თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, მეუფეო ჩვენო, ეპისკოპოსო ილიავ!
თქვენო ყოვლად  უსამღვდელოესობავ, მეუფეო  ჩვენო, ეპისკოპოსო ილიავ!

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან, მომადლოს თქვენს მეუფებას ყოველივე სიკეთე ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი მღვდელმთავრულ მოღვაწეობასში. და დიადნი აღმატებანი და წარმატებანი ჩვენი ეკლესიისა და მამულის საკეთილდღეოდ...

 

დღეს, 26 მაისს, მივიღე თქვენი მეუფებისაგან დეპეშა, რომლითა მებრძანება, გამოგიგზავნოთ ბერი კონდრატე თოდუა, ალბათ მის შესაფერ ადგილზე დასაყენებლად. ამ ამბავმან მე დიდად მასიამოვნა. ჩემს მეგობარს კონდრატეს კი უაღრესად გაახარებდა, ვინაიდან დიდი ხანია, რაც იგი ოცნებობს მონასტერში თავის საბოლოო ცხოვრების მოწყობაზე.

 

სამწუხაროდ, ორი დღეა, რაც კონდრატე ბერი ბათუმიდან წასულია და არ ვიცი, ამჟამად სად იმყოფება, თორემ წერილს მივწერდი, შევატყობინებდი თქვენი მეუფების მამობრივ ყურადღებაზე და იგიც გამოეშურებოდა მცხეთაში თავის საქმის გამოსაწყობად. ვეცდები, რაცხა ფერად შევატყობინო მას საქმის მდგომარეობა, რაც შეიძლება დაგვიანდეს, მაგრამ ამით საქმე ხომ არ გაფუჭდება?

 

ბევრ-ბევრ რამეებზე თქვენს მეუფებასთან მჭირდება სჯა-ბაასის გამართვა და გამორკვევა ორთავესათვის _ მოძღვრისა და მოწაფისათვის _ საყურადღებოდ და სახელმძღვანელოდ, მაგრამ ეგ ამ პატარა ფურცელზე არ მოთავსდება და გადაიდება მახლობელ დრომდე. ე.ი. ჩვენს პირისპირ შეხვედრამდე.

 

ბოლოს, კიდევ  უსურვებ თქვენს მეუფებას მრავალჟამიერ ბედნიერ ცხოვრებას და ქარათველთა ხალხის იმედების გამართლებას.

 

1965 წ. 26 მაისი.

მარადის თქვენი მლოცველი სულიერი მოძღვარი.

არქიმანდრიტი შიო (ძიძავა)

 

ბეჭდვა
1კ1