წმინდა მამები
წმინდა მამები
არქიმანდრიტი მიქაელი, ბერი საბა ფულარიანი და ბერდიაკონი პართენ აფციაური
მოხუც ბერთათვის სანოვაგის შესაგროვებლად სოფელში ჩამოსული მამა მიქაელი ჯარისკაცებმა მოკლეს

როგორც კი მცხეთაში შევალ, მაშინვე მახსენდება ის ადგილები, რომლებიც არასოდეს მომილოცავს, მათ შორის - ზედაზენი...

ამ წმინდა ადგილის ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება - ჯერ წარმართული საკერპო ედგათ იქ ძველ ქართველებს, შემდეგ კი, უკვე ქრისტეს ნათელღებულებმა, მამათა მონასტერი დააფუძნეს მის ადგილას.

უამრავ წმინდა მამას უცხოვრია ძველთაგანვე ზედაზენზე. ზოგის სახელი და ვინაობა მხოლოდ უფალმა იცის, მაგრამ იყვნენ ისეთნიც, რომელთა ცხოვრება და სახელი ნუგეშად ექცა საქართველოს...

ბოლო დროის ზედაზნელ ბერებზე რომ ვფიქრობ, მაშინვე რამდენიმე სახელი მაგონდება - მამა პართენ აფციაური, მამა საბა ფულარიანი, არქიმანდრიტი მიქაელ მანდარია. ამ ფოტოზე ეს სამი ბერი ერთად აღბეჭდა ფოტოკამერამ, უფალმა კი სამუდამოდ დაუკავშირა მათი ბედი ერთმანეთს...

მამა პართენი იმ დროს მორჩილი იყო, სწორედ ამ დიდი ხუცესებისგან ისწავლა იესოს ლოცვა და მდუმარების ღვაწლი.

ზედაზნის მოხუც ბერებს, რომლებსაც ახალგასაბჭოებულ საქართველოში უმძიმეს დროს წამოეწიათ სიბერე, მამა პართენი და შემდეგ მამა მიქაელ მანდარია უვლიდნენ.

მამა მიქაელი 1872 წელს დაიბადა, მშობლებმა ბავშვობიდანვე მიაბარეს ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს, სადაც წერა-კითხვა, საეკლესიო ტიპიკონი და გალობა შეისწავლა.

მონასტრის გარემომ და იქ მოღვაწე მამათა წმინდა ცხოვრებამ პატარა მეთოდეს (მამა მიქაელის საერო სახელია) ბერად აღკვეცის სურვილი გაუჩინა. და 1898 წელს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში აღიკვეცა კიდეც ბერად მიქაელის სახელით.

უამრავი განსაცდელი და ტანჯვა გამოიარა მამა მიქაელმა. როცა საქართველოს მაშინდელი პატრიარქი, აწ წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაია, ხელისუფლებამ გადაასახლა, მას თან გაჰყვა მამა მიქაელიც და როგორც შეძლო, ემსახურა ტანჯულ პატრიარქს.

1915 წელს მამა მიქაელი კვლავ დაუბრუნდა სამშობლოს და ისევ იოანე ნათლისმცემლის მონასტერში იწყო მსახურება, 1919 წლიდან კი ზედაზნის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1923 წელს უმოძღვროდ დარჩენილ საგურამოს წმინდა თადეოზ მოციქულის სახელობის ტაძარსაც და იქაურ მრევლსა და მოსახლეობასაც პატრონობდა. საგურამოელებს დღემდე ახსოვთ მისი დიდი სათნოება, სიმდაბლე და რწმენა. თავად უქონელი, იქით ცდილობდა ყველას დახმარებას და ნუგეშისცემას, ამიტომ იმ მძიმე, მშიერ, სასტიკ წლებში ამხელა სიკეთის დამნახავი მოსახლეობა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ზედაზნის მონასტერს.

იცი, როგორ გარდაიცვალა მამა მიქაელი?! 1943 წელს სოფელში მოხუც ბერთათვის მოსახლეობის შეგროვებული სანოვაგის წამოსაღებად ჩამოსული მოკლული იპოვეს. ხმა გავრცელდა, ჯარისკაცებმა მოკლეს კომენდანტის საათის დარღვევისთვისო...

მამა მიქაელი მის საყვარელ ზედაზნის მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

შეგვეწიოს მისი ლოცვა!
ბეჭდვა
1კ1