"იყავნ ნება შენი"
"იყავნ ნება შენი"
საუფლო ლოცვაში, „მამაო ჩვენო", ვამბობთ: "იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა". ჩვენ მივმართავთ უფალს, ვთხოვთ, იყოს მისი ნება, მაგრამ ამას მხოლოდ სიტყვებით ვამბობთ; სინამდვილეში კი საკუთარ ნებას მივდევთ. საერთოდ, არსებობს სამი ნება - ღვთის, რომელიც მაცხოვნებელია, ბოროტი სულის, რომელიც წარმწყმედელია და ადამიანის თავისუფალი ნება. ადამიანი რომელ ნებასთან მოინდომებს თანხვედრას, ისე წარიმართება მისი ცხოვრება. ნება ღვთისა და ნება ადამიანისა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისაგან განსხვავდება. ღვთის ნება ერთობაშია სიბრძნესთან, ჭეშმარიტებასთან, სიყვარულთან, მოწყალებასთან. ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება, სამწუხაროდ, ხშირად ემსახურება ეგოისტურ მიზნებს. ის არ ითვალისწინებს მოყვასის მდგომარეობას, უფრო სწორად, ვერ ითვალისწინებს, რადგან ადამიანი მოაკლდა სიყვარულს და, ამდენად, ვერ იტევს სხვა ადამიანების საფიქრალს. ადამიანის ნება თავისუფალია, მაგრამ მან ეს თავისუფლება ცოდვისთვის არ უნდა გამოიყენოს.

"იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა" - ამ სიტყვებით ვთხოვთ ღმერთს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი უფლის ნების თანახმად კეთდებოდეს. რადგანაც მან, როგორც ყოვლისმცოდნემ, იცის ყოველი ჩვენი საჭიროება. სიტყვებით, "ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა", გვევალება, რომ ღვთის ნება ისევე აღვასრულოთ ქვეყანაზე, როგორც ცათა შინა ასრულებენ ანგელოზები და წმიდანდანები. წმინდა მამათა განმარტებით, ,,ცად" იწოდებიან ზეცის მოქალაქენი. ისინი გულმოდგინედ, წმინდად აღასრულებენ ღმრთის ნებას - მასში საკუთარი ნების შერევნის გარეშე. მათ უკვე აღარ გააჩნიათ საკუთარი ნება. იგი ღვთის ნებასთან გაერთიანდა. მათზე აღსრულდა ის, რასაც მაცხოვარი მამა ღმერთს თავისი მოწაფეებისთვის სთხოვდა, და აგრეთვე ყველა იმისთვის, ვინც მისი მიმდევარი გახდებოდა: "არა ამათთვის (მოციქულებისთვის) ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ; რათა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რათა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ... რათა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ: მე მათ შორის და შენ ჩემ თანა; რათა იყვნენ სრულ ერთობითა" (იოანე 17,20-23). "იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა". "ქუეყანად" იწოდებიან ქრისტიანები. ადამიანური ნების ღვთის ნებასთან სრული შერწყმა - სრულყოფილების მდგომარეობაა, რომელსაც შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ და მხოლოდ ღმრთის გონიერმა ქმნილებამ. ამგვარ სრულყოფილებას ფლობენ ანგელოზები. მაცხოვარმა გვიწყალობა, მოგვცა საშუალება მივწვდეთ იმას, რასაც უწმინდესი ზეციური ძალები ფლობენ. მხოლოდ ღვთის ნებამ შეიძლება განკურნოს ცოდვით დასნეულებული ადამიანური ნება; მხოლოდ ღვთის ნებითა და მისი მეშვეობითაა შესაძლებელი, რომ ადამიანის შემადგენელი ნაწილების (სული, სამშვინველი, სხეული) სურვილები, რომლებსაც მიღებული აქვთ სულ სხვადასხვა, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულება, მიიდრიკონ უთანხმოებიდან თანხმობისკენ, გაერთიანდნენ ერთ სურვილში; მხოლოდ ღმრთის ნების მიერ განცხოველებულ ადამიანურ ნებას შეუძლია, მოსწყდეს მიწას, გადაინაცვლოს ზეცაში. საკუთარი ნება რომ ღვთის ნებას დაუმორჩილო, ამისთვის მორჩილება და თავმდაბლობაა საჭირო. ეს ორი რამ რომ გაგაჩნდეს, აუცილებელია სინანული გქონდეს.

უფალი, ვიდრე ჯვარს აცვამენ, გეთსიმანიის ბაღში განმარტოვდება და ლოცულობს: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანამხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მთ. 26,39).

ჩვენც ასევე უნდა ვილოცოთ ნებისმიერი განსაცდელის დროს, შევთხოვოთ უფალს, იყოს ნება მისი და არა ჩვენი. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს, რა არის ღვთის ნება. ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება სწორედ ჩვენი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, ანუ სინერგიაა, რათა ღვთის ნების აღმსრულებლები გავხდეთ და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადავრჩეთ.

ბეჭდვა
1კ1