ნეტავ, ადრევე ამხელოდა თვალი და ჩემი უფალი მეგზურად გამეხადა...
ნეტავ, ადრევე ამხელოდა თვალი და ჩემი უფალი მეგზურად გამეხადა...
ეს ისტორია დედაშვილურ სიყვარულზე მოგვითხრობს და არ არის გასაკვირი, თუ ბევრი მასში საკუთარ შვილს, ოჯახს და ტრაგედიას ამოიცნობს , თუმცა, იმედი გვაქვს, ყველას განსაცდელიც, ღვთის შეწევნით, ისევე კეთილად დასრულდება, როგორც უცნობი დედის ნაამბობი ამ ახალგაზრდა ქართველი ჭაბუკის ამბავი...

- ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი ვაჟის ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, - ვხედავდი მის ჭკუასა და ნიჭიერებას და ამას ღირსეულ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად საკმარის არგუმენტად მივიჩნევდი...

ბავშვობაში უამრავი გატაცება ჰქონდა - ხატავდა, წერდა, მუსიკას ქმნიდა... მერე სხვა რამეებითაც დაინტერესდა და, როგორც იტყვიან, თავის მოსაფხანი დრო აღარ ჰქონდა... სკოლაში სწავლასაც მშვენივრად ართმევდა თავს და როცა გაიზარდა, სწავლა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო...

მოგვიანებით ფოტოსაქმით დაინტერესდა და ამ ახალმა გატაცებამ ახალი მეგობრები შესძინა. ჩვენი ბინის კარი მათთვის ყოველთვის ღია იყო... ფოტოგრაფიას როკ-მუსიკა მოჰყვა, ჩაწერები, კონცერტები... პირველ საჯარო გამოსვლებამდე რეპეტიციებს ჩვენს ბინაში გადიოდნენ, მაგრამ, ბევრი უხერხულობის მიუხედავად, ახალგაზრდებისათვის ხელის შეშლა არც მიფიქრია - ეს ხომ ჩემი შვილის სამყარო იყო...

განსაცდელმა მოგვიანებით გვიწია, - შვილის ცენტრდაკარგულ, მოუსვენარ, ამღვრეულ მზერაში რაღაც უსახელო საფრთხე შევამჩნიე... ეს არ ყოფილა სიყვარული... ამ სფეროში მას ყოველთვის უმართლებდა, - მისი რჩეულები მუდამ დახვეწილი გოგოები იყვნენ... მერე გავიგე, რომ ამ ჩემთვის უსახელო საშინელებას ნარკომანია ერქვა...

ალბათ, ასე ხდება - მეგობართა სიმრავლეს და გაუკონტროლებელ თავისუფლებას ასეთი მძიმე ნაყოფი აქვს ხოლმე... ნაყოფი რა სახსენებელია, ეს ხომ ნამდვილი თავზარი იყო ჩვენთვის, დიდი ტრაგედია...

დასაწყისში ვერა, მაგრამ მერე და მერე თვალი აეხილა, თუ რა კოშმარში ამოჰყო თავი... რა არ ვიღონეთ, ახლობელთა დახმარებით საბერძნეთში, ძვირადღირებულ კლინიკაშიც გაიარა მკურნალობის სამთვიანი კურსი, თუმცა, უშედეგოდ...

მგონია, მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვისაც საკუთარ ტყავზე უწვნევია ეს საშინელება, მათ ეცოდინებათ, რა ჯოჯოხეთიც გამოიარა ჩვენმა ოჯახმა...

და სწორედ მაშინ, როდესაც მეგონა, რომ ყველაფერს წერტილი დაესვა და ცხოვრებამ აზრი დაკარგა, მოვიდა ხსნა, - ჩემმა შვილმა ტაძარში დაიწყო სიარული... ეს მისი მიგნება იყო... დათოს ცხოვრება ხომ მთლიანად ძიება იყო...

ნელ-ნელა დამშვიდდა, თვალები და წამლით გაჟღენთილი სხეული დაეწმინდა... უფალმა მართლაც სასწაული მოახდინა, ბოლო წლებში გულგატეხილი, ყველაფრისადმი გულგრილი და აპათიური დათო საკუთარ თავს და უფალს დაუბრუნდა და როგორც ყრმობაში სჩვეოდა ხოლმე, დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით დაეწაფა ქრისტიანობას და ჩვენც აგვიყოლია...

როგორც იტყვიან, უფალმა არ გაგვწირა, - ეს ტაძარში პირველად შესვლისთანავე ცხადად შევიგრძენი... მანამდე მეგონა, რომ იქ დათოს გულისათვის შევდიოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მეც მჭირდებოდა...

ძნელია ამის გადმოცემა... წარსულ გატაცებათაგან განსხვავებით, უკანასკნელი "გატაცება" ბერად აღკვეცა იყო, რასაც ყველანი სიხარულით შევხვდით...

ჩემი შვილის წარსულმა დღევანდელი დღისა და დათოს არჩევანის ფასი დამანახვა... მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ, - ნეტავ ადრევე ამხელოდა თვალი და უფალი მეგზურად გამეხადა, ამხელა განსაცდელს ხომ გადავრჩებოდით?

ბეჭდვა
1კ1