ბასიანის ბრძოლა
ბასიანის ბრძოლა
საქართველოს გაძლიერებას, მის მისწრაფებას დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართველური ტომებით - ლაზებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული თურქულ-სელჩუკური სახელმწიფო) სულთან რუქნადინის შეშფოთებას იწვევდა.

რუქნადინმა ელჩის ხელით თამარ მეფეს თავხედური, მუქარით სავსე წერილი გამოუგზავნა:

- მოვდივარ, რომ ამოვხოცო შენს ქვეყანაში ყველა მამაკაცი, ცოცხალს მხოლოდ მას დავტოვებ, ვინც უარყოფს ქრისტიანობას და მიიღებს მაჰმადიანობას. თუ თამარი უარყოფს ქრისტიანობას, ცოლად შევირთავ, თუ არადა ხარჭად დავისვამო.

მთავარსარდალმა ზაქარია მხარგრძელმა ისე შემოარტყა, რომ უგონოდ ძირს დაეცა ელჩი. როცა გონს მოვიდა, უთხრა: ელჩი რომ არ იყო, ჯერ ენას ამოგგლეჯდი და მერე თავს მოგკვეთდიო.

მეფემ სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი და დავით სოსლანის სარდლობით გაგზავნა მტრის წინააღმდეგ. თამარმა ვარძიამდე გააცილა, დალოცა და ღმერთს შესთხოვა ჯარის გამარჯვებით დაბრუნება.

ბრძოლა გაიმართა ბასიანის ველზე. მიუხედავად იმისა, რომ მტერი მრავალრიცხოვანი იყო, ქართველები ყიჟინითა და იარაღის ჟღრიალით მამაცურად ეკვეთნენ მტერს. ბრძოლა ერთხანს ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. მალე თურქები გატყდნენ.

რუქნადინმა გაქცევით უშველა თავს. მას მიჰყვა მისი მრავალრიცხოვანი ლაშქარიც.

აურაცხელი ნადავლი და ტყვეები დარჩათ გამარჯვებულ ქართველებს. ტყვეთა შორის იყო რუქნადინის ძმა, რომელიც ჯორის ნალში გაცვალეს ქართველებმა.

რუქნადინის სახელმწიფო დროშა და მისი მოკავშირე სულთნების დროშები თამარის წინ დაყარეს.

ასე დასრულდა ბასიანის ბრძოლა.
ბეჭდვა
1კ1