რისთვის მოვიდა მაცხოვარი და იყო თუ არა ქრისტე რეალისტი?
რისთვის მოვიდა მაცხოვარი და იყო თუ არა ქრისტე რეალისტი?
რისთვის მოვიდა მაცხოვარი ამქვეყნად, თუკი ბოროტება ისევ იარსებებდა და პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ მის სამსახურში მოექცეოდა?

თანამედროვე მსოფლიოში, როცა ადამიანები ცოდვასთან შებრძოლების ნაცვლად, მასთან დაზავებასა და დამეგობრებას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, ცოდვა ცოდვად აღარ აღიქმებოდეს და მასთან ერთგვარი შემგუებლობის უნარი გამოიმუშაონ, ეს კითხვა, რაც დრო გადის, მით მეტ სიმწვავესა და აქტუალობას იძენს.

კაცობრიობამ თანდათანობით, თითქმის იმ ზღვარს მიაღწია, რომლის შედეგადაც ძნელი ხდება ცოდვა-მადლის გარჩევა, ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული უფსკრული კი დღითი დღე იზრდება და სულ უფრო გადაულახავი ხდება.

ეკლესიის მამათა და თეოლოგთა განმარტებით, ქრისტე სულიერი სასუფევლის დასაარსებლად, ადამიანთა სულიერი ბედნიერების მოსანიჭებლად მოვიდა დედამიწაზე და არა არსებული წესის შესაცვლელად და მისმა მიმდევრებმა არც უნდა მოითხოვონ ყოფითი ცხოვრების განსაკუთრებული ცვლილება და ცხოვრებისეული გაჭირვების შემცირება; "ქრისტე იმ ძალებს გვანიჭებს გაჭირვების გადასატანად, რომ გვეხმარება, რაც აუცილებელია არსებულ ცხოვრებაში სულიერი მხნეობის, ბედნიერებისა და მტკიცე რწმენის შესანარჩუნებლად". ქრისტიანული მოძღვრებიდან გამომდინარე, საეკლესიო მოღვაწენი ამქვეყნიურ ყოფას დაზიანებულ მანქანას ადარებენ, რომელიც განურჩევლად ანადგურებს ყველაფერს და ყოველივეს ტანჯავს, მაგრამ, მათი აზრით, ქრისტეს მეშვეობით, მსახვრალი კბილანები ვერაფერს დააკლებენ ადამიანის სულს. მოვა დრო, ჩვენი სხეულები, დისჰარმონიის გამო, დაიშლება, სწორედ მაშინ სული გამოსხლტება ამ საშინელი მანქანიდან და იმ ძალებით იარსებებს, რომელიც მას ქრისტემ მაინიჭა".

ცხადია, გარე სამყაროს გაუმჯობესებისაკენ ზრუნვაც არ არის უცხო ქრისტიანისთვის, მაშინ, როცა იგი ხედავს, თუ როგორ ანადგურებს მის ახლობელს დაუნდობელი ცხოვრება, რადგან სიყვარულის კანონი ხომ ჩვენთვის მოწყალების საქმესაც ითხოვს.

ეკლესიური თვალთახედვით, სანამ იქნება წინააღმდეგობა სიკეთისადმი, მანამ იქნება ტანჯვა. ბედნიერების განცდას კი მხოლოდ მაშინ მოიპოვებს ადამიანი, როცა იგი ქრისტეს შეერწყმება, რაც სინანულით, სიამაყისა და ეგოიზმის დაძლევით, საკუთარ თავზე გამარჯვებითა და ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა.

ამქვეყნიური პრობლემებითა და ღვთისმეტყველების საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის, უთუოდ საინტერესო იქნება ცნობილი თეოლოგისა და პუბლიცისტის, კიევის სასულიერო აკადემიის პედაგოგის, ვასილი ეკზემპლარსკის წერილი სულიერი შვილებისადმი.

ამ წერილში, სადაც თეოლოგი ქრისტეს ცხოვრების სიწმინდესა და სიდიადეს წარმოაჩენს, პირველი, რაც მას ყველაზე მეტად აოცებს, ის არის, რომ მაცხოვრის პიროვნებაში არ არსებულა ოცნება და ფანტაზია, როგორც ფაქტიურის, ისე არარეალურისადმი: "ქრისტე უდიდესი რეალისტია, რომელიც მხოლოდ თავის თვალწინ და თავის ხელთ არსებულ საქმეს აკეთებს და აღასრულებს. მისი აზრი უფრო სიღრმისეულია, ვიდრე მრავლისმომცველი, ხოლო სიტყვა ზოგადიდან კი არა, კონკრეტული შემთხვევიდან მომდინარეობს. მაცხოვრის შედარებაც იმ წუთში, მომენტალურად, მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდან არის მოყვანილი, - დასძენს ეკზემპლიარსკი. მას აოცებს რომ არაფერია ხელოვნური და გამოგონილი მაცხოვრის სიტყვაში, არც მის გრძნობასა და ქმედებაში, - აღიქვამს რა ირგვლივ რეალურ გარემოს და გარემომცველ პირთა მდგომარეობას, მეყსეულად მოქმედებს მათზე, როდესაც თეოლოგი სახარებაში აღწერილ მოვლენებს ჩვენს დღევანდელობას ადარებს, შენიშნავს რომ ჩვენ სულ სხვაგან ვცხოვრობთ და ვიმყოფებით. ყოველთვის წარსულზე ან მომავალზე ვფიქრობთ და ვოცნებობთ, აწმყო ხელიდან გვისხლტება და იგი არასოდეს მსჭვალავს ჩვენს პიროვნებას. ქრისტე კი აწმყოზე ზემოქმედებს, აბსტრაქციულისა და უსაგნოსადმი არ მიისწრაფვის, მომავალიც მისთვის ფანტაზია, ტკბილი ან მწარე ოცნება კი არაა, არამედ ღვთის მიერ განსაზღვრული რეალობა და აუცილებელი აწმყოა და მოწაფეებს მომავალზე, როგორც რეალურ მოვლენაზე, ესაუბრება. მომავალისკენ ფუჭი მისწრაფების, ოცნების, აწმყოთი დაუკმაყოფილებლობისა და ფანტაზიების არარსებობა, ჩემი აზრით, მაცხოვრის მიერ აღსრულებულ ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს წარმოადგენს, - აღნიშნავს ამ აღმოჩენით განცვიფრებული ეკზემპლიარსკი, - ჩვენთვის, ამ ეპოქის ადამიანებისთვის, ეს გასაოცარია, რადგან სულ სადღაც მივისწრაფვით, ვოცნებობთ და რეალურით არ ვცხოვრობთ, არ ვმუშაობთ იმაზე, რაც ჩვენს ხელთაა, არანაირი საქმიანობა კმაყოფილებას არ გვანიჭებს და ყოველივე უმნიშვნელოდ, არარაობად გვესახება. უსასრულობა შეიძლება ბალახის ღეროშიც კი ვეძიოთ, თუმცა სამყაროც კი არ გვაკმაყოფილებს. გლობალური მისწრაფებებითა და მიზნებით ვწუხვართ მსოფლიოზე, ჩვენ გვერდით კი გაჭირვებულს ვერ ვამჩნევთ, საყოველთაო სიყვარულზე ვოცნებობთ, როცა ნამდვილი სიყვარულით ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანებიც კი არ გვიყვარს. არ გვაქვს რა აწმყოთი ცხოვრების უნარი, ვცხოვრობთ მომავლით, ამიტომაც აწმყო ისეთივე ცუდი და ბოროტი მიდის ჩვენგან, როგორიც მოვიდა, რამეთუ არ გაგვიუმჯობესებია ღვაწლითა და სიყვარულით". ვფიქრობთ, ვასილი ეკზემპლიარსკის ეს წერილი ბევრ ჩვენს შეკითხვას გასცემს პასუხს და დიდ დახმარებას გაგვიწევს სამყაროს რეალურად აღქმაში.

ბეჭდვა
1კ1