ისტორია
ისტორია
მზექალა არაბულის ამბავი
ხომ გახსოვს, გასულ ჯერზე საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთ თანამებრძოლზე, უსახელო ქართველ გმირზე, გვარად ჯამასპიშვილზე, გიამბე. ახლა თავად ქაქუცას მონათხრობი უნდა გავიმეორო კიდევ ერთ ხევსურ პატრიოტ ქალზე, მზექალა არაბულზე, რომელიც იმ საშინელ რეპრესიებს ემსხვერპლა.

ეს ამბავი 1922 წელს, შემოდგომაზე მოხდა, როდესაც ქაქუცამ დუშეთთან ბოლშევიკებთან შეტაკების შემდეგ ხევსურეთს შეაფარა თავი.

ხევსურებმა პატივით მიიღეს ქაქუცა და ომში დახმარებაც აღუთქვეს. ერთ ღამეში ყველა ხევსურმა იცოდა, რომ დილით ომი იწყებოდა და ქაქუცას უნდა მიხმარებოდნენ...

ახლა მოდი, თავად ქაქუცას მოვუსმინოთ: "რუსის ჯარი, რიცხვით ექვსი ათასი, ფეხდაფეხ მომდევდა და წუთიწუთზე ველოდი მათი ხევსურეთში შემოსვლის ამბავს.

გუდამაყრის მხრიდან რომ თოფი გავარდა, ეს მტრის მოახლოების ნიშანი იყო. მე ცხენი მოვითხოვე და მახლობელ მწვერვალზე დავბანაკდი...

დილით რუსებმა შემოტევა დაიწყეს..."

ქაქუცასთან მხოლოდ სამი კაცი იყო, თავად ციება ტანჯავდა და ნაბადში გახვეული და სიცხიანი განკარგულებებს იძლეოდა.

უცებ ერთი ცხენოსანი ხევსური მიადგა და იკითხა: - რომელია ჩოლოყაშვილიო? რომ გაიგო, დაურიდებლად შეუძახა, - რა დროს წოლაა, ვაჟაუ, არ გაგიგია, რომ ხევსურეთს მტერი მოადგაო?!

როგორც აღმოჩნდა, ეს ახალგაზრდა ქალი, მზექალა არაბული იყო, რომელმაც სამშვიდობოს გაიყვანა ქაქუცა.

მზექალა 18 წლისა იქნებოდა, ეშხიანი და კუშტი სახე ჰქონდა და შავი, გრძელი თმა მხრებზე ეყარა...

მთელი ის დღეები თავდაუზოგავად იბრძოდა ეს ნორჩი ასული და ბოლოს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა...

ქაქუცა იმ ბრძოლაში გადარჩა და როდესაც საქართველოს ტოვებდა, გზად ხევსურეთი გაიარა, ნახა რუსთა მიერ გადამწვარი სოფლები, დახვრეტილი მოსახლეობა...

თურმე ხევსურებმა უკან რომ დაიხიეს და მთებს შეაფარეს თავი, თან მოჰყვნენ რუსები. პირველი სოფელი სწორედ მზექალასი ყოფილა. მტერი სოფელს მოედო საძარცვად. როდესაც მზექალას სახლს მიუახლოვდნენ, იქიდან თოფმა დაიჭექა და ორი ჯარისკაცი იმსხვერპლა, რუსებმა სროლით უპასუხეს და როდესაც სახლში შევიდნენ, მიწაზე მკერდგანგმირული ახალგაზრდა ქალი იხილეს...
ბეჭდვა
1კ1