თვალთმაქცობად ქცეული რწმენა
თვალთმაქცობად ქცეული რწმენა
ზვიად გამსახურდია წერდა, ფარისევლობა ჩვენთვის იმდენად უცხოა, ამისთვის სპეციალური ქართული სიტყვაც კი არ გვაქვსო. სამწუხაროდ, თანამედროვე ყოფა ისეთია, უცხო კი არა, ლამის ორგანულიც კი გავიხადეთ ფარისევლობა. იგი ჩვენი საზოგადოების დუღაბად იქცა.

ფარისევლობა ყველაზე მტკივნეული ჩვენს რწმენაშია. რწმენა თვალთმაქცობისა და საკუთარი თავის მოტყუების საშუალებად გადავაქციეთ. თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ვუწოდებთ, მაგრამ ხანდახან ეკლესიურ ცხოვრებას მხოლოდ გარეგნულად ვახერხებთ. ერთმანეთის საჩვენებლად ვმარხულობთ, ვლოცულობთ; მარხვის დღეებში თავ-პირი ჩამოგვტირის, აბა, სხვაგვარად ვინ მიხვდება, რომ მარხვაზე ვართ?! არასწორად, ან საერთოდ არ გვესმის რატომ ვმარხულობთ. ჩვენ ხომ მარხვის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე აკრძალული საკვებით "მოკრძალებულად" ვნაყრდებით (სანამ მარხვა დაიწყება, უნდა მოვასწროთ, თორემ მერე...); მარხვის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ნერწყვს ვყლაპავთ და საათზე ვიყურებით არასამარხვო საკვების დაქუცმაცების მოლოდინში. თავს ვიწონებთ საკუთარი სათნოება-სისპეტაკის საჯარო აფიშირებით: "ამას ვერ შევჭამ, მარხვაზე ვარ..." მარხვის დღეებში ხორცს არ ვჭამთ, სამაგიეროდ, ერთმანეთს ვჭამთ ცოცხლად. როცა გვამხელენ, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, თავს ვიმართლებთ: ბოროტმა მაცდუნა... ხანდახან თვითონ გვეზარება ცოდვებთან ბრძოლა და ბოროტი მებრძვისო, გავიძახით.

წირვა-ლოცვას თავჩაქინდრულები ვესწრებით, გარეგანი სინანული ხშირად იმდენად დიდია, რომ მეტანიისას ჩვენი თავების იატაკზე რაკარუკის ხმა საკურთხეველშიც აღწევს. სამაგიეროდ, იმავე ღვთისმსახურებაზე, ზეთის საცხებლად რიგში ჩამდგრები, მუჯლუგუნებით ვებრძვით ერთმანეთს. თუკი ტაძარში "დასაკუთრებულ" ადგილას შემთხვევით სხვამ დაგვასწრო დადგომა, მუჯლუგუნებით უსიტყვო ბრძოლა შეიძლება ისეთ კონფლიქტში გადაიზარდოს, რომ მხოლოდ ღვთისმსახურის ან საუკეთესო შემთხვევაში, სტიქაროსნის შენიშვნამ გამოგვაფხიზლოს.

ქალები "მორჩილად ვითმენთ" საეკლესიო რიტუალებში მამაკაცთა უპირატესობას, ლოცვისას თავებსაც "მორჩილად" ვიბურავთ მანდილით, თუმცა ღვთისმსახურების დროს იმავე მამაკაცების წინ ისეთ დეფილეს ვაწყობთ, რომ ბოლოს ორივე სქესს გვავიწყდება, რატომ მივედით ტაძარში.

მგზავრობისას ტრანსპორტში ამოსულ მოხუცს არ ვიმჩნევთ, იმის შიშით, რომ ადგილი არ დავთმოთ; სამაგიეროდ, ეკლესიის გუმბათის დანახვაზე დემონსტრაციულად ვიწერთ პირჯვარს და ფართი რომ საშუალებას გვაძლევდეს, მეტანიასაც შევასრულებთ.

ბოლო დროს ღმერთი ყველაზე აქტიურად ვირტუალურ სივრცეში, სოციალურ ქსელებში გვწამს. რატომღაც გვგონია, რომ ჩვენი რწმენის ხარისხს "ფეისბუქის" კედელზე ატვირთული რელიგიური სურათების რაოდენობა და ჩვენი ე.წ. სტატუსების შინაარსი განსაზღვრავს.

საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები (თანაც ძალიან ბევრი), რომლებიც რწმენას საქმეში აცოცხლებენ, ჩვენზე უკეთესი მლოცველებიც არიან და მმარხველებიც. სწორედ ასეთი ადამიანების მაგალითზე შევძლებთ ჩვენც, თანამედროვე ფარისევლები, გამოსწორებას. თუკი ზედმეტად კრიტიკული ვიყავი, მომიტევეთ.

ბეჭდვა
1კ1