ჩვენს მონასტერში ბევრი წმინდანი ცხოვრობდა - ბოლო მამა სილუან ათონელი იყო
ჩვენს მონასტერში ბევრი წმინდანი ცხოვრობდა - ბოლო მამა სილუან ათონელი იყო
წერილები დედას
უფლის ლოცვა-კურთხევა არ მოგკლებოდეს, როგორც მე არ მაკლია შენი წერილები და კეთილი სურვილები. მიხარია, რომ სულიერად მხნედ ხარ და გაჯანსაღების სურვილი და მისწრაფება გაქვს, ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამ ურთულეს და უმთავრეს საქმეში. იცოდე, წარწყმედის გზა ფართეა და მრავალნი მიდიან ამ გზით, ხოლო მარადიული სიცოცხლის გზა ვიწროა და ცოტანიღა იპოვიან მას" (მათ. 6,13-14), არ შედრკე და არ შეგეშინდეს, არ დაიღალო და არ მოიწყინო, იარე თამამად ამ გზაზე, კარი მასში არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შუქი - სულიწმიდა, თუ მათ მიენდობი, არ ასცდები ამ გზას და უეჭველად მიაღწევ მიზანს. ვიცი, ბევრი დამცინავი თვალი უყურებს შენს საქციელს, ბევრი უხეშად ჭორაობს - შვილიც გაუგიჟდა და თავადაც გაგიჟდაო, მაგრამ ნუ მიაქცევ ყურადღებას, ეს სრულიად ნორმალურია; დედა, ადამიანებმა ქრისტე გამოლანძღეს, გალახეს, გაათახსირეს და ჯვარს აცვეს. დიახ, თავად კაცადქცეული ღმერთი არ დაინდეს და მე და შენ რომ გაგვაქილიკონ, რა გასაკვირია. არც იმან შეგაშინოთ, რომ ისინი მეტნი არიან, ეს იმიტომაა, რომ "ადამიანებს წყვდიადი უფრო უყვართ, ვიდრე შუქი, რადგან მათნი საქმენი ბოროტნი არიან, რამეთუ ყოველი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არ ემხილნენ საქმენი მისნი" (იოვ.3.19,20). ჩვენი იარაღი, ასეთთა წინააღმდეგ, არის სიყვარული. დიახ, ჩვენი უანგარო სიყვარულით უნდა განვაიარაღოთ ისინი, რადგან უფალი გვეუბნება: "იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქვენ, რაითა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყუარებოდით ურთიერთას" (იოვ.13,34-35). ვიცი, ძნელია შეიყვარო ის, ვინც გლანძღავს და გთათხავს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს - უნდა მივუტევოთ, უნდა ვაპატიოთ, უნდა ვიძმოთ, უნდა დავეხმაროთ, უნდა ჩავეხუტოთ, რადგან "ვინც ამბობს, რომ ღმერთი სწამს და თავისი მოძმე სძულს, ის ცრუობს". კიდევ ერთხელ გისურვებ სულის სიმხნევეს, დედა, და უფალი იესო ქრისტე იყოს შენი შემწე.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, აღნიშვნის ღირსი რომ იყოს, ვასრულებ მორჩილებას და ნელ-ნელა ვეზიარები სამონასტრო ცხოვრების მსვლელობას. აქ ჩემთვის თვალნათლივ აშკარა გახდა, თუ რა ფენომენია მონაზვნობა. ადრე ჩემი შეხედულება მონაზვნობაზე ჩამოყალიბებული იყო ერისკაცი მწერლების შეფასებათა საფუძველზე. მაგალითად, თ. დოსტოევსკი წერს, რომ "მონასტერში ძირითადად მიდიან ერში ხელმოცარული ან იმედგაცრუებული ადამიანები, მაგრამ თუ ათასი მონაზვნიდან ერთი წმინდანი მაინც გამოვა, ასეთი ინსტიტუტი გამართლებულიაო". ("ძმები კარამაზოვები", შეიძლება არაზუსტი ციტატა იყოს, რადგან ეს წიგნი ათასი წლის წინ წავიკითხე), ანდა ილია ჭავჭავაძის "განდეგილში" ნათქვამი, "აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე" და ა.შ., მაგრამ აქ აბსოლუტურად დავრწმუნდი, რომ ეს მწერლები საერთოდ არ იცნობენ მონაზვნურ ცხოვრებას, როგორც მოვლენას. ეს შეფასებები იმდენად ზედაპირულია, რომ ოდნავადაც ვერ წარმოაჩენს საკითხის არსს. ეს ისეთივეა, რომ კვერცხი აღწერო, როგორც მაგარი რქოვანი სხეული, ისე რომ, იგულისხმო მხოლოდ მისი ნაჭუჭი, ფაქტობრივად კი კვერცხის არსი მისი შიდა შემადგენლობაა. ასევეა მონაზვნობა, ის, ვინც აქ, შიგნით არის, შეიძლება ჩასწვდეს ამ ფენომენის არსს. მე ძალიან მიჭირს სიტყვით ავხსნა და გადმოგცე ის შეგრძნება და ის გრძნობა, რაც ჩემშია, ამის უფლებაც არა მაქვს, არც ვიკადრებ, რადგან ვიცი, რამდენად უბადრუკია და უსუსური ის, მაგრამ რომ ვაკვირდები სხვებს და რომ ვკითხულობ წმიდა მამათა ცხოვრებას და შემდეგ რეალურ ატმოსფეროში გამოვცდი საკუთარ თავზე, ჩემთვის სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება თუ რატომ ითხოვს უფალი: "რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს, რომელმან მოიპოოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი"(მათ.10, 38-39). დედა, შენ ვერ წარმოიდგენ, თუ რა ამაღლებული გრძნობაა იმ მიწაზე სიარული, სადაც ათასი წლის განმავლობაში ათეული ათასობით წმინდა ადამიანს უვლია, ყოველი გოჯი ამ კურთხეული მიწისა, წმინდაა და ხანდახან საკუთარ ნაბიჯებსაც აკვირდები კაცი, რომ უკადრისად ან უღირსად არ დააბიჯო სადმე. ჩვენს მონასტერში ბევრი წმინდანი ცხოვრობდა, ბოლო მათგანი, მამა სილუან ათონელი, 1938 წელს გარდაიცვალა. მე მისი ნაშრომების ნაწილი უკვე წავიკითხე და ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ეს უბრძნესი სტრიქონები სრულიად გაუნათლებელმა გლეხმა დაწერა. აი, ასეთია სულიწმიდის ძალა. ღვთის არსებობის მეტი რა დასაბუთება სჭირდება ადამიანს. ჩვენს მონასტერში ინახება აგრეთვე წმინდანთა წმინდა ნაწილები, მათ შორის წმინდა პანტელეიმონის და თვით იოანე ნათლისმცემელისაც კი, შენ წარმოიდგინე ის ხელის მტევანი, რომელიც ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს შეხებია, აქ, ამ მონასტერშია და მე, უბადრუკს და ცოდვილს, შემიძლია მას ვემთხვიო. წარმოიდგინე, რამხელა მადლი და წყალობაა ჩემზე ღვთისგან.

***
ახლა მინდა შევეხო შენს წერილებში დასმულ და ასევე ჩემს წინა წერილებში წამოჭრილ საკითხებს, რომლებიც მე თავად გულს მეთანაღრება, ვაითუ, ისე ვერ გამოვთქვი, რომ ზუსტად ისე გამიგონ, როგორც მე მინდოდა. მაგალითად, ვიცი, რომ ძალიან ჩაგაფიქრებდა ჩემს წინა წერილში დაწერილი სიტყვა "გულიდან უნდა ამოვიღო", როცა ჩემს შვილებზე გწერდი. მერწმუნე, დედა, ჩემი სიყვარული ჩემი ბიჭებისადმი ენით აღუწერელი სიდიდისაა და ამას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ღვთის გზას ადგას, უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი სისუსტისაგან, უნდა გაისუფთაოს გული, რადგან "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". ის, ვინც თუნდაც იოტის ოდენა მიწიერი სისუსტით არის ერს მიჯაჭვული, თუნდაც მთელი სიცოცხლე ლოცვა-მარხვაში გაატაროს, ვერ იხილავს (ამ სიტყვების ღრმა - სულიერი გაგებით) უფალს, იესო ქრისტე ამბობს: "რომელ მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაი თვისი და დედაი თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლუკ.14,26). დიახ, ის - ღმერთი, თავად გვეუბნება და გვიჩვენებს გზას. რა თქმა უნდა, აქ არ არის ლაპარაკი სიძულვილსა და ზიზღზე, პირიქით, სიყვარულის სრულყოფილ ფორმაზე (ღვთიურ სიყვარულზე), რადგან მხოლოდ იმისი სიყვარულია ჭეშმარიტი და ღვთიური, რომელსაც ღმერთმა გულში მადლი ჩაუნერგა; გულის განწმენდა კი ყოველგვარი სისუსტის დათმობით იწყება, საკუთარი "მეს" უარყოფით იწყება, "ჩემი" დედის, "ჩემი" მამის, "ჩემი" შვილის და ა.შ. დავიწყებით იწყება და დედის და მამის, შვილის სიყვარულის მოპოვებით გრძელდება და ღრმავდება. სხვაგვარად რომ ვთქვა, ადამიანმა უწინარესად უნდა უარყოს ეგოისტური სიყვარული და ყველა ადამიანი თანაბარი ზომით შეიყვაროს. უფალი ზემოთ მოყვანილ ციტატაში ზუსტად ამას გვიხსნის, რომ ის, ვინც "მოიძულებს" თავისას (საკუთარს), მოიპოვებს უდიდესი ღვთიური სიყვარულის უნარს, ღმერთი წმინდა გულში ჩაუნერგავს მას ამ სიყვარულს და ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული, მისი სრულყოფილი ფორმა. მაგალითად, მე დავწერ ფრაზას, რომელმაც შეიძლება გაგაოცოს: მე ჩემი შვილები მიყვარს, მაგრამ არა უმეტესად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბავშვი დედამიწაზე. ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემი შვილები ნაკლებად მიყვარს, არა, ძალიან, ძალიან მიყვარს, მაგრამ ზუსტად ისევე ძალიან, ძალიან მიყვარს პატარა ობოლი გოგონა, რომელიც საბავშვო სახლის ფანჯრის რაფაზე დილიდან საღამომდე ზის და თავის დედას ელოდება, რომელიც არასოდეს მოვა და არ მოსწმენდს ღაპაღუპით მომდინარე ცრემლებს. (ეს მე სიზმარში ვნახე!), შენ შეიძლება მითხრა, როგორ შეგიძლია სხვა ბავშვები გიყვარდეს და მათ უთანაგრძნო, როცა საკუთარი შვილები უპატრონოდ დაყარე და არც შენ წმენდ ბექას და დაჩის შენდამი მონატრების ცრემლებსო. დიახ, ეს ფაქტია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე დავრწმუნდი, რომ ერში ნებისმიერი ღონისძიება ტკივილის წინააღმდეგ არასრულყოფილია, არასაკმარისია და ერთადერთი არსება, რომელსაც შეუძლია ტკივილი საბოლოოდ აღმოფხვრას და ყველა ადამიანი ანუგეშოს, არის უფალი!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1