მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი
მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი
,,მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი" (ფს.142.10). შენ ხარ ძალა, დიდება და სიყვარული ჩემი, უფალო. ცოდვანი და დაცემულობანი ჩემნი მარად შენს სიდიდესა და სიმდიდრეს მიქადაგებს მე, თუ შენით კურთხეული გონიერება იქნება წინამძღოლი ჩემი სულისა. გევედრები მე, რომ მასწავლო შენი ნების აღსრულება, უფალო. ძალზე ხშირად ვემალები საკუთარ თავს და გემალები შენ, როგორც პირველქმნილი ადამი განგერიდა სამოთხეში. ამპარტავნება, პატივმოყვარება, სიბრმავე და უძლურება არ მაძლევს საშუალებას, რომ მოვიდე შენთან, მეძავის მსგავსად დავვარდე შენს წმინდა ფეხებთან და ვეამბორო მათ, სინანულის ცრემლებით დავასველო ისინი და არასადა დაგიტეო შენ. შენ ხომ თავად ჩემში ხარ, უფალო, შენ ხომ შენი წმინდა მაცხოვნებელი ნებით შემქმენ შენს ხატად და მსგავსად. მე რომ თავად მქონოდა ამ არჩევანის უფლება, ვიცი უარს ვიტყოდი მასზე, როგორც უარი ვთქვი შენზე ჩემს წინაპარში, როგორც ჯვარს გაცვი ჩემი ცოდვებით და როგორც დღესაც უარგყოფ შენ ჩემი დაცემულობითა და არარაობით. შენ უზომოდ შემიყვარე მე, მე კი ჩემს მტრებს მივართვი შენი სიყვარული და ცოდვის საფასე შევიძინე მათგან. მადლსა თუ ცოდვაში შენს სიყვარულს, წყალობასა და ერთგულებას ვხედავ, უფალო, მაგრამ ვნებათა საკვრელი არ მაძლევს საშულებას მოვიდე შენთან და შენდობა გთხოვო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ცხოვრებით. იმ ცოდვის საკვრელით, რომლითაც თავად მე, საკუთარი ნებით შევკარი ჩემი სული. არავის ძალუძს მისგან ჩემი განთავისუფლება, თუ არა მხოლოდ შენ, ჩემო ჯვარცმულო, ჩემო დიდებავ, რომელმაც შენს ჯვარცმასა და ტკივილში დაფარე საიდუმლო გამოხსნისა, თავისუფლებისა და საუკუნო სიხარულისა. შენს ჯვარშია დაფარული დიდება კაცობრიობისა, შენი წმინდა ჯვარცმაა წამალი და სახვევი ჩემი თითოეული წყლულისა, რომელიც მე მივატოვე ჩემი უგუნურებითა და უდებებით.

,,მასწავე მე, უფალო, რომ ვყო ნება შენი", რადგან მხოლოდ შენ ხარ ჩემი ბრძენი მასწავლებელი და ის, ვინც ამ სიბრძნისგანაა, სხვა ყველა მტერია ჩემი სულისა, უპირველეს ყოვლისა კი თავად მე, ჩემი ნებელობით. მომეც მე, უფალო, ძალა, რომ შევიყვარო ჩემი ხატება შენში, რაც მხოლოდ შენითაა შესაძლებელი. დამამომყვრე ჩემს სულს და ,,დამიცევ მე უფალო, ვითარცა გუგაი თვალისაი" (ფს.16.8), რომ შევძლო შენთან მიახლება, შენში ცხოვრება.

,,დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა" (ფს.16.5), რომ არ მიიდრიკოს იმ გზისკენ, რომელიც მაშორებს შენს წმინდა სამყოფელს. სახიერო უფალო, გევედრები, განმაყენე მშვინვიერი აზროვნებისგან და შენი წმინდა სულით აღმავსე მე. ნუ დააცადებ ჩემს ნებას, ჩემს უღირსებას, ის ხომ ყოველთვის ბოროტისკენ მიდრეკილია. შენი მადლით შემმოსე მე, რომ აღვასრულო ის, რაც შენს წმინდა სახელს ესათნოება. ბნელში მყოფს აღარაფერი ძალმიძს, გარდა ვედრებისა და მუხლმოდრეკისა შენ წინაშე, ,,ღმერთო, ღმერთო ჩემო რაისათვის დამიტეობ მე?" (მარკ.15.34). ნუ დამაგდებ მე, უფალო, რადგან მხოლოდ შენი მადლითა და სიმდიდრით შემიძლია ვიქადო. სხვა არაფერი გამაჩნია მე, ჩემი ცოდვების გარდა. მხოლოდ შენს ნათელს ძალუძს განდევნოს ბნელი ჩემგან და მაზიაროს სიმართლეს შენსას. გევედრები, უფალო, ,,რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი" (ფს.17.28).

მიმითვალე, უფალო, როგორც ბრმა, მძებნელი შენი ნათლისა, რომელსაც სურს ახელა სულიერი თვალისა. მომეც მე, უფალო, ძალა, მოთმინება და სასოება სულიწმიდის ნიჭთა ძიებისა. მხოლოდ რწმენით, სასოებითა და წყალობითაა შესაძლებელი შენთან მიახლება. აღვიარებ, რომ ბრმა ვარ, უფალო, ჩემი ცხოვრებით, მაგრამ ამავ დროს მძებნელი შენი ნათლისა. სწორედ ეს არის ჩემი სიქადული, რომ მომაქვს ჩემი უმძიმესი ტვირთი შენთან და შენში ვეძებ ხსნას და სიმსუბუქეს სულისას. ეს არის ჩემი ჭეშმარიტება და აღსარება შენ წინაშე. პირველი ის, რომ დაინთქა ჩემი სული ცოდვის უფსკრულში და უგუნურ პირუტყვად ვიქეცი, მეორე - მრწამს ჩემი ჭეშმარიტი, ჩემთვის ჯვარცმული, განკაცებული ღმერთის - იესო ქრისტესი, დაუსაბამო ნათელისა და აღმადგინებლისა ჩემისა, რომელ არს სასო და სიხარული ჩემი. და როგორც რჯული და წინასწარმეტყველება ჯვარცმის ორ ძელზე - ღვთისა და მოყვასის სიყვარულის კვეთაზეა დამოკიდებული, მაშინ ჩემი შინაგანი, პიროვნული რჯული, იესო ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტი რწმენისა და ამ რწმენის ძალით ჩემი ცოდვების მასში ჯვარცმა და მოკვდინებაა.

ბეჭდვა
1კ1