ჩვენი ისტორია
ჩვენი ისტორია
"როგორ ბედავთ, სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლს ღალატს რომ მთხოვთ?!"
გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მეგობარო!
დღეს სასულიერო პირზე კი არა, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ავბედით დროს მცხოვრებ ერთ რიგით ქართველზე უნდა გიამბო.

გაბრიელ ბერი ამბობდა, - მხოლოდ რწმენისა და სამშობლოსთვის თავდადებულს ძალუძს, უყოყმანოდ მოგვახვეჭინოს სამოთხეო...

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი ხომ გსმენია? იმედია, გეცოდინება, ქაქუცა ხომ საქართველოს ეროვნული გმირია. ეს კაციც, ვისზეც ახლა გიამბობ, ნამდვილი გმირია, რომლის სახელიც არავინ იცის, გვარად კი ჯამასპიშვილი გახლდათ, ქაქუცას ერთ-ერთი თანამებრძოლი.

თავისიანების ადგილსამყოფელის გამხელას სთხოვდნენ უღმერთოები, მაგრამ არ გასცა...

1922 წელი იდგა, უმძიმესი დრო იწყებოდა საქართველოსთვის...

ბრძოლაში ფეხში დაჭრილი ჯამასპიშვილი რუსმა სალდათებმა შეიპყრეს.

- სკამიო, - იყვირა ტყვემ.

მიუტანეს სკამი, დასვეს.

- ჩემგან რა გნებავთ? - იკითხა დაჭრილმა.

- გვითხარი, რამდენი არიან ქაქუცას რაზმში და ვინ ჰყავთ თანამოაზრენი?!

- წყალი! - მოკლედ მოუჭრა ჯამასპიშვილმა. შესვა და მტერს ქორივით გადახედა. უცებ ფეხზე წამოიჭრა და თქვა:

- ქართველი ხალხის ჯალათნო, როგორ ბედავთ და სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლს ღალატს სთხოვთ?! ფუ თქვენს ნამუსს! ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვაა, მეტს აღარაფერს გეტყვით! - თქვა და ჭრილობებით დასუსტებული პირქვე დაეცა.

ჯალათები წამსვე მისცვივდნენ, ცემა-ტყეპით კვლავ წამოაყენეს და დაემუქრნენ: ახლავე თქვი ყველაფერი, თორემ დაგხვრეტთო.

ასე აწამეს რამდენიმე დღე, მაგრამ კრინტიც ვერ დააძვრევინეს. ბოლოს გაცოფებულებმა დასახვრეტად გაიყვანეს და უკანასკნელად გააფრთხილეს: ყველაფერი თქვი და სიცოცხლეს გაჩუქებთო. დაუძლურებულმა ტყვემ თავი მდუმარედ დაუქნია. ჯალათები რომ მიუახლოვდნენ, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და სახეში შეაფურთხა საქართველოს მტრებს...

წუთიც არ გასულა, ტყვიით განგმირული ჯამასპიშვილი მისთვის წინასწარ გათხრილ სამარეში ჩაეშვა...
ბეჭდვა
1კ1