ერთ არს მოძღვარი თქვენი - ქრისტე!
ერთ არს მოძღვარი თქვენი - ქრისტე!
ფუჭი დიდების ტრფიალების შხამი ძლიერია და გადამდები, ცუდმედიდობის ვნება ზოგჯერ ერთი შეხედვით მდაბალთა გულებსაც აღელვებს. ამიტომ როცა საქმე ეხება ყველა ბოროტების მიზეზს - უფროსობის სიყვარულსა და მასწავლებლის კათედრით აღტაცებას, მაცხოვარი ამ მანკიერებას მთელი სიმკაცრით ამხელს, მთელი ძალითა და მოშურნეობით უპირისპირდება. იგი თავის მოწაფეებს აფრთხილებს: "ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი", ნუ აღგაფრთოვანებთ ეს წოდება, ნუ დაუწყებთ მას ძებნას, ნუ ეცდებით, მასწავლებლებს გიწოდებდნენ და ნუ გამოიწვევთ სხვებს, რათა ასწავლოთ, როცა ამისთვის არ ხართ მოწოდებულნი; და კიდეც რომ იყოთ, ღმერთმაც რომ დაგადგინოთ მასწავლებლად და სამღვდელო წმინდა კანონმაც ასე გიწოდოთ, მაშინაც არ აიმაღლოთ თავი, ვინაიდან ეს წოდება თქვენ მოგენიჭათ როგორც წყალობა, "რამეთუ მასწავლებლის ღირსება საკუთარი მნიშვნელობით - ოდითგანვე და სავსებით სამართლიანად - მიეკუთვნება მხოლოდ ღმერთს; "რამეთუ ერთ არს მოძღუარი თქვენი - ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ", და ერთი მეორეს არაფრით აღემატება, რადგან არაფერი აქვს თავისი, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - ამიტომაც ნუ იფიქრებთ, რომ რამით აღემატებით მათ, ვინც მასწავლებელს გიწოდებთ".

უფლის ამ სიტყვების განმარტებისას მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: "როგორ, განა ქრისტიანულ ეკლესიაში ზოგი მასწავლებლად არ იწოდება? მოციქული პავლეც ხომ უწოდებს თავს წარმართების მოძღვარს? აკი ამბობს კიდეც: "რომელნიმე დაადგინნა ღმერთმა ეკკლესიათა, პირველად - მოციქულნი, მეორედ - წინასწარმეტყველნი, მესამედ - მოძღუარნი" (1 კორ. 12:28). როგორ მოვარიგოთ ეს ერთმანეთთან? იოლად. ღვთაებრივი მოციქული, უდავოა, არ სცოდავს, როცა ამოწმებს, რომ ღმერთმა ეკლესიაში მოძღვარნი დაადგინა, ამიტომაც არც ჩვენ ვცოდავთ, როცა ვცნობთ ეკლესიის მოძღვართ, რომლებიც ამ წოდებაში დაადგინა ღმერთმა. მოციქული ჭეშმარიტებას ამოწმებს, როცა ამბობს: "დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, ჭეშმარიტსა ვიტყვი ქრისტეს მიერ და არა ვჰსტყუი, მოძღუარად წარმართთა სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა" (1 ტიმ. 2:7). უფალი ჩვენი სამოძღვრო საქმეს კი არ უარყოფს, იმას კი არ ამბობს, მასწავლებლები არ იყვნენო, - ეს შეუძლებელიც იქნება, ვინაიდან არიან მოწაფენი და ყველა ქრისტიანი მოწაფეა და დასაბამიდანვე იწოდება მოწაფედ, ამიტომ უნდა იყვნენ მასწავლებლებიც, განსაკუთრებით - მას შემდეგ, რაც ის, ვინც ყველას მოძღვარი იყო, ამაღლდა ზეცად; და სახელისკენ კი არ მიილტვის იგი, ვინც ყოველ სახელს აღემატება, არამედ ჩვენს კაცობრიულ ბრძნობას ამდაბლებს, გვასწავლის, როგორ ვერიდოთ თავის ამაღლებას და ლაგამი ამოვდოთ კადნიერებას, აღკვეთს თვითნებობას, განიკითხავს, გვიშლის, გვიკრძალავს თვითმარქვია მასწავლებლობას. ჭეშმარიტად სულიერი ადამიანები და ღირსეული მოძღვარნი, რამდენადაც შესაძლებელია, იმალებიან მოწაფეთა შორის და საკუთარი ნებით არასოდეს იმრავლებენ მასწავლებლის სახელს. მოციქულებში ვხედავთ მზადყოფნას, იქადაგონ ცათა სასუფეველი, მაგრამ საკუთარი თავისთვის მოციქულის სახელი არც ერთ მათგანს არ მიუკუთვნებია. ამრიგად, არათუ მოძიება მოძღვრის წოდებისა, არამედ მისთვის თავის არიდებაა ღირსეულთა ნიშანი, ხოლო ძიება მისი უღირსთ სჩვევიათ".

"და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა: რამეთუ ერთი არს მამა თქუენი, რომელ არს ცათა შინა".

"ეს იმას კი არ ნიშნავს, - განმარტავს წმინდა ოქროპირი, - რომ არავინ იწოდებოდეს მამად, არამედ იმას, რომ იცოდნენ, ვის უწოდონ მამა. როგორც მასწავლებელი არ არის მასწავლებელი თავისთავად, ასევეა მამაც. ოდენ ღმერთია მიზეზი ყველა მასწავლებლისა და მამისა". "უფალი მშობლების პატივისცემას როდი გვიკრძალავს, - ბრძანებს ნეტარი თეოფილაქტე, - მით უფრო - სულიერი მამებისას; მას სიტყვით მივყავართ ჭეშმარიტი მამის ცნობამდე - ღმერთამდე, რამდენადაც მამა საკუთარი მნიშვნელობით არის ღმერთი, ხოლო ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი არსებობისა, არამედ მხოლოდ თანამოქმედნი და მსახურნი ღვთისა".

და უფალმა კიდევ ერთხელ დაამოწმა: "ნუცა გერქმინ თქუენ წინა-მძღუარ", - ნუ ეძებთ წინამძღვრის სახელს, - "რამეთუ ერთ არს წინამძღუარი თქუენი ქრისტე".

"ნუ იტყვი, წინამძღვარი ვარო, - შენიშნავს წმინდა ოქროპირი, - ისევე როგორც უწინ არ უნდა იკითხო: "რას ფიქრობთ ჩემზე", არამედ - თუ რას ფიქრობენ ქრისტეზე". ამრიგად, თვით გამოთქმაშიც ნაჩვენებია მაგალითი სიმდაბლისა. უფალი პირადად აძლევს თავის მოწაფეებს ამ უდიდესი სათნოების გაკვეთილს, აძლევს საერთო მცნებას ყველა ქრისტიან მასწავლებელსა და წინამძღვარს, ყველა თავის მიმდევარს. ხოლო უდიდესმა თქუენ შორის, ვინც მოწოდებულია იყოს პირველი, იყოს მასწავლებელი, უფროსი და მამა, - დაე, დაივიწყოს თავისი პირველობა, თავი ოდენ ღვთის მორჩილად მიიჩნიოს და მოშიშებით შეასრულოს თავისი ბრძანება, როგორც ღვთის მიერ დაკისრებული მორჩილება.

"იყავნ თქუენდა მსახურ, - იყოს მსახური თქვენი, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - და არა მბრძანებელი სწავლებისა და მოწაფეებისა". სიამაყე და თავის ამაღლება სძაგს ღმერთს, ამიტომაც ამდაბლებს ამპარტავანთ; ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს, და პირიქით: რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს. "ვერაფერი შეედრება სიმდაბლეს, - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, - ხედავ, როგორ მიჰყავს უფალს მსმენელი სიამაყის საპირისპირო საქმეებთან? - მხოლოდ პირველობის ძიებას კი არ გვიშლის, არამედ უკანასკნელი ადგილის არჩევასაც გვასწავლის".

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვა
1კ1