ანბანი მართლმადიდებლობისა
ანბანი მართლმადიდებლობისა
მართალი სულების ჯოჯოხეთიდან გამოხსნა
ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე გამარჯვების შესახებ განსაკუთრებული სიხარულით გვაუწყებს წმინდა აღდგომის ტროპარი: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".

სანამ ტაძრებში ეს ტროპარი იგალობება, აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, ღვთისმსახურების ძირითადი თემა იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლაა.

სამოთხის დაკარგვის შემდეგ ადამიანი ორი ფორმით აგრძელებს არსებობას: მიწიერი და საიქიო ცხოვრებით. მიწიერი ცხოვრება სხეულის სიკვდილით მთავრდება. სული ხორციელი სიკვდილის შემდგომაც არსებობს, მაგრამ მისი საიქიო მდგომარეობა, წმინდა წერილისა და ეკლესიის მამების სწავლებით, ყველასთვის ერთნაირი არ არის. ძე ღვთისას დედამიწაზე მოსვლასა და მის მკვდრეთით აღდგომამდე მიცვალებულების სულები ჯოჯოხეთში მკვიდრობდნენ. იქ ყოფნა ჰგავდა სულიერ სიკვდილს. ჯოჯოხეთში იყვნენ დამწყვდეულნი ძველი აღთქმის მართალთა სულებიც, რომლებიც მაცხოვრის მოსვლის იმედით ცხოვრობდნენ. ისინი სიკვდილის შემდეგაც მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ გამოსყიდვასა და გათავისუფლებას. ასე გრძელდებოდა ქრისტეს აღდგომამდე.

ჯვარზე სიკვდილის შემდგომ ქრისტე თავისი კაცობრივი სულითა და ღვთაებრივი ბუნებით ჯოჯოხეთში ჩავიდა. იმავდროულად მისი სხეული საფლავში განისვენებდა. მან ჯოჯოხეთის ტყვეებს გადარჩენა ახარა და ძველი აღთქმის ყველა მართალი ზეციურ სასუფეველში აიყვანა.

ჯოჯოხეთის გარდუვალობის განქარვებით თავად სიკვდილის ძალა განადგურდა: ჯერ ერთი, მართალთათვის იგი გახდა მხოლოდ "მიწიერიდან ზეციურში", უკეთეს ცხოვრებაში, სასუფევლში დასამკვიდრებლად გადასასვლელი. მეორეც, ხორციელი სიკვდილი ჩვენთვის დროებით მოვლენად იქცა, რადგან ქრისტეს აღდგომით საყოველთაო აღდგომისაკენ მიმავალი გზა გაგვეღო.

წმინდა მახარებლები არაფერს გვეუბნებიან ჯოჯოხეთში ჩასვლაზე, მაგრამ მათე მოგვითხრობს სხეულით აღმდგარ გარდაცვლილ წმინდანებზე; და რადგანაც უფლის ჯვარზე სიკვდილამდე, ყოველი გარდაცვლილი ადამიანის სული, როგორც ცოდვილების, ისე მართალთა, გარდაცვალების შემდგომ ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში, ცხადია, რომ გარდაცვლილი წმინდანების აღდგომა არ იქნებოდა, თუკი მათ სულებს ჯოჯოხეთიდან არ გაათავისუფლებდა უფალი. მთავარეპისკოპოსი ინოკენტი წერს: "ჩვენი მხსნელი ჩავიდა ჯოჯოხეთში, თავისი ნებითა და თავისი უფლებით, ჩავიდა იმისათვის, რათა ისევ მალე ამოსულიყო ჯოჯოხეთიდან, ჩავიდა ერთი, რათა იქიდან ამოეყვანა მრავალი, ვინც კი რწმენით ელოდა მის მოსვლას. რათა ცოცხალმა ადამიანებმა წარმოიდგინონ მთელი დიდებულება ამ შემთხვევისა, წარმოვიდგინოთ, რომ რომელიღაც ძლიერმა მეფემ იერიშით აიღო მისი მოწინააღმდეგე ქალაქი, სადაც საპყრობილეში იტანჯებოდა უამრავი ტყვე, მისი ერთგული ადამიანები, რომლებიც, ითმენდნენ რა დიდ უნუგეშობას, ყოველდღე ელოდნენ სიკვდილს. ქალაქის აღების შემდგომ, გამარჯვებული თავად ისწრაფვის საპყრობილისაკენ, თავისუფლებას ახარებს იქ დატყვევებულებს და გამოყავს ისინი გარეთ. განა აქ, ამ საპყრობილეში, არ ექნება ადგილი განსაკუთრებულ სიხარულსა და ლხინს? განა თავად გამარჯვებული არ უწოდებს ამ წუთს დაუვიწყარს ცხოვრებაში? ამის მსგავსად, უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლაც იყო ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე დიდებული აღდგომილი უფლისათვის, რადგანაც მასში ყველაზე ნათლად იქნა მოძიებული მისი უკიდურესი სიყვარული ცოდვილი კაცობრიობისადმი და უმაღლესი ძლევამოსილება მისი, კაცთა მოდგმის მტერზე. იგი თავისი სულით ჩავიდა არა მარტო ტანჯულის სახით, რადგან ჯვარი მოიცავდა სატანჯველებს, არამედ როგორც სიკვდილისა და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი - "რათა აღავსოს თავისით ყოველი, ზეცა აღივსო მისი ღვთიური დიდებით, დედამიწა კი სავსეა მისი ტანჯვა-წამებით; საჭირო იყო ჯოჯოხეთიც აღვსილიყო მისი ძალით".

წმინდა მოციქული პეტრე ამბობს, რომ უფალი ჯოჯოხეთშიც ქადაგებდა. მას საქმით უნდა ეჩვენებინა, რომ იგია ნათელი ჭეშმარიტი მთელი ქვეყნისა, ნათელი ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა წყვდიადში მყოფებისთვისაც. ვის უქადაგებდა იგი იქ? "გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა... მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას (1 პეტ. 3,20). მაგრამ თუ ეს უბედური ცოდვილებიც კი ღირსნი გახდნენ ადამიანთა მხსნელის მათთვის სასარგებლო ქადაგებისა, მით უფრო მოუთმენლად უნდა მოესმინათ უფლისთვის იმ მართალ გარდაცვლილთა სულებს, რომლებმაც ისე იცხოვრეს, რომ უფალი და მისი მცნებები არ დაუგმიათ. ეკლესიის მამები წერენ, რომ ისინი სხვა გარდაცვლილთა სულებზე უფრო ახლოს იყვნენ ჯოჯოხეთის საშინელი წყვდიადიდან გამომყვან კარებთან. მართალთა სულები არ იზიარებდნენ იქ იმ საშინელ ხვედრს, რომელშიც იმყოფებოდნენ ცოდვილთა სულები; და მაინც, მათაც არ ჰქონდათ ძალა, თავი დაეღწიათ სულთა საშინელი სამყოფელისათვის და ამაღლებულიყვნენ ზეციურ ნათელში, სამოთხის კარი მათთვის ჯერ დახშული იყო.

ეკლესიის მიერ დიდი შაბათის საგალობლებში მაცხოვრის ჩასვლა ჯოჯოხეთში ასეა აღწერილი: "შთამოხუედ ქვეყანად ჰხსნად ადამისა, და არღარა ჰპოვე იგი ქვეყანასა ზედა მეუფეო, ვიდრე ჯოჯოხეთამდე ჰშთახედ მეძიებელი, ჰოი, სიხარული იგი, ჰოი, სიტკბოება იგი მრავალი, რომელიცა აღავსენ, ჯოჯოხეთს შინა განაბრწყინუე რა ნათელი წყუდიადსა შინა მყოფთათვის. რაჟამს ჰშთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღვთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ჰღაღადებდნენ, ცხოვრების მომცემელო, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა".

რაზე უქადაგებდა უფალი ჯოჯოხეთში მყოფებს? - რა თქმა უნდა, გადარჩენაზე, სიკვდილზე დიდ გამარჯვებაზე, იმაზე, რომ აღსრულდა ყველა ძველი აღთქმა-დაპირება, შესრულდა გამოსყიდვა პირველშობილი ადამისა და მთელი მისი მოდგმისა, გაიხსნა სამოთხის კარი ყველასათვის, ვისაც კი აქვს მაცხოვრის რწმენა. შეიძლება წარმოდგენა იმისა, როგორი სიხარული ახლდა თან ჯოჯოხეთის ამ საშინელი სამყოფელიდან სულების გამოსვლას.

ბეჭდვა
1კ1