ვნების შვიდეული მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეებია, რომელთაც მისი ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომა მოჰყვა. ამ დღეთა გახსენებით ყოველი ქრისტიანი სულიერად ბრუნდება იმ სამყაროში, სადაც უფალი ჯერ კიდევ კაცობრიობის გვერდით იყო.
ვნების შვიდეულის მარხვა განსაკუთრებით მძიმეა. განსაკუთრებულობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვნების შვიდეულის შაბათ დღეს, განსხვავებით წლის დანარჩენი შაბათებისგან, აუცილებელია, მკაცრი მარხვა შევინახოთ.
ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირული ძღვნის ლიტურგია, სრულად იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა: იგულისხმება დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი და ა.შ.
ვნების კვირა წლის ყველაზე მძიმე კვირაა. ამ დროს ქრისტიანული სამყარო ცდილობს, იესო ქრისტესთან ერთად თანაგანიცადოს, იტვირთოს ის უდიდესი ვნება, რომელიც კაცობრიობის მხსნელმა ჩვენთვის დაითმინა. უდიდესი მწუხარების დღეებში დიდი ხუთშაბათი - საუკუნო საიდუმლოს დაწესებით - მცირე სიხარულის გამოცისკროვნებაა, რომელიც სრული სისავსით იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ განიცადა მორწმუნეთა დასმა.
"აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი", ჩაასხა საბანელში წყალი და დაიწყო მოწაფეთათვის ფეხების ბანა. ღვთაებრივმა სიდიადემ კაცობრიობისადმი უდიდეს სიყვარულში უდიდესი სიმდაბლეც გამოიჩინა: "ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, - ამბობს იგი, - დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ბანდეთ ერთმანეთს ფეხებს, ვინაიდან მაგალითი მოგეცით და ნეტარია, ვინც აღასრულებს ამას" (იოანე 13:1-20). მაგრამ ყველა როდი ისურვებს, ამ ნეტარებასა და ღვთის სიყვარულში დაიდოს წილი... "ერთი თქვენგანი გამცემს მე", - იტყვის უფალი. იოანესათვის - მის მკერდზე თავმიყრდნობილი "სიყვარულის მოციქულისათვის" - კი საცნაურს გახდის გამცემის, იუდა ისკარიოტელის, სახელს.
ბოროტი აზრით შეპყრობილი იუდა შეუნანებლად ტოვებს სერობას, გაურბის მხილებას, ტოვებს ღმერთს და უღმერთო ხდება.
მათთვის, ვინც საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა იგი, როგორც მაცხოვარი, როგორც აღდგომის ცხოვრება და ჭეშმარიტება, ქრისტე აწესებს ზიარების გამომხსნელ საიდუმლოს: "და აღიღო პური... და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და უთხრა მათ: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მოცემული, ამას ყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა. და მოიღო სასმელი... და მისცა მათ და თქვა: სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (ლუკა 22:17-20; მათე 26:26-29).
"აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა; გაძლევთ თქვენ ახალ მცნებას, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი... როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ ერთმანეთი", - ამბობს უფალი, - "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ. აჰა, მოდის დრო, ცოტაც და ვეღარ მიხილავთ მე. მწუხარენი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ მიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ სიხარულს თქვენსას. გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყანას..."
ასე იტყვის უფალი და გეთსიმანიის ბაღისაკენ გაემართება ზეციური მამის წინაშე სალოცავად, რათა შეავედროს ძეობა თვისი, საყვარელი მოწაფენი და ცოდვით დამძიმებული კაცობრიობა (იოანე
15:9-17; 16:16-33).
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან, ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. ნაწამები ქრისტე, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს, პილატეს შორიახლოს იდგა და განკითხვას ელოდა.
უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... უკიდურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ. გაუთავებელმა დაკითხვებმა, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ ძალ-ღონე თანდათან გამოაცალა. ასე დაშრეტილი და დამცირებული იდგა იგი პროკურატორის მოლოდინში.
პილატემ არ იცოდა, რა ექნა, - ვერა დანაშაული ვერ უპოვა, - მაგრამ გამოსავალს მიაგნო: ებრაული ტრადიციით, შეეძლო, ხალხისთვის ერთი მსჯავრდადებული ეჩუქებინა, თუკი ერი მის გათავისუფლებას მოითხოვდა. ტუსაღი ორი იყო - იესო და ავაზაკი ბარაბა. ხალხს არჩევანი უნდა გაეკეთებინა მათ შორის. "ბარაბა, ბარაბა!" - შესძახა ერმა. "იესოს რაღა ვუყოთ?" - იკითხა პილატემ. ხალხმა, რომელიც ექვსიოდე დღის წინ იერუსალიმში შემავალ უფალს პალმის რტოებითა და "ოსანას" შეძახილით შეხვდა, მიუგო: "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ!"
პასექის პარასკევის მეექვსე ჟამი იდგა. პილატემ ხელები დაიბანა, მსაჯულის სკამზე დაჯდა და განაცხადა: აჰა თქვენი მეუფე, მე ბრალი არა მაქვს მაგ უდანაშაულო კაცის სისხლში (ლუკა 23:4), თქვენ იკითხეთო. "ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე", - შესძახეს შეკრებილებმა (მათე 27:25).
პალესტინის თაკარა მზით გავარვარებული გზა პრეტორიუმიდან გოლგოთამდე გრძელი იყო და მძიმე. უამრავი ხალხით გარემოცული, მძიმე ჯვრით მხრებზე და აუტანელი ტკივილებით გაწამებული მიაბიჯებდა სამყაროს მეუფე - ტანჯვით უნდა მომკვდარიყო.
ნუთუ რაიმე ქმნა სიკვდილის ღირსი? რისთვის შეისხა ხორცი დიდებით შემოსილმა? ღმერთია და რატომ გახდა ადამიანი? რათა სიკეთის ნაცვლად ბოროტება მოემკო, სიხარულის ნაცვლად - მწუხარება, ცხოვრების ნაცვლად - სიკვდილი? რამ აიძულა ეს?! - ცხადია, ადამიანის სიყვარულის გამო ითმენდა ყველაფერს.
ადამიანმა კი მისი წმინდა და უმანკო სხეული ორ ავაზაკს შორის ჯვარზე გააკრა, სამსჭვალებით დაუხვრიტა ხელ-ფეხი, წყურვილით გატანჯულს ძმარი და ნაღველი ასვა, მის სამოსელზე წილი ჰყარა და დასცინა: "ტაძრის სამ დღეში აღმშენებელო, გამოიხსენ თავი შენი!"
დღის მეთორმეტე ჟამს სიბნელემ მოიცვა ქვეყანა. მწუხარებით აღსავსე იესო კი ზეციურ მეუფეს ევედრებოდა: "მამაო! მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას შვრებიან!" მარჯვენით დასჯილმა ავაზაკმა, ასეთი უსამართლობა რომ დაინახა, - შეინანა და უდანაშაულოდ დასჯილს სასუფეველში მოხსენიება სთხოვა.
იმ დროს დედა ღვთისმშობელიც ჯვარცმულის ფერხთით იდგა. მხოლოდშობილი შვილის ტანჯვა მახვილივით უსერავდა გულს. იესომ ჯვრიდან დაინახა მტირალი დედა, შეებრალა და საყვარელ მოწაფეს, იოანეს, ჩააბარა: "დედაო, აჰა შენი ძე! ხოლო იოანეს უთხრა: "აჰა დედა შენი!" (იოანე 19:26).
მეექვსედან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა არემარე. მეცხრე ჟამს მაცხოვარმა ხმამაღლა წარმოთქვა: "მამაო! ხელთა შენთა შევავედრებ სულსა ჩემსა!" (ლუკა 23:46) - და სული განუტევა. დაბნელდა მზე, მიწა იძრა და საფლავები განიხვნა, იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე გაიპო, - სამყარომ შეიცხადა კაცობრიობის უკიდურესი სისასტიკე. წინასწარმეტყველება აღსრულდა.
აღსრულდა ღვთის ნება - მოვიდა სოფლად მხსნელი, რომელსაც სულიერ სიბნელეში მყოფი, ღმერთს დაშორებული და ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკლებული კაცობრიობა ეშმაკის მონობისაგან უნდა გაეთავისუფლებინა, აღედგინა გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან და დაებრუნებინა მისთვის დაკარგული ნეტარება.
იესო ქრისტეს ჯვარცმით დასრულდა მწუხარების, ტკივილის აპოგეა, მაგრამ მაცხოვრის აღდგომა რომ არა, ამ ყველაფერს აზრი არ ექნებოდა, ჯვარი მკვლელობის იარაღად დარჩებოდა და არა კაცობრიობის გამოხსნის საშუალებად.
მაცხოვრის აღდგომა რომ არა, აღარც ჩვენ უნდა გვქონოდა იმედი საყოველთაო აღდგომისა, რომელსაც ქრისტემ დაუდო სათავე. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებდა: "მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა, ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ამაოა და ამაოა თქვენი რწმენაც. ასე რომ იყოს, ჩვენ ცრუმორწმუნენი ვიქნებოდით, რადგან დავამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია... ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ... მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე!" (I კორ. 15:20). და თუკი ქრისტე აღდგა, განვიცადოთ ეს სიხარული, რომელიც სრული სისავსით საუკუნო სიცოცხლეში განიცდება.
ლევან მათეშვილმა