წერილები ციხიდან
წერილები ციხიდან
უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული
ჩემი მამა იოანე
ვუძღვნი ჩემი მოძღვრის, მამა იოანე გაბრელიანის ნათელ ხსოვნას

ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს...

ძნელია თქვენზე წარსულში საუბარი და წერა!

ერთ გამორჩეულ დღეს "მატროსოვის" ქალთა ზონაში მობრძანდით და მოიტანეთ ჩემი მშობლიური მცხეთის სურნელი, საოცარი სითბო და სიყვარული!..

მაშინ ჩემი 3 წლის ვაჟი მოსანათლი იყო. სულ წუხდით, ბავშვი დროზე მოვნათლოთო... უფალმა ინება და პატარა გუგას ნათლიები მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი (კობახიძე) და მონაზონი - დედა თებრონია გახდნენ. მახსოვს, როგორ გაიხარეთ ამ ამბის გაგებით, თვალები გაგიბრწყინდათ. მაშინ მითხარით, მარტო ამისთვის ღირდა შენი პატიმრობა, იმხელა მადლი გადმოვიდა შენს ოჯახზე და შვილზე, წარმოდგენაც არ შეგიძლიაო.

სხვა პატიმარ ქალებთან ერთად გულისფანცქალით ველოდი თქვენს მობრძანებას. ჩვენი "მატროსოვიდან" რუსთავში გადაყვანის შემდეგ პირველი სასულიერო პირი თქვენ იყავით, ვინც მოგვაკითხა. არასოდეს მიგიტოვებივართ.

გამუდმებით თვალწინ მიდგას თქვენი მოზომილი, დინჯი ნაბიჯები, მოდუდუნე ხმა და დარიგებები. პატიმრებისთვის ყოველთვის მოგქონდათ საჩუქრები: ხატები, სანთლები, ჟურნალები... ახლა თქვენს ნაჩუქარ ხატებს ვეფერები, მამა იოანე!

თავს ვერასოდეს ვაპატიებ იმ ტკივილს, ბოლო შეხვედრისას რომ მოგაყენეთ. მაშინ აღსარება ჩაგაბარეთ! ჩემდა გასოცრად, მწარე სიტყვები მითხარით, წინ დამილაგეთ ჩემი ხასიათის დადებითი და უარყოფითი თვისებები. მითხარით ის, რაც ძალიან ძნელი მოსასმენი და აღსაქმელი იყო ჩემთვის... მაშინ გითხარით, - როცა მოხვალთ, მე არ დამიძახოთ-მეთქი. როგორი ტკივილიანი, ნაღვლიანი თვალებით მიყურებდით! ასეთი დამამახსოვრდით...

რა უღირსი ვარ! როგორ გატკინეთ გული!

მეორე დღეს დაგირეკეთ და პატიება გთხოვეთ! მითხარით, მე უკვე გაპატიე, კარგად იფიქრე იმაზე, რაც გითხარიო... შენ გამორჩეულად მიყვარხარ და მინდა გამორჩეული იყოო... თან შემპირდით, ცოტა შეუძლოდ ვარ და როგორც მოვმჯობინდები, მაშინვე მოგინახულებთო! ვერ შემისრულეთ დანაპირები, ასე ინება უფალმა!

ბრწყინავლე შვიდეულში აღესრულეთ! ამ ამბის გამგონემ ხმამაღალი ტირილით ავიკელი ყველაფერი! მეჩხუბებოდნენ, მეხვეწებოდნენ, ნუ ტირი, არ შეიძლებაო. როგორ არ მეტირა, მე ხომ მეორედ დავობლდი.

ორდღიანი განუწყვეტელი გლოვა-ტირილის შემდეგ სიზმარში გნახეთ: წმინდა სამების პატარა და თამარის დიდი ხატი მაჩუქეთ! შუბლზე მაკოცეთ და წახვედით... დილით გავიგე, რომ იმ დღეს თამარობა იყო. თქვენ პირველმა მომილოცეთ თამარობა. მივხვდი, რომ არასოდეს მიმატოვებთ, სულ ჩემთან იქნებით.

სულ იმას ვამბობდი, როცა საპატიმროდან გავთავისუფლდები, მამა გაბრიელის საფლავზე მივალ და ვილოცებ, სამთავროს დედებს მოვინახულებ და მამაჩემის საფლავზე ტირილით გულს ვიჯერებ-მეთქი!

ახლა ზუსტად ვიცი, როცა უფალი ინებებს და ბორკილებს შემხსნის, თქვენს საფლავზე მოვალ და კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, მოგითხრობთ ყველაფერს, რაც დამრჩა სათქმელი...

25 მაისს სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონში" გავიმარჯვე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ეს გამარჯვება თქვენს ნათელ ხსოვნას მივუძღვენი, მამა იოანე. თქვენ ჩემი გჯეროდათ, მაიმედებდით, მანუგეშებდით და მარიგებდით. მინდა გავამართლო თქვენი იმედები, შევეცდები ისე ქრისტიანულად ვიცხოვრო, თქვენ რომ გსურდათ, თქვენ რომ მოგეწონებოდათ!

მე ყოველდღე ვლოცულობ თქვენთვის, უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული.

პატიმარი ქალი, მხევალი ღვთისა თამარ ბაშარაძე

ბეჭდვა
1კ1