ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
ქოლგას დიდი ხნის ისტორია ჰქონია
ჩემო ერთგულო მკითხველო, შენ ალბათ ვერც კი წარმოგიდგენია, რომ მანდილოსნებისა და არა მარტო მათ ყველა სეზონის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს - ქოლგას დიდი ხნის ისტორია აქვს.

ქოლგა ჩინეთში გამოიგონეს და უმთავრესად მზისგან თავდასაცავად იყენებდნენ. მოგვიანებით ქოლგის გამოყენება ასურეთსა და ეგვიპტეშიც დაიწყეს. იმხანად ის ძალაუფლების სიმბოლოც კი იყო: უძველეს დროში შორეულ აღმოსავლეთში ქოლგის გამოყენების უფლება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებსა და მეფის სასახლის უმაღლესი თანამდებობების პირებს ჰქონდათ.

თურმე ფერის მიხედვით იმის გაგებაც შეიძლებოდა, საზოგადოების რომელ ფენას განეკუთვნებოდა ესა თუ ის ადამიანი. წითელი ან ყვითელი ქოლგის მფლობელი სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, ლურჯს კი მდაბიო ხალხი ატარებდა.

მოგვიანებით ქოლგას სხვა ფუნქციაც "შეუთავსეს" - მარტო მწველი მზისგან კი არა, აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი კოკისპირული წვიმებისგანაც იცავდნენ თავს.

ქოლგებს ძირითადად თეთრი ხის ქერქის ან ბამბუკისგან ამზადებდნენ. თანაც ზეთით პოხავდნენ, ზეთი ხომ წვიმის წვეთებს "იგერიებს".

აღმოსავლეთიდან ქოლგა - ძველ საბერძნეთში, ხოლო მოგვიანებით - რომში გავრცელდა, სადაც მას ძირითადად მანდილოსნები იყენებდნენ. XVI საუკუნის დასაწყისში ამ მეტად საჭირო ნივთს დასავლეთ ევროპაც გეცნო. ძველი საბერძნეთისა და რომის მსგავსად, ქოლგით აქაც უმეტესად მანდილოსნები იწონებდნენ თავს. ერთ მშვენიერ დღეს კი სპარსმა მოგზაურმა და მწერალმა - იონას ჰენვეიმ ლონდონისთვის ჩვეულ წვიმიან დღეს ქოლგა დაიჭირა და ქუჩაში ისე გამოვიდა. მოგზაურს ბევრმა დასცინა, ზოგიერთმა ქვებიც კი დაუშინა, მაგრამ სწორედ მისი წყალობით გახდა ეს საოცარი ნივთი პოპულარული მამაკაცებს შორისაც. ინგლისელი ჯენტლმენები ქოლგას, ინგლისში მისი შემომტანის პატივსაცემად, "ჰენვეისაც" კი უწოდებდნენ.
ბეჭდვა
1კ1