იგავი
იგავი
სიბრძნე ბალავარისა
როგორია ამ წუთისოფლის სახე და როგორ აცდუნებს იგი ადამიანს? - ჰკითხა უფლისწულმა ბალავარს. ბალავარმა კი იგავით უპასუხა: საწუთრო, ე.ი. ამქვეყნიური ცხოვრება, ჰგავს კაცს, რომელსაც შესაპყრობად გამოუდგა განრისხებული სპილო და ჯურღმულთან მიიმწყვდია იგი. კაცმა ხე დაინახა და თავის გადასარჩენად მასზე აცოცდა. შემდეგ ჩამოიხედა ქვემოთ და რას ხედავს - ორი თაგვი, ერთი თეთრი და ერთი შავი, ხერხავს ხეს, რომელზეც იგი ზის. ჩაიხედა ჯურღმულში - გველეშაპს უზარმაზარი ხახა დაუღია მის გადასასანსლავად. აიხედა ზემოთ - ხიდან წვეთავს თაფლი. დაუწყო ლოკვა. სრულიად გადაავიწყდა განსაცდელი, რომელშიც ჩავარდნილიყო. ამასობაში თაგვებმა ხე გადაჭრეს, კაცი ძირს დაეცა, ეძგერა სპილო და გველეშაპს ჩაუგდო.

KARIBCHE ბალავარი ამ იგავს ასე განმარტავს: სპილო არის სიკვდილი, რომელიც კაცს მუდამ თან სდევს, ხე კი საწუთრო, ანუ ამქვეყნიური ჩვენი სამყოფელი, წუთისოფელი. თეთრი და შავი თაგვები - დღესა და ღამეს განასახიერებენ, თაფლი კი ამქვეყნიური სიამოვნებაა. კაცს ხშირად ავიწყდება, რომ წუთისოფლის მკვიდრია. იგი ისე იქცევს თავს ამ წუთისოფლის სიტკბოებით და ისე ეწაფება ხორციელ სიამოვნებას, რომ ვერ ამჩნევს, როგორ გადის დრო, როგორ მიიპარებიან დღეები და ღამეები. ასე ეწევა სიკვდილი. ჯურღმული ჯოჯოხეთის სახეა, მისი მკვიდრი გველეშაპი კი ეშმაკია, კაცთა მოდგმის მტერი, რომელიც ლამობს ადამიანის სულის წარწყმედას.

KARIBCHEრას შეგვაგონებს ეს იგავი? იმას, ჩემო კარგებო, რომ წუთია ეს ცხოვრება და საწუთროში ყოფნის ჟამი ბრძნულად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. ამ წუთისოფელში არსებობს თაფლივით სასიამოვნო საცდური - უამრავი გასართობი, სიამოვნება, რათა არ ვიფიქროთ თაგვების საქმიანობაზე, თუ როგორ გადის დრო, როგორ ახლოვდება დასასრული. თუ მხოლოდ გართობას გადავყვებით და თაფლის ლოკვაში გავლევთ ცხოვრებას, მაშინ ულმობლად გაგვიტაცებს დრო და ვერ გადავრჩებით ვერც ხორციელად და ვერც სულიერად. ამიტომ უნდა შევქმნათ საზრდო მარადიული არსებობისთვის. მარადიულად კი მხოლოდ სული არსებობს. გვახსოვდეს წმინდა მამების დარიგება: "ისე იაზროვნე და იცხოვრე, თითქოს შენი ყოველი დღე არის უკანასკნელი და გადარჩები". შეგვეწიოს წმინდა მამათა ლოცვა და შეგონებანი!



ბეჭდვა
1კ1