საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
"თეკლეს ახალწელიწადი"
საშინლად ჰყინავს, საშინლად. დედამიწას სულ რაკარუკი გაუდის. მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, მხოლოდ ჭირხლმოკიდებული მთვარე პირბადეჩამოფარებული პატარძალივით ინაზება და მკრთალ ნათელსა ჰყრის ქვეყანაზე.

ბებია თეკლეს ოთახში სანთელი არ ანთია, მხოლოდ ბუხარში ცეცხლი ოდნავა ბჟუტავს და ჩაბნელებულ ოთახს სასიამოვნოდ ანათებს. თეკლე ფანჯარასთან ღრმა სავარძელში ზის, ხელში ლამაზი, მსხვილი ქარვის კრიალოსანი უჭირავს და ჩაფიქრებული მარცვალ-მარცვალ აგდებს; ხანდახან გადახედავს ფანჯრის წინ გადაშლილ საახალწლოდ გაჩირაღდნებულ ქალაქს, ხალხის მოუღალავ ფუსფუსს, საახალწლო სამზადისს და ამოიოხრებს.

ბევრი ახალწელიწადი გაუტარებია თეკლეს ტკბილად. მწარედ იგონებს წარსულს, გონების თვალს ავლებს: "რა ვიყავი და რა ვარ, - ჰფიქრობს ბებია თეკლე, - მშვენიერი, გონიერი, ღონიერი, ზოგჯერ მწარე, მაგრამ ყოველთვის სამართლიანი, საცოდავთ შემბრალე... ეხლა? ეხლა დავრდომილი დედაბერი, ყრუ, თვალებდაბლისტული. ვიღა რაღას აქნევს ჩემს გონებას, ჩემს სამართლიანობას, სიტკბოს თუ სიმწარეს, ენაწყლიანობას? დავიწყებული ვარ, დავიწყებული! სადღაა ჩემთვის ახალწელიწადი! რაღას მომიტანს სანუგეშოს?!

ვჩივი?! მაგრამ რა მაქვს საჩივნელი? განა ასე არ არის ბუნების წესი და კანონები: წამსვლელნი უნდა წავიდნენ და მომსვლელნი უნდა მოვიდნენ, ხარობდნენ და იცინოდნენ. უცებ თეკლეს ფიქრები შესწყვიტა ბალღის გულიანმა ხარხარმა. ოთახში შემოიჭრა ოთხი წლის ნათელა და გარშემო სიცოცხლე, სუნნელოვნება და ნათელი მოჰფინა.

- ბები, ბები, ბები! - გაისმა იმისი ზარივით წკრიალა ხმა და ბებია ფიქრებიდან გამოარკვია. ანგელოზის მსგავსი, შავთმიანი, წითელღაწვებიანი, თვალებმოცინარი, ფუნჩულა ხელებგაპარჭყული ქმნილება ლიკლიკებდა: "სად ალი ბებია, სად ალი ბებია, საქალი უნდა მივუტანო".

- აქა ვარ, აქა, გენაცვალოს ბებია, - შეჰყვირა მხურვალებით თეკლემ და გულში ჩაიკრა თავისი ნებიერი, თავის ორთავ თვალის სინათლე შვილიშვილი და თან გაბრწყინებულ ზეცას ბოდიშით თვალი შეავლო და შეინანა, რომ ერთის წამით მაინც ბედს საყვედური განუცხადა.

- თავს შემოგევლე, წამლად წაგეცხე, მტლად დაგედე, ჩემო მშვენიერო, ჩემო ანგელოზო! - უალერსებდა გაუთავებლად დიდი დედა და ნათელაც თავის ტკბილ ბებიას აღტაცებით ყელს ეხვეოდა, დამჭკნარ ლოყებს უკოცნიდა, თვალებში შესცინოდა, ულოლიებდა: "ბები, ზიზა, ბები! კაკა, კაკა მინდა!"

- კაკა? აბა, ერთი ითამაშე, აბა, ერთი გამახარე და კაკას მოგცემ, - უთხრა ბებიამ პატარას და იატაკზე დასვა, თან ტაში გამოჰკრა და ზედაც ჩიფჩიფა ტუჩებით სათამაშო ააყოლა: "აი, ჩემი ახალწელიწადი, ახალწელიწადი, ახალწელიწადი!"

ნათელა დატრიალდა, გაშალა მშვენიერი ცაცები, ხან ერთ ფეხზე შეხტა, ხან მეორეზე, ხან თავი აქეთ გადიღო, ხან - იქით, ხან გარს დაუარა, ხან მრავალნაოჭიან თეთრ მსუბუქ კაბას ხელი გაიკრა და გააფრიალა!

წელში მოხრილი ბებია, თვალებმოკრუტული, მაგრამ სახეგაბრწყინვალებული გაქანებული ტაშს უკრავდა და მღეროდა: "აი, ჩემი განახლება, ჩემი ახალწელიწადი შენა ხარ!"

შვილიშვილი ტრიალებდა, ხარობდა, იცინოდა, კაკებს ელოდა.
ეკატერინე გაბაშვილი

ბეჭდვა
1კ1