ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
ციფრების სამყაროში
ჩემო პატარა მკითხველო, რიცხვებს ვიყენებთ თითქმის ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ - ვითვლით მოსწავლეთა რაოდენობას, ვეძებთ სახლის ნომერს ან რომელიმე გვერდს წიგნში.

ოდითგანვე ადამიანები საკუთარ თითებზე ითვლიდნენ, თუმცა ათს ვერაფრით გასცდნენ. ზოგი თურმე ფეხის თითებზეც კი გადადიოდა, მაგრამ ოცის შემდეგ რა უნდა ექნა?..

პრობლემის გადაჭრა იოლი აღმოჩნდა - ათის შემდეგ თვლა ხელახლა იწყებოდა, ოღონდ დათვლილ ათეულებს ცალკე ითვლიდნენ.

ენა ვითარდებოდა და ადამიანებს ციფრების გამოსახატავად უკვე სიტყვების წარმოთქმაც შეეძლოთ. ასე რომ, თითების ჩვენება ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იყო. რაოდენობის გამოხატვა შესაძლებელი იყო წერილობითაც - გრაფიკული გამოსახულებებით ან სიმბოლოებით.

ცხვრის ფარის საჩვენებლად ცხოველთა ჯგუფის დახატვა კმაროდა, რაოდენობის გადმოსაცემად კი უფრო მოსახერხებელი სიმბოლოების გამოყენება იყო საჭირო. ეგვიპტელები ცხრა რიცხვის ჩათვლით უბრალო ხაზებს ხმარობდნენ, ხოლო ათს სპეციალური სიმბოლო გამოხატავდა. ბაბილონელებსაც მსგავსი სისტემა ჰქონდათ, რომაელებმა კი სრულიად ახალი სიმბოლოები შემოიღეს.

დღეს რიცხვების ჩასაწერად და საანგარიშოდ ინდურ-არაბულ სისტემას ვიყენებთ. ის VI საუკუნეში შემოიღეს ინდოეთში და მხოლოდ 10 სიმბოლოს (ციფრს) შეიცავს. ესენია: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9.
ბეჭდვა
1კ1