ნათელი მწუხარება
ნათელი მწუხარება
ხშირად იტყვიან, დიდ სიხარულს ყოველთვის სამწუხარო ამბავი მოსდევს, მწუხარებას კი, პირიქით, სიხარულიო. ამას თითქოს ეჩვევა ადამიანი და შინაგანად ელოდება კიდეც ასეთ ცვალებადობას. თითქოს ყველაფერი წონასწორდება.
მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელსაც შეიძლება ნათელი მწუხარება ეწოდოს. ასეთია დიდმარხვის ღვთისმსახურება. პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი ამომწურავ განმარტებას იძლევა ამ საკითხზე. ის ამბობს, რომ მარხვის მიზანია, გული ისე მოგვილბოს, რომ შევიცნოთ ღმერთთან ურთიერთობის აქამდე დაფარული წყურვილი.

მარხვის ეს ატმოსფერო ძირითადად ღვთისმსახურებითა და ლიტურგიკულ ცხოვრებაში შემავალი სხვადასხვა ცვლილებით იქმნება. თუ ამ ცვლილებებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განვიხილავთ, შეიძლება, ისინი ფორმალურ წესებად მოგვეჩვენოს, მაგრამ ერთად აღებულნი ისინი მარხვის შინაარსს გვიხსნიან და გვაიძულებენ, შევიგრძნოთ ის ნათელი მწუხარება, რომელშიც მდგომარეობს მარხვის ჭეშმარიტი არსი.

ერთი მხრივ, მართლაც ჩუმი მწუხარებით არის გამსჭვალული მთელი მსახურება: შესამოსლები მუქია, მსახურება - ჩვეულებრივზე გრძელი, მონოტონური, თითქმის უმოძრაო. დიდხანს ვდგავართ ამ ერთფეროვან ლოცვაზე, ამ ჩუმ მწუხარებაში, მერე კი თანდათანობით ვიწყებთ გაგებას ან, უფრო უკეთ, შეგრძნობას იმისა, რომ ეს მწუხარება ნათელია, რომ ჩვენში რაღაც საიდუმლო ფერისცვალება მიმდინარეობს. თითქოს ისეთ ადგილას ვხვდებით, სადაც ვერ აღწევს ხმაური და ცხოვრების ქაოსი, შფოთვა სადღაც ქრება და ჩვენ თავისუფლების შეგრძნება გვეუფლება, თავს მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობთ. ეს ღრმა ბედნიერებაა. ამ დროს ჩვენი სული სხვა სინათლით, მშვიდობით, სიხარულითა და გამოუთქმელი იმედით ივსება და ვხვდებით, რატომ უნდა იყოს მსახურება ესოდენ გრძელი და მონოტონური, ვხვდებით, რომ ასეთ მსახურებას სხვა სამყაროში - ღმერთთან ერთად არსებობაში - გადავყავართ.

და მაშინ, როდესაც ამ საიდუმლო თავისუფლებას, სიმსუბუქესა და მშვიდობას შევიგრძნობთ, ღვთისმსახურების სევდიანი ერთფეროვნება ახალ აზრს იძენს, ფერისცვალებას განიცდის, გაბრწყინდება შინაგანი მშვენიერებით, როგორც მზის ნაადრევი სხივებით, მწვერვალებს იმ დროს რომ მოეფინება ხოლმე, როცა ქვემოთ, მინდვრებზე, ჯერ კიდევ უკუნია. ეს ნათელი და დაფარული სიხარული იღვრება "ალილუიას" ხშირი გალობიდან, დიდმარხვის მსახურების საერთო განწყობილებიდან. ის, რაც თავდაპირველად ერთფეროვანი გვეჩვენებოდა, სიმშვიდედ გარდაიქმნება; ის, რაც თავიდან სევდას გვგვრიდა, აღიქმება, როგორც სულ პირველი მოძრაობა სულისა, რომელიც დაკარგულ სიღრმეებს უბრუნდება. ეს ის არის, რასაც ყოველ ცისკარზე გვაუწყებს დიდმარხვის "ალილუიას" პირველი მუხლი: "ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი".

მწუხარე ნათელი: მწუხარება დევნული, გაფლანგული ცხოვრების გამო; ღვთისმყოფობისა და მისი მიტევების ნათელი, ღვთისადმი ხელახლა შობილი სიყვარულის ბედნიერება და მამისეულ სახლში დაბრუნების სიმშვიდე, - ასეთია დიდმარხვის ღვთისმსახურების განწყობილება, ასეთია მისი პირველი შეხება ჩვენს სულთან.

ღმერთმა ყველას მისცეს ასეთი ნათელი მწუხარების შეგრძნება.

საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ნინო კანდელაკი
ბეჭდვა
1კ1