ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
ჭია, ჭია-მაია
სისხლის ცრემლები
ჩემო პატარა მეგობარო, ცხოველების უმრავლესობა გარემო პირობებს ადვილად ეგუება - ზოგი ნაირგვარადაა შეფერილი, გარემოს ეხამება და ამის წყალობით საიმედოდაა დაცული მტრის თავდასხმისგან; ზოგი თავდასაცავად შხამიან ნივთიერებას გამოყოფს ან ცეცხლს "აფრქვევს"...

ვის არ უნახავს წითელი ან ყვითელი შავი წინწკლებით მოხატულ-მორთული პატარა ჭიამაია. ალბათ, ხელისგულზეც დაგისვამს და გითქვამს: "ჭია, ჭია-მაია, გაფრინდი, წითელ კაბას გიყიდი". ჭიამაიასაც ფრთები გაუშლია და გაფრენილა. თუმცა პირობა მისთვის ჯერჯერობით არავის შეუსრულებია...

ჭიამაია გაბედულად დაცოცავს ფოთლებზე და სულაც არ ეშინია იქვე "მონადირე" მწერიჭამია ფრინველებისა, რომლებიც გამალებით დაეძებენ სარჩოს და უამრავ მწერს სპობენ. საოცარია - არც ერთი მათგანი არ ეკარება ჭიამაიას.

ჩემო ცნობისმოყვარე მკითხველო, ზუსტად ვიცი, ახლა რასაც მკითხავ. რას და - როგორ ახერხებს პაწაწინა და უსუსური ჭიამაია, მწერიჭამია ფრინველებს გადაურჩესო. ახლავე გიპასუხებ: ჭიამაია გაღიზიანების დროს სხეულის გვერდითა ხვრელებით რამდენიმე წვეთ სისხლს გამოყოფს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ მას ცოტა ხნით ხელისგულზე დავისვამთ. ჭიამაია გაფრინდება, ხელზე კი ორიოდე წვეთ მოყვითალო სითხეს დაგვიტოვებს. ეს მისი სისხლია. მართალია, ის ხელის კანს ვერაფერს აკლებს, მაგრამ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ან თვალზე რომ მოგვიხვდეს, ანთებით პროცესს გამოიწვევს.

როცა გამოუცდელი ჩიტუნა ჭიამაიას პირში იკრავს, მისი სისხლით "პირდამწვარი" თავის ნადავლს უმალვე გარეთ გამოაგდებს, გულმოდგინედ დაათვალიერებს და იქაურობას მოშორდება. და თუნდაც შიმშილით კვდებოდეს, ასეთი "მწარე გამოცდილების" შემდეგ ჭიამაიას ახლოს როგორღა გაეკარება!

აი ასე, სიცოცხლის შესანარჩუნებლად საბრალო ჭიამაია საკუთარ სისხლს ღვრის.
ბეჭდვა
1კ1