ცამეტი ასურელი მამა
ცამეტი ასურელი მამა
წმინდა მამები საქართველოსკენ დაიძრნენ
VI საუკუნეში საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზები გამოეცხადნენ, რომელთაც აუწყეს, რომ ღვთისმშობლის ნებითა და კურთხევით საქართველოში ჩამოვიდნენ აღმოსავლეთის უდაბნოებში გაბრწყინებული წმინდა მამები , რათა ქართველი ერი სარწმუნოებაში განემტკიცებინათ.

ცოტათი ადრე ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწე ბერს - იოანეს თავად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ამოერჩია თორმეტი მოწაფე და ივერთა ქვეყანაში წასულიყო მათ რწმენაში განსამტკიცებლად. წმინდა იოანემ რამდენიმე დღე იმარხულა, ილოცა და ამის შემდეგ ამოარჩია უამრავ მოწაფეთაგან თორმეტი. წმინდა მამები საქართველოსკენ დაიძრნენ.

მცხეთასთან მამებს მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათალიკოსი ევლავიოსი, უამრავი ხალხი. აქ მოხდა სასწაული: უფლის მადლი გადმოვიდა წმინდა მამებზე და მათ ქართულად იწყეს ლაპარაკი. ასევე ღვთის მადლით ევლავიოსმა შეიცნო წმინდა მამები და პირდაპირ სახელებით მიმართა მათ.

თავდაპირველად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა იოანე და მისი მოწაფეები ზედაზნის მთაზე დასახლდნენ.

ერთხელ, ლოცვის ჟამს, წმინდა იოანე ზედაზნელს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: შენი მოწაფეები სხვადასხვა კუთხეში გაგზავნე სამოღვაწეოდო. იოანე ზედაზნელმა მოწაფეები დაიბარა, დალოცა და გაუშვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აბიბოსი - ნეკრესში წავიდა, ანტონი - მარტყოფში დასახლდა, დავითმა სამოღვაწეოდ გარეჯის უდაბნო აირჩია, ისე წილკანში მოღვაწეობდა, იოსები - ალავერდში, შიო - სარკინეთის კლდეებს შორის მდებარე მღვიმეში, ამიტომაც მღვიმელი ეწოდა, ისიდორე სამთავისში ქადაგებდა, თადეოზი - სტეფანწმინდაში, სტეფანე - ხირსაში, ზენონი - იყალთოში, პიროსმა სავანე ბრეთაში დააარსა, მიქაელმა კი - ულუმბოში. წმინდა მამები უდიდეს სასწაულებს ახდენდნენ და მრავალ ადამიანს იზიდავდნენ თავიანთი წმინდა ცხოვრებით. მალე მათი სავანეები ბერებით აივსო, მათთან ერისკაცებიც ხშირად მიდიოდნენ დასამოძღვრად და ხორციელი კურნების მისაღებად.
ბეჭდვა
1კ1