ყველაფრის დრო მაქვს, გარდა ლოცვისა
ყველაფრის დრო მაქვს, გარდა ლოცვისა
ხშირად ვწუწუნებთ, რომ ლოცვის დრო არ გვრჩება, ყოველდღიურობა გონებას გვიძაბავს და ყველაზე მთავარი გვერდით გვრჩება. რას აღარ გავაკეთებთ დილიდან დაღამებამდე - აუცილებელ თუ არააუცილებელ საქმეებს. გაღვიძებისთანავე, ლამის საცვლების ამარა ,,ვიჭყიტებით" ჩვენი ფეისბუკის გვერდზე, მერე სამსახური, სადაც არცთუ იშვიათად სამუშაო საათებიც არამიზნობრივად გვეხარჯება, ტელეფონზე საუბრისას ხშირად დროის შეგრძნებას ვკარგავთ, ვოცნებობთ, ვჭორაობთ და კიდევ რას აღარ ვაკეთებთ, ლოცვისთვის დრო კი თითქმის არასდროს გვრჩება ხოლმე...

დილა-საღამოს ლოცვებს ვერ ვკითხულობთ, გამოსავალი მოკლე ლოცვის ჩარაკრაკებაა და ამ დროსაც თავს დროის დეფიციტით ვიმართლებთ. არადა, რამდენჯერ დაგვთენებია კომპიუტერთან ან ტელევიზორთან მოკალათებულებს საინტერესო ფილმის ყურებაში. როდესაც ლოცვა გვეზარება და ამის გამო ათასნაირ თავის გასამართლებელ მიზეზს ვიშველიებთ, ცხადია, ვცდებით. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე? ამაზე წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს, რომ ძალიან კარგია, სანამ დილის ლოცვებს წავიკითხავთ, ღვთის თვისებებზე ვიფიქროთ. იგი ამას "ღვთის განაზრებას" ეძახის. ყოველი დღე ღვთის ერთ თვისებას უნდა მივუძღვნათ, ერთი დილას 10-15 წუთი მაინც ვიფიქროთ. ვთქვათ, დაფიქრდი ღვთის სამართლიანობაზე, მეორე დილას მოწყალებაზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს მოწყალება ჩვენს ცხოვრებაშიც და ა.შ. ეს ადამიანს ლოცვისთვის მოამზადებს. ლოცვას აუცილებლად სჭირდება გარკვეული განწყობა, ამას ყველა წმინდა მამა აღნიშნავს. პირდაპირ, მოუმზადებლად, გარკვეული სიმშვიდის გარეშე ლოცვის დაწყება არ შეიძლება.

საკმარისია, რაიმე განსაცდელი მოგვევლინოს ცხოვრებაში, რომ ლოცვაც ,,გვახსენდება", თითქოს აღარც გვეზარება, თუ ადრე, მხოლოდ ბაგეებით ვკითხულობდით, ახლა ლოცვის ყველა სიტყვის აზრს გვინდა ჩავწვდეთ. ამის გამო ხანდახან მეფიქრება, რა იშვიათად და გულგრილად ილოცებდნენ ადამიანები, ტანჯვა-წამება და მწუხარება რომ არ ყოფილიყო-მეთქი. ეკლესიაში სიარული, წირვა-ლოცვაზე დასწრება მინდა, მაგრამ დრო არ მაქვს. სინამდვილეში ტაძარში სიარულის აუცილებლობა ჯერ ბოლომდე არ გამიცნობიერებია, თორემ დროს გამოვნახავდი. ხშირად მორწმუნე ადამიანებს ეუბნებიან, ლოცვაში როგორ ხარჯავ დროსო. ამგვარი კითხვის დამსმელს, როგორც წესი, გაცნობიერებული არ აქვს ადამიანური ცხოვრების საზრისი და მიზანი. ჯერ უნდა მიხვდე, რომ შენი ცხოვრების მიზანი და საზრისი არის მარადისობა, ღმერთთან მარადიულ ურთიერთობაში ყოფნა. როცა ამას გააცნობიერებ, ასეთ კითხვასაც აღარ დასვამ. რისთვის შეიქმნა ადამიანი? ღვთის ხატად შეიქმნა. იგი არის არსება, რომელსაც დინამიკური განვითარების უფლება აქვს, უნდა გახდეს მსგავსი უფლისა. იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ღვთის მსგავსი, მას უფალთან ურთიერთობა სჭირდება, რომელიც არის წყარო სიცოცხლისა და მისი ადამიანობისა. ეს ურთიერთობა იწოდება ლოცვად. ლოცვა ამჟღავნებს იმას, თუ რამდენად ვენდობით შემოქმედს, როგორ ვიცნობთ მას. თუ ცუდად ვიცნობთ ღმერთს, ცუდად ან საერთოდ არ ვლოცულობთ, თუ არასწორად ვიცნობთ, არასწორად ვლოცულობთ. მაგრამ თუ კარგად ვიცნობთ უფალს, მაშინ ჩვენი ლოცვა გვაახლოებს მასთან, ის გვისმენს ჩვენ და ჩვენ გვესმის მისი. დაბოლოს, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ლოცვის დროს მხოლოდ ის ვერ ნახულობს, ვისაც ლოცვა არ სურს.

ვირტუალურმა სამყარომ და სერიალებმა ლამის რეალური დაგვავიწყოს
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კარგავს ძვირფას დროს ინტერნეტ საიტებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში ,,ძრომიალით". ეს ყველაფერი თითქოს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ვირტუალურმა სამყარომ ლამის რეალური დაგვავიწყოს. ძალიან ბევრს ვეღარც კი წარმოუდგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ინტერნეტმიჯაჭვულობა თანამედროვე საზოგადოების კიდევ ერთი პრობლემაა. რეალობის ჩანაცვლება ვირტუალურით ადამიანური შეგრძნებებისა თუ განცდების დეფიციტს ქმნის და აუცილებლად უარყოფითად აისახება ფსიქიკაზე.

ფეისბუქი ჩვენი ცხოვრების ნაწილი რომ გახდა, ამაზე უკვე არავინ დავობს. ფეისბუქით ვამცნობთ ნაცნობ-მეგობრებს როდის გაგვეღვიძა, ფინჯან ყავაში რამდენ კოვზ შაქარს ვიყრით, რა გვაწუხებს, გვახარებს, ვკამათობთ, ვლანძღავთ, ჭკუას ვასწავლით, ბოლო დროს ღმერთიც მხოლოდ იქ გვახსენდება. მოკლედ, ფეისბუქში ვცხოვრობთ. მთავარი დამავიწყდა, - ფეისბუქში ვთამაშობთ. და კაცმა რომ გვკითხოს, არასდროს არაფრის დრო არ გვრჩება.

ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებზე რაღაც დოზით დამოკიდებულებას ვერსად გავექცევით, 21-ე საუკუნეში სხვაგვარად ცხოვრება წარმოუდგენელია, ინტერნეტსივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ესა თუ ის ინფორმაცია გავრცელდეს უსწრაფესად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ უნდა ვისწავლოთ დროის კონტროლი. იმ დროისა, რომელიც უფალმა რეალური საქმეების საკეთებლად მოგვცა.

დროის ფუჭად კარგვასთან არის, ალბათ, დაკავშირებული სერიალდამოკიდებულების პრობლემაც, რომელიც საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოში. ჩვენთან სერიალები 90-იან წლებში გამოჩნდა და დღემდე მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ძვირფასი დროის ნაწილს მათ უთმობს და ხშირად არა მარტო უთმობს, მისითაც იწყებს ცხოვრებას. ბოლო დრომდე ჩვენს სამშობლოში პოპულარობით ლათინურ-ამერიკული და ერთი-ორი ქართული სერიალი სარგებლობდა, დღეს კი რეიტინგით ყველას თურქულმა სერიალებმა აჯობა. ,,პირველი მერცხალი" კი "მაესტროს" ეთერში გასული ქართულად გახმოვანებული ,,სიყვარული და სასჯელი" გახლავთ. სერიალის მთავარმა გმირმა, სავაშმა, დაიპყრო ქართველი ქალების გულები და სულ რამდენიმე კვირაში გახდა ვარსკვლავი ჩვენს ქვეყანაში. ქალების ერთმა ნაწილმა დაკარგა რეალობის შეგრძნება და ფილმის მთავარ გმირს აღიქვამს, როგორც რეალურს, მეტიც, მიაჩნია, რომ სერიალის გმირი თურქი მამაკაცების უმრავლესობის პროტოტიპია და დანანებით ამბობენ, რომ ჩვენთან იშვიათად შეხვდებით ამ ღირსეულ კაცებს.

სერიალებში ყოველი ეპიზოდი მთავრდება დაპირებით, რომ თხრობის ხაზი სხვა ეპიზოდში განვითარდება. დრამატურგიული წყობა განაპირობებს არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, არამედ მის მუდმივ დაძაბულობასაც, მოლოდინს - თუ რა იქნება შემდეგ. უფრო სწორად, როგორ იქნება? რამდენადაც დასასრული სავარაუდოდ ცნობილი და პროგნოზირებადია, ინტერესს იწვევს იქამდე მისასვლელი ,,გზა". ინტერნეტმა სერიალების ყურება ,,გაადვილა", აღარ ელოდები, რა მოხდება შემდეგ სერიაში, ,,გუგლში" წერ სასურველი სერიალის სახელს და შემდეგ რამდენიმე უძილო ღამის ხარჯზე ყველა სეზონს ,,ერთი ხელის მოსმით ნახულობ". ახლა შეგიძლია, ნაცნობ-მეზობლებს წაეტრაბახო, - ასე მოხდება შემდეგ სერიაშიო. თავისთავად სერიალის ყურება ცუდი არაა, უბრალოდ, რეალური საქმეების საკეთებელი დრო არ უნდა გადაიყოლოს, თორემ იცოცხლეთ, თქვენს მონა-მორჩილსაც ხიბლავს ბოლო დროს ეს თურქული სერიალები. ჰოდა, საკუთარ ტყავზე გამოვცადე, როგორ ,,მომპარა" ძვირფასი დრო სერიალმა და სანაცვლოდ არაფერი დამიტოვა. ისე გადავერთე ვიღაცის ცხოვრებაზე, რომ ლამის საკუთარი დამავიწყდა. არადა, ხომ შემეძლო, მისი ყურების ნაცვლად განტვირთვის სხვა საშუალება მენახა, ისეთი, სასარგებლოც რომ იქნებოდა.

ბეჭდვა
1კ1