ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
მოლაპარაკე ფრინველები
ალბათ ბევრ თქვენგანს მოუსმენია თუთიყუშის "ლაპარაკი" - ზოგიერთი თუთიყუში წამოიძახებს ან იმეორებს ცალკეულ სიტყვას, ხანდახან კი ძალიან მარტივ წინადადებასაც. მაგრამ ყოველივე ამას თურმე მექანიკურდ აკეთებს. ადამიანზეც იტყვიან ხოლმე ხატოვნად: "თუთიყუშივით აქვს გაზეპირებულიო", ესე იგი ნათქვამის შინაარსი არ იცის, უვიცად ლაპარაკობსო.

ბევრი სხვა ფრინველიც ყოფილა "მოლაპარაკე", მათ შორის ნამდვილი ოსტატებიც არიან.

თურმე მოლაპარაკე ფრინველია ჩვენებური კაჭკაჭიც, რომელიც ადვილად ეჩვევა ცალკეული სიტყვების წამოძახებას.

ბოლოქანქარას ეს სახელი სხეულის ბოლოს თავისებური აგებულების გამო დაუმსახურებია. ძლიერ განვითარებული სმენის ორგანოების წყალობით მას ბგერების მიბაძვის დიდი უნარი აქვს. ეს ფრინველი ადვილად ბაძავს ფრთოსნების ჩხავილსა და სტვენას, ბავშვის ტირილსა და სიცილს, ძაღლის ყეფასა და ყმუილს, ორთქლმავლის საყვირის ხმას, ხერხის ღრიჭინსა და სხვა.

მიმბაძველთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა შაშვი-მცინარი, რომელსაც ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს. იგი ჩვენებური შაშვისოდენა ფრინველია და ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებსა და ტყისპირებში ცხოვრობს. ის ზუსტად ბაძავს სხვადასხვა ფრინველის ჩხავილს, გალობას, სტვენას, ქოთქოთს, ნადირთა ღრიალს, ყმუილს, კნავილს, ღრუტუნს, ძროხისა და ხბოს ბღავილს... თურმე ეს ჩვენი შაშვი-მცინარი ჩამოჯდება ეზოს ღობეზე ან მახლობელ ხეზე და თავის "ოინებს" იწყებს.

აი, ისმის ბავშვის ტირილი. შეშფოთებული დედა გამორბის, რათა ატირებულ შვილს მიხედოს... მაგრამ რას ხედავს? - პატარა მშვიდად თამაშობს, ღობეზე კი შაშვი-მცინარი წამოსკუპებულა და ონავრობს.

ავტომობილის საყვირის გამალებული ხმა მოისმის. სახლის პატრონი ფანჯარას მივარდება: ნეტავ ვისი მანქანა მოადგა კარს, ვინ ესტუმრა? მაგრამ ავტომობილი არსად ჩანს. მასპინძელი ხვდება, რომ ეს სულ შაშვი-მცინარის ოინებია და თვითონაც ეცინება...

ძაღლი გააფთრებული ყეფს. პატრონი სასწრაფოდ გარეთ გამოვარდება, რომ ნახოს, ვის უყეფს მისი ერთგული დარაჯი... მაგრამ ეს ხომ ისევ და ისევ შაშვი-მცინარი ონავრობს...

და კიდევ რომელი ერთი ოინი ჩამოვთვალოთ... ბევრი უკვე შეეგუა შაშვის ოინბაზობას და მის საქციელს ყურადღებასაც აღარ აქცევს. თუმცა ზოგჯერ, დაიმედებულთ, ეს ხომ შაშვი-მცინარი ონავრობსო, ნამდვილი ძახილისაც აღარ სჯერათ.
ბეჭდვა
1კ1