განთიადი სოფელში
განთიადი სოფელში
10 წლის მარიამ პაქსაშვილის ჩანახატი

ჩიტები ჟღურტულებენ... მათ ჭიკჭიკზე მეღვიძება... ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ, როდესაც უფრო მკაფიოდ მესმის ღაბუა ბეღურების და სხვა ჩიტუნების ჟღურტული... ისევ მეძინება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადგომა მინდა, თითქოს რაღაც მეძახის... თითქოს მზე სხივებს შემომხვევს მხრებზე და ასადგომად მექაჩება... უცებ გამოვერკვევი და წამოვხტები ფეხზე...

ფანჯრიდან სუფთა და გრილი, ამავდროულად საამური ჰაერი შემოდის და სახეზე მელამუნება... არაფერია ამაზე სასიამოვნო, ნეტარია ასეთი სიო...

გავალ გარეთ, იქაურობას სამოთხეს შეადარებ... აივნიდან რომ გადავიხედავ, თვალწინ მეშლება ნამიანი, ხასხასა ბალახი, ყვავილები და ხეები, ცაზე ღრუბლის ნაფლეთებია და მზე არემარეს თეთრად ღებავს... ერთი ხეა... იქ სულ ყველა ტოტზე ბეღურები არიან ჩამწკრივებულნი... და ერთმანეთს ეჟღურტულებიან, თითქოს ულოცავენ დღის დადგომას...
წმინდაა ასეთი დღე...

ვდგავარ ასე გაუნძრევლად დიდხანს და შევიგრძნობ ამ ნეტარებას... ნეტავი ახლაც იქ ვიყო, გავყურებდე ამ სილამაზეს და არაფერი მესმოდეს ჩიტების ჟღურტულისა და მწერების ბზუილის გარდა... სამყარო მადლობას სწირავს ღმერთს კიდევ ერთი გათენებული მზიანი დღისთვის...
ბეჭდვა
1კ1