მონაზონი
მონაზონი
კუზიანი მონაზონი, რომელსაც ანგელოზის სული ჰქონდა
ვიცი, დიდ სამებაში აუცილებლად იქნები ნამყოფი, მაგრამ თბილისში კიდევ არის წმინდა სამების სახელობის ტაძრები. მათგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლოვესაა...

სწორედ აქ ყიდიდა ადრე სანთლებს მონაზონი ეფემია, რომელიც დაბადებიდანვე კუზიანი იყო. საბრალოს თურმე სიარულიც უჭირდა და ალბათ, მისი შემხედვარე ბევრი ფიქრობდა: - რა უბედურია დედა ეფემია, რად მისცა ღმერთმა ასეთი სიცოცხლე? ან როგორ ურიგდება თავის მძიმე ხვედრს, ვინ იცის, მოთამაშე ბავშვებს რომ ხედავს, რას განიცდის, თავად ხომ ყრმობიდანვე ჩამოშორებული იყო თანატოლებს. ვინ იცის, როგორ უჭირს, ეკლესიაში ყველა მას რომ უყურებსო.

მაგრამ ეს ავადმყოფი კუზიანი ბედნიერი იყო!

გაგიკვირდა? მე იგი არ მინახავს, მაგრამ ვინც ნახა, ირწმუნებოდა, - სახე სიხარულით უბრწყინავდა, ბავშვის თვალები ჰქონდა და სულაც არ ფიქრობდა თავის სნეულებაზეო...

ბევრს ჰგონია, კუზიანები ბოროტები არიან და სხვებსაც სჯიან თავიანთი სიმახინჯის გამო, რაც ძალზე ხშირად არ არის მართალი.

მონაზონი ეფემიაც სიკეთითა და სათნოებით იყო სავსე, რადგან თავის გულში ღმერთი იპოვა და ძალიან შეიყვარა, ხოლო ვისაც ღმერთი უყვარს, არავისი სიძულვილი არ შეუძლია...

ვისაც არ უნდა შეეხედა, გაოცებული აღმოაჩენდა, რომ მონაზონი უფალთან იყო. მთელი მისი სახე და მზერა სწორედ ამაზე მეტყველებდა. ალბათ, შენც გინახავს ადამიანები, უხილავად რომ დაატარებენ უცნაურ სინათლეს...

ამ სიყვარულმა ეფემიას უდიდესი ჯილდო მიაგო - ღვთიური მადლით აღუვსო გული.

რა ელოდა მას, რწმენა რომ არ ჰქონოდა? ყველასგან გარიყული იქნებოდა, ახლობლებს კი მისი გამოჩენა შერცხვებოდათ... მაგრამ რწმენამ სასწაული მოახდინა და ეფემიას ზეციური, მარადიული სიხარული აპოვნინა.

ვინც იცნობდა, ამბობენ, - ტაძრის კუთხეში მჯდარ მონაზონს სულში ჰქონდა ის, რაც ერთეულებს თუ ეძლევაო. ერთმა სასულიერო პირმა კი, რომელიც მონაზონ ეფემიას ნათესავად ეკუთვნოდა და კარგად იცნობდა, თქვა: მას ანგელოზის სული ჰქონდაო.
ბეჭდვა
1კ1