიკვდილმა ანუ ჯვარმა ღვთის ჰიპოსტასური სიბრძნე და ძალა შეგვმოსა, ხოლო ღვთის ძალა არის სიტყვა ჯვრისა, და ეს ან იმიტომ, რომ ღვთის შემძლეობა ანუ სიკვდილის წინააღმდეგ მძლეობა ჯვრის მიერ გამოგვიჩნდა ჩვენ, ანდა იმიტომ, რომ როგორც ჯვრის ოთხი წვერი შუა ცენტრის მიერ არის შემაგრებული და თანაშემჭიდროებული, ამგვარადვეა შემტკიცებული ღვთის ძალის მიერ სიმაღლე და სიღრმე, სიგრძე და სიგანე ანუ მთელი ხილული და უხილავი ქმნილება.

სწორედ ჯვარი მოგვეცა ჩვენ ნიშნად შუბლზე, როგორც ისრაელს - წინადაცვეთა, რადგან ამ ნიშნით შევიცნობით მორწმუნეები და ვემიჯნებით ურწმუნოებს. იგია ფარი, საჭურველი და ძლევის ნიში ეშმაკის წინააღმდეგ. იგია ბეჭედი, რომ არ შეგვეხოს "მომსპობი", როგორც ამბობს წმინდა წერილი (გამოსვლ. 12,21). იგია მდებარეთა აღდგომა, მდგომარეთა სიმყარე, უძლურთა კვერთხი, სამწყსოს არგანი, მოქცეულთა შემწეობა, წარმატებულთა სისრულე, სულისა და სხეულის ხსნა, ყოველგვარ ბოროტებათა უკუმქცევი, ყოველგვარ სიკეთეთა მომნიჭებელი, ცოდვის აღმოფხვრა, ნერგი აღდგომისა, საუკუნო ცხოვრების ხე.

KARIBCHEამრიგად, ეს პატიოსანი და ჭეშმარიტად სათაყვანო ძელი, რომელზეც ქრისტემ თავისი თავი მსხვერპლად შესწირა ჩვენს გამო, ღირსია თაყვანისცემისა, რადგან განწმენდილია იგი წმინდა სხეულისა და სისხლის შეხებით. თაყვანსაცემია სამსჭვალნი, შუბი, შესამოსელნი და აგრეთვე მისი წმინდა სამკვიდრებელნი, კერძოდ, ბაგა, გამოქვაბული, მაცხოვნებელი გოლგოთა, ცხოველმყოფელი საფლავი, სიონი - ეკლესიათა აკროპოლისი და სხვა ამგვარი, როგორც ამბობს ღვთისმამა დავითი: "შევალთ მის სამკვიდრებლებში, თაყვანს ვცემთ ადგილს, სადაც მან ფეხი დადგა" (ფს. 131,7) ამას რომ ჯვრისთვის ამბობს, ცხადყოფს მომდევნო ნაწილი: "აღდექი, უფალო, შენი მოსვენებისთვის" (ფს. 131,8), რადგან ჯვარს მოჰყვება აღდგომა. თუკი საწადელია ჩვენთვის შეყვარებულთა სახლი, მათი საწოლი და სამოსელი, რამდენად უფრო - ყოველივე ის, რაც კი ღვთისა და მხსნელისა არის და რომელთა მიერაც ხსნილნი ვართ ჩვენ?! ამასთან, თაყვანს ვცემთ პატიოსანი ჯვრის გამოსახულებასაც (თუმცა კი სხვა ნივთისგან კეთდება იგი), რადგან პატივს მივაგებთ არა ნივთს (ნუ მოხდება ეს!), არამედ გამოსახულებას, როგორც ქრისტეს სიმბოლოს. მანვე უთხრა თავის მოწაფეებს, როდესაც აღუთქვა: "მაშინ გამოჩნდება ცაში ადამიანის ძის ნიშანი" (მათ. 24,30), ჯვრისთვის თქვა რა ეს. აღდგომის ანგელოზიც ამიტომ ეუბნებოდა ქალებს: "იესოს ეძებთ ნაზარეველს, ჯვარცმულს?" (მარკ. 16,6). და მოციქულიც ამბობს: "ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს, ჯვარცმულს" (I კორ. 1,23), რადგან მრავალია ცხებული და იესო, მაგრამ ერთია ჯვარცმული. მას არ უთქვამს: "შუბით განგმირული", არამედ "ჯვარცმული". ამიტომ თაყვანსაცემია ქრისტეს ნიშანი, რადგან სადაც ეს ნიშანია, თავადაც იქვეა. რაც შეეხება ნივთს, რისგანაც ჯვრის გამოსახულება შემყარდება, თუნდაც ოქრო იყოს იგი ანდა ძვირფასი ქვები, გამოსახულების გაუქმების შემდეგ (თუ ეს მოხდება) თაყვანსაცემი აღარ იქნება. ამგვარად, თაყვანს ვცემთ ყველაფერს, რაც ღმერთს უკავშირდება.

პატიოსანი ჯვარი წინაგამოსახა ცხოვრების ხემ, სამოთხეში ღვთის მიერ დანერგილმა (ეს იმიტომ, რომ რადგან ხისგან იყო სიკვდილი, ხის მიერვე უნდა მონიჭებულიყო სიცოცხლე და აღდგომა). იაკობმაც, როდესაც თაყვანი სცა კვერთხის წვერს და შენაცვლებული ხელებით აკურთხა იოსების ძენი, უცხადესად გამოსახა ჯვრის ნიშანი, ისევე როგორც: ზღვაზე ჯვრისსახოვნად დარტყმულმა მოსესეულმა კვერთხმა, ისრაელის მხსნელმა, ხოლო ფარაონის ჩამძირველმა, აგრეთვე ჯვრისსახედ გაწვდილმა ხელებმა (ამალეკსაც რომ სძლიეს), ძელით დამტკბარმა მწარე წყალმა, გაპობილმა კლდემ და გადმოღვრილმა ნაკადულებმა, კიდევ კვერთხმა, აარონისათვის მღვდელთმთავრობის ღირსებად წარმოჩენილმა. დიდი მოსე ღაღადებს: "იხილეთ თქვენი სიცოცხლე, დამოკიდებული ძელზე თქვენს თვალთა წინაშე" (მე-2 სჯ. 28,66). ესაიაც ამბობს: "მთელი დღე გაწვდილი მქონდა ჩემი ხელები ურჩი და მოდავე ხალხის მიმართ" (ესაია 65,2). ვინც თაყვანს ვცემთ, ვეღირსოთ ჯვარცმული ქრისტეს ნაწილს, ამინ!

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1