ათეიზმის კრიტიკა წმ. ალექსი შუშანიასთან
ათეიზმის კრიტიკა წმ. ალექსი შუშანიასთან
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს, სოფელ ნოქალაქევში (სენაკის მაზრა). მომავალში მღვდელ-მონაზონი ალექსი მორწმუნე დედ-მამის, ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ოჯახში იზრდებოდა. წმინდანის ბიოგრაფია სრულად აქვს გადმოცემული ონოფრე შუშანიას2; როგორც ონოფრე შუშანია წერს, "...გადმომცემდა ხოლმე ხშირად ჟამსა თანა ყოფობისა მისთან ჩემისასა"3. მამის გარდაცვალების შემდეგ, იოანე (ალექსი) შუშანია მიემგზავრება ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან4, ქალაქ კონსტანტინეპოლში.

საქართველოში დაბრუნებული ოცი წლის ალექსი 1873 წლიდან იწყებს ბერულ ცხოვრებას, თუმცა, 1875 წელს ის ჯერ კიდევ არ არის გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ მორჩილად შემოსილი. 1875 წლამდე ალექსი ანდრია სალოსის მიბაძვით სალოსობდა, დადიოდა სოფლებში და ეხმარებოდა მძიმე სენით (ჭლექით) დაავადებულებს.
ჯერ კიდევ მორჩილ ალექსის თხოვნით მიმართა ძველი ათონის ქართველთა სავანის წინამძღვარმა, ბენედიქტე ბარკალაიამ, გაყოლოდა ათონის მთაზე, რადგანაც: "მაქვს ბევრი საწერ საქმეებიო"5.  ხუთი თვის შემდეგ ალექსი ტოვებს ათონის წმინდა მთას და მიდის კიევში, მოილოცავს წმინდა ადგილებს და ბრუნდება საქართველოში. შემდეგ თავისი მოძღვრის, თეოდოსი ერისთავის რჩევით ალექსი გელათის მონასტერშია, მომდევნო ხანს ხობის მონასტრის არქიმანდრიტ ბენიამინის (ჭყონია) თხოვნით გადადის ხობში. ყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით ალექსი ბერი, ხობის მონასტერში, ხელთდასხმულია დიაკვნად (1886 წ.) და შემდგომ მღვდელ-მონაზვნად (1888 წ.).

პროფესორი მიხეილ ქავთარია6 აღნიშნავდა: ,,იგი ქართველი იყო და ქართული ცხოვრების მდინარებაში თავისი წვლილი შეჰქონდა, ზოგჯერ პროზით და ზოგჯერ პოეტური სიტყვით". მამა ალექსი ეწეოდა მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას, მიუხედავად ამისა, მისი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არცერთი მნიშვნელოვანი, საქვეყნო, ეროვნული თუ სულიერი საქმე. წმინდა ბერი ეწეოდა სალიტერატურო საქმიანობას, მის კალამს ეკუთვნის სულიერი დარიგებები, პროზად და ლექსად. ეს დარიგებები, შეგონებები მიძღვნითი ხასიათისაა და ბევრს კონკრეტული ადრესატი ჰყავს, მაგალითად: "ბერობის მსურველს გულა ნადარეიშვილთან მიწერილი", "დისა ჩემისა სალომესადმი ქალიშვილობის დროზედ მიწერილი" და სხვა. როგორც ჩანს, მამა ალექსი აკვირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე სალიტერატურო პროცესებს, ის საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ლევ ტოლსტოისა და მისი შემოქმედების, ასევე ქართველი "ტოლსტოელების" მიმართ: ,,შემოკრბით ანტესთანა მამისა თქვენისა ტოლსტოვისა, რომელიც ქრისტეს ნაცვლად შეიწყნარეთ და გიყვარსთ თქვენ. შემოკრბით მისთანა სიხარულით, რამეთუ ძილსა შინა სიბნელისა თქვენისასა დასთესა ღვარძლი". სავსებით ცხადია ასკეტი, მოღვაწე ბერის მსგავსი დამოკიდებულება "ტოლსტოელებისადმი".

მამა ალექსი არ ერიდებოდა საკუთარი აზრი გადმოეცა ისეთი დიდი პოეტისა და პოემის შესახებ, როგორიც გახლავთ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი". "ღირსი ალექსი დაუღალავი ტემპერამენტით, თამამი ფრაზით, ქრისტიანული სულისკვეთებით შეყვარებელი და დამუხტული, ღირსეულად მონაწილეობდა იმდროინდელ მოვლენებში" (მიხეილ ქავთარია). ლექსში "შოთა", მამა ალექსი ნათლად წარმოაჩენს თავის დამოკიდებულებას პოემისადმი: "შოთას სიბრძნეს და მწერლობით ხელოვნებას უმაღლეს ხარისხით საეროვნო მწერლობაში, პატივს ვცემ, ხოლო მის ნაწარმოებში ხრწნილებითი გემოსადმი აღმაფრენ მხატვრობას მორიდებით ვეხები". მართალია, მამა ალექსი შოთას პოემის მხატვრულ მხარეს მორიდებით ეხება, მაგრამ თავად ლექსში ფრიად თავისუფალი აზრებია გადმოცემული; იგი იქვე ითხოვს: ,,ყვედრსა ნუ დამკრებთ სიმართლისათვის."

წმ. ალექსი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ღმერთის უარყოფა ადამიანის ბუნებისათვის არაორგანულია, რამდენადაც ის ბუნებით მორწმუნე არსებაა. ბერი ცდილობს დაამტკიცოს ღმერთის არსებობა და ამისთვის მას მოჰყავს კოსმოლოგიური, ეთიკური (სინდისისმიერი), ე.წ "მორალური" არგუმენტები7, ასევე, მასთან გამოკვეთილი ადგილი უჭირავს შესაქმისადმი დაკვირვების, მისი მოწყობით (გონიერებით) გაკვირვებას და აქედან ლოგიკურ დასკვნას - ყოველივე ეს ღმერთმა შექმნა. ონოფრე შუშანია აღნიშნავს, რომ ალექსი ბერთან ორი ძირითადი გზაა, რომელსაც ღმერთამდე მივყავართ, ერთი კოსმოლოგიური და მეორე ფსიქოლოგიური8. აქვე დავამატოთ ანთროპოლოგიური არგუმენტები, რომელიც წმინდანის ღვთისმეტყველებაში უხვად მოიპოვება. ათეიზმის კრიტიკასთან მიმართებით ალექსი სენაკელის საკვანძო კითხვაა, თუ "რა მოაქვს უღმერთოებას?"9

მღვდელ-მონაზონი ალექსი ქართულ სააზროვნო ტრადიციაში ეპოქათა შორის გარდმავალი პერიოდის ღვთისმეტყველია. ამ პერიოდში მხოლოდ მის შემოქმედებაზე დაკვირვებითაც ჩანს, რომ ქვეყანაში ათეიზმი მძვინვარებს. ამ მხრივ, საინტერესოა ალექსი შუშანიასა და ექიმ ივანე გომართელს (1875-1938 წწ.)10 შორის არსებული მიმოწერა, რომელშიც განხილულია ე.წ. თეოდიცეის პრობლემა, თუ რატომ იტანჯებიან ადამიანები და რატომ აჩენს ყოვლადკეთილი ღმერთი ამდენ დაავადებას, რომელსაც უცოდველი ბავშვების სიცოცხლე ეწირება. ამ მომოწერაში ნათლად ჩანს ის დიალოგი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს მეცნიერებასა და რელიგიას შორის.

ალექსი ბერს საღი დამოკიდებულებები აქვს ისეთი მნიშვნელოვანი თემებისადმი, რომლებზეც აზრის გამოთქმისას წონასწორობის დაცვა აუცილებელია; ასეთი თემაა ეროვნული საკითხი. წმ. ალექსისთან ვერ შევხვდებით ისეთ ეთნოფილეტისტურ განცხადებებს, როგორიც შემდგომი საუკუნეების მოღვაწეებსა თუ ჩვენს თანამედროვეებს ახასიათებთ. ონოფრე შუშანია შენიშნავს, რომ ყოველივე ეს განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ალექსი ბერს არ გაუვლია მეფის რუსიფიკატორული სკოლა, ასცდა ამ ატმოსფეროს11.

"არავის შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არის, რადგან ცასა და ქვეყანას ვერ გააქარწყლებს, რომელიც ღაღადებს ბრძენმა შემქმნაო"12. ადამიანი საკუთარ თავს უნდა დააკვირდეს, რადგან იგი ერთგვარ მიკროკოსმოსს წარმოადგენს, სადაც მთელი შესაქმის ექვსი დღეა თავმოყრილი: "მოიქეც თავსა შორის შენსა და უმეტეს ყოველთასა გიკვირდეს, რამეთუ შენში არის ხმელეთი ესე თავისი ბუნებით, შენში არის ზღვა ესე ღელვითა და მყუდროებითა, შენში არიან ყოველნი ცხოველნი, შენში არის ცა და ჰაერი, შენში არიან ანგელოზნი, მაუწყებელნი ღვთისა საიდუმლოსანი და შენში არის თვით ამათ ყოველთა შემოქმედი და მაცოცხლებელი ღმერთი"13. აი, ის მიზეზი, რისთვისაც ალექსი ადამიანს სახელდებს, როგორც "მცირე სოფელს".

ლექსში "წიგნისაგან "შექმნა" რაოდენიმე სიტყვა" წმ. ალექსი საუბრობს შესაქმეზე. მას გალექსილი აქვს წმ. გრიგოლ ნოსელის აზრი იმის შესახებ, თუ რატომ ქმნის ღმერთი ადამიანს ყველაზე ბოლოს; იგი წერს:

"ესრედ სრულ ჰყო რა უფალმან,
სერი დიდი მზადებული,
მაშინ იქმნა შეყვანებულ
კაცი მეფედ ბადებული..."14.

და მაინც, რა მოაქვს უღმერთოებას? ყველა სხვა საკითხთან ერთად ეს კითხვა მოიცავს როგორც ათეიზმის კრიტიკას, ისე ალექსი შუშანიას ეთიკურ შეხედულებებსაც, რამდენადაც მასთან სინდისი ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის განუყოფელი ნაწილია და ერთგვარ საღვთო ნაპერწკალს წარმოადგენს. იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი არსებობს, ადამიანს შორს წასვლა არ სჭირდება, ყოველივე ამას საკუთარ თავზე დაკვირვება აცხადებს: "შორს არ გჭირია წასვლა საცნობად, თვით თავი შენი სავსედ მოგვითხრობს"15.  ბერის აზრით, იმის დაჯერება, რომ ,,ბუნებით გაჩნდა ქმნილება" წარმოადგენს ჯოჯოხეთურად მწარე ცეცხლს, რამდენადაც მსგავსი მიდგომით ადამიანის სული უნაყოფო ხდება და ასეთი დაჯერებულობის ერთადერთი ნაყოფი სულის სიბნელეა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ ღვთის შექმნილები არ არიან, არამედ "ბუნების" (ევოლუციის) კანონზომიერების პროდუქტები, აკლდებიან იმ პატივს, რომელიც შესაქმისას ღმერთმა განუკუთვნა და გვირგვინოსან-ჰყო - აკლდებიან "ციურს აღმტაცსა გრძნობას" და უერთდებიან პირუტყვებს. ღვთის უარისმყოფელი ადამიანები მომავლისთვის არ ნაღვლობენ, მათ დახშული აქვთ მომავალი ცხოვრების პერსპექტივა, ასეთი ადამიანები ჰედონისტური მისწრაფებებით გამოირჩევიან:

"ხორცმა რა მიყო, ვაიმე: არ მომცა ფიქრი სხვაზედა
ქორწინებისთვინ გავჩნდიო, ცეკვა-თამაშით სმაზედა..."16.

წმ. ალექსი ბერს ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები და წმინდანიც არ გაურბოდა მათთან სჯა-ბაასს. როგორც ონოფრე შუშანია გადმოგვცემს: მიუხედავად იმისა, რომ ბერი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, შაბათ-კვირას მაინც ახერხებდა ხალხთან გასაუბრებას. სწორედ ამ მიზნით შეადგინა ალექსი ბერმა დიალოგური ფორმის წერილი, რომელიც აღწერს საუბარს ერთ ჭაბუკთან. ახალგაზრდა ალექსი ბერს ეკითხება ,,ქვეყნიერებითი ცხოვრების რწმენასა და ცოდნაზე", ბერის პასუხები კი, რა თქმა უნდა, რელიგიურია. ღმერთმა სამყარო წინასწარგანზრახულობით შექმნა თავისი მიუწვდომელი სიბრძნით. წმ. ალექსი ჭაბუკს ეკითხება: "მითხარ, უჭკუოსაგან ჭკვიანი დაიბადება თუ არა? ესე იგი, თუ თვითონ ჭკუა-გონების უქონი არსებაა, მისგან ჭკუა და გონების მქონი არსება დაიბადება თუ არა?"17 გამომცდელი ახალგაზრდა ამ კითხვის შემდეგ ჩიხში შედის, ხოლო ბერი არწმუნებს მას, რომ "ჭკუა და სიბრძნე არსებობს გამგედ ცისა და ქვეყნისა!"18.

ლექსში "უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისათ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების" წმ. ალექსი ისევ შესამქზე აკეთებს აქცენტს: ღვთის მიერ ყოველივე "განიშვა თვისად, გაშენდა გვარად წეს-დებულია". ღვთის მიერ შექმნილი ბუნება ყოველივე სიკეთით შეიმკო და ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, ვისი ნებით შეიქმნა სამყარო: "მოწმობენ ვისგან ვლენან ალაგთა, სიბრძნის თეატრნი ქვეყნის ბრწყინავნი"19.
უღმრთოება რომ ადამიანის ბუნების უარყოფაა, წმ. ალექსი ბევრგან მიუთითებს. ის გულისტკენით აღნიშნავს, ე.წ. "ატომისტები" (ამ შემთხვევაში ალექსი ბერი ატომისტებს უწოდებს იმ მეცნიერებს, რომლებიც სამყაროს ღვთიურ წარმომავლობას უარყოფენ და ცისა და ქვეყნის წარმომქმნელ მიზეზად "ჰაერში მცურავ" ატომს ასახელებენ) არიან ის მეცნიერები, რომლებმაც შებღალეს მეცნიერთა სახელი. სწორედ ამგვარი მეცნიერების საშუალებით მოუწოდებენ ადამიანებს გზა გაუხსნან სანატრელ ჰედონიზმს. ბერი წერს: ღვთის არსებობის აღიარება აღმოაჩინეს როგორც ადამიანის დამღუპველი, ხოლო უღმერთოება სამყაროს ნეტარების წყაროდ გამოცხადდა, რაც შემდეგი რეზოლუციითაც გააფორმესო - "ხალხმა პირი ქნას საამქვეყნო ბედნიერებისკენ და საიმქვეყნო ბედნიერებაზე ხელი აიღონ"20. ასეთი ადამიანებისთვის მაღალ-სიბრძნე, მეცნიერება და ფილოსოფიაც კი არაფერს წარმოადგენს. მამა ალექსი უღმერთოების გაგებას უკავშირებს ეთიკის სფეროს. როგორც ბერი წერს, ღვთის უარყოფა ნიშნავს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის მოსპობასაც. უღმერთო ცხოვრება ბერისთვის პირდაპირპროპორციულია პირუტყვული ცხოვრებისა!

ამრიგად, წმ. ალექსის (შუშანია) მიერ ათეიზმის კრიტიკა გამოწვეულია ამ პერიოდის მეცნიერული "მიღწევებით" და, ასევე, ბერის წუხილით ადამიანთა აწმყოსა და მომავალზე. როგორც ჩანს, ეს ურთიერთობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის დაპირისპირების ხასიათს ატარებდა: მეცნიერების წარმომადგენლების მხრიდან იყო ერთგვარი მოწოდებები ღმერთის არარსებობის შესახებ. ბერი-ფილოსოფოსი თავისი ღვთისმეტყველებით, ბიბლიაზე, პატრისტიკაზე დაყრდნობით (როგორც ბერი ონოფრე შუშანია აღნიშნავს) ცდილობს, რამდენადაც ეს რელიგიური მოღვაწეობის ფარგლებშია შესაძლებელი, წეროს უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე-განამტკიცოს ისინი რწმენაში და, ყველაფერთან ერთად, შესთავაზოს მათ საუკუნო და დაუსრულებელი ცხოვრების იმედი. ეს იმედი კი ღვთის შვილობის განცდიდან იწყება: "გულისხმა-ჰყავ გონიერად ესე ყოველივე და ამ ბოლო დამტკიცებას უფრო დაუკვირდი, რამეთუ სადაცა სიბრძნე მეცნიერობს, მუნცა უეჭველად სიცოცხლეა, და სადაცა სიცოცხლე უნივთოდ სიბრძნითა და მეცნიერებითა არსებობს, სხვა რამცა იყოს ესე, გარნა ღმერთი, რომლისა მზგავსებასა ჩვენ ზიარ გვყო უაღმატებულესითა პატივითა და ამითვე სიბრძნითა და მეცნიერებითა ნათესავ ღვთისა და შვილ მაღლისა ვიწოდენით?"

შოთა ყურუა
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

შენიშვნები:
  1. არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, ღირსი ალექსი შუშანია, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია; წვდომა განხორციელდა: 4.01.2023. http://encyclopedia.ge/ka/articles/91
  2. ონოფრე ივანეს (ისლამის) ძე შუშანია, ფსევდონიმით ო. მწირი, პოეტი, მთარგმნელი, დამსახურებული პედაგოგი, 1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი. 1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ონოფრე ივანეს (ისლამის) ძე შუშანია ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ინსპექტორად ინიშნება.
  3. ღირსი მამა ალექსი და მისი სავანე, რედაქტორ-გამომცემელი არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა), თბილისი: "ფარნავაზი", 1999 წ., გვ. 22.
  4. ისლამ შუშანია, ცნობილი ვაჭარი, სქემ-მონაზვნობაში იოვანე. ისლამ შუშანია წმ. ალექსი ბერის დაჟინებული თხოვნით ტოვებს სტამბოლს და მოემგზავრება საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებული ისლამი სახლდება სოფელ კვაუთში და იქვე აღესრულება სქემ-მონაზვნის ხარისხში. განისვენებს კვაუთის მთვარანგელოზთა ტაძრის ეზოში.
  5. ღირსი მამა ალექსი და მისი სავანე, რედაქტორ-გამომცემელი არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა), თბილისი: "ფარნავაზი", 1999 წ. შუშანია, ო. საეკლესიო მოაზროვნე და პოეტი ალექსი ბერი (შუშანია), გვ. 36.
  6. "საღმრთო წადილი" , წინასიტყვაობა, თბილისი: "მთაწმინდა", 2014 წ. მიხეილ ქავთარია - ფილოლოგიის მეცნიერებთა დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. გარდაიცვალა 2019 წლის 14 აპრილს.
  7. იხ. კოპალეიშვილი, ნ., ღმერთის არსებობის არგუმენტები ქართულ აზროვნებაში, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, წვდომა განხორციელდა: 17:01:2023.
  8. წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), გვ. 30.
  9. წმინდ ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), გვ. 289.
  10. ქართველი ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
  11. წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), გვ. 53.
  12. წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), ხალხი და ეკლესია, გვ. 220.
  13. წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), ონოფრე შუშანიას წერილიდან, ბუნებისათვის კაცისა, გვ. 31.
  14. ალექსი ბერი, წიგნისაგან "შექმნა" რაოდენიმე სიტყვა, გვ. 452.
  15. ალექსი ბერი, "სთქვა უგნურმან გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი", და დაეფლა ცოდვებში, გვ. 480.
  16. ალექსი ბერი, გოდება ხორცისა მდაბიოთთვის, გვ. 440.
  17. ალექსი ბერი, ერთხელ ჭაბუკმან ვინმე მინახულა და დამიწყო შემდეგის სიტყვებით დავა და გამოცდა, გვ. 208.
  18. იქვე, გვ. 208.
  19. ალექსი ბერი, ებანი, "უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისათ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების", გვ. 529.
  20. წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება(სრული კრებული), ალექსი ბერი: უღმერთოება ბუნების უარისყოფაა, გვ. 378.
ბეჭდვა
1კ1