საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
ნიკოლოზის სინდისი
ნიკოლოზი ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ის არც მამას იცნობს და არც დედას. სამაგიეროდ, თავის აღმზრდელებს იცნობს კარგად. მას სამი აღმზრდელი ჰყავს, მაგრამ ნანა დეიდა განსაკუთრებით უყვარს. ის ეფერება, კანფეტებს ჩუქნის და ზღაპრებს უყვება ხოლმე. ერთხელ ნანა დეიდამ ბავშვები ეკლესიაში წაიყვანა. ბიჭუნას მოეწონა ტაძარი - ძალიან ლამაზი იყო. იქ ბევრი სანთელი ენთო და წვერებიანი ადამიანები დადიოდნენ, რომლებსაც მღვდლებს უწოდებდნენ. კიდევ, ნიკოლოზმა გაიგო, რომ ეკლესიაში ღმერთი ცხოვრობს, რომ ის კეთილია და ყველა უყვარს. უთხრეს, რომ ღმერთი ყველას გულის კარზე აკაკუნებს და მხოლოდ მისი გაგონებაა საჭირო. მას კი ეს ხმა ჯერ არ ესმოდა.

ნიკოლოზს არ მოსწონდა, როცა ნანა დეიდას სხვა ბავშვებთან მოთამაშეს და მოალერსეს ხედავდა. ცოტა ხნის წინ აღმზრდელმა თამუნას ნახატი მოიწონა, ბიჭმა აიღო და წყალი გადაასხა სურათს. თამუნა ტიროდა, ნიკოლოზს კი უხაროდა, რომ თამუნას ლამაზი სურათი აღარ იყო. ნანა დეიდას მოწყენილი სახე ჰქონდა, მაგრამ ის ნიკოლოზს არ გასწყრომია.

ერთ დღესაც ნიკოლოზმა ლაშას დაარტყა, რადგან მოეჩვენა, თითქოს ნანა დეიდამ ყველაზე დიდხანს ის აქანავა საქანელაზე. ნაცემი ბიჭი სკამზე იჯდა და ტიროდა. ესეც ასე! აღმზრდელმა კვლავინდებურად მოიწყინა. მოუხმო თავისთან და უთხრა:

- ლაშას ეტკინა. მიდი, მოუბოდიშე და მეტჯერ აღარ აწყენინო.

"კიდევ რა გინდა!" - გაიფიქრა გაგულისებულმა, ჩაჯდა სილაში და გაიბუსა: ნანა დეიდაზე გაბრაზდა და გადაწყვიტა, დღეიდან აღარ ჰყვარებოდა. სილაში კენჭი იპოვა და აღმზრდელს ესროლა. კენჭი პირდაპირ სათვალეს მოხვდა და გატეხა... მოულოდნელობისაგან ნანა დეიდამ სახეზე ხელები აიფარა. ამის დანახვაზე ნიკოლოზს შეეშინდა და დაიმალა. მიუხედავად ამისა, ნანა დეიდა ისევ არ გაუჯავრდა ნიკოლოზს, შეკრიბა ბავშვები, ყველა მწკრივად დააყენა და ოთახში წაიყვანა.

სამხრობისას ნიკოლოზი ჩაფიქრებული იჯდა. რატომღაც, არც კარაქიანი ფუნთუშა უნდოდა და არც ტკილი კაკაო. სამხრობის შემდეგ ბავშვები ზღაპრის მოლოდინში გაინაბნენ, მაგრამ აღმზრდელმა თქვა, რომ იმ დღეს ზღაპარს არ წაიკითხავდა, რადგან სათვალე ჰქონდა გატეხილი და მის გარეშე ვერაფერს გახდებოდა. ნიკოლოზმა რაღაც შინაგანი სიმძიმე იგრძნო, პატარა გული აუჩქარდა და ყელი გაუშრა. უნდოდა, ან ეტირა, ან ნანა დეიდასთან მიერბინა და ჩახუტებოდა. კუთხეში გადაჯდა. რაღაც აფორიაქებდა და თამაშში ხელს უშლიდა. მერე მივიდა აღმზრდელთან, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ატირდა.

- აბა, რას შვრები? - გაუღიმა ნანა დეიდამ.

- აი, აქ ცუდად ვგრძნობ თავს... - და ნიკოლოზმა გულზე დაიდო ხელი, - თქვენ ჩემზე ხომ არ ხართ გაბრაზებული?

- არა, სულელო. ბოლოს და ბოლოს შენში სინდისმა გაიღვიძა.

- და ეს კარგია? - იკითხა ბიჭუნამ.

- ცხადია, ძალიან კარგია. ეს ღმერთმა დაგიკაკუნა გულის კარზე! - უთხრა ნანა დეიდამ, თავზე ხელი გადაუსვა და გულში ჩაიკრა პატარა.


ბავშვებო, მართლაც ასეა, როცა სინდისი გვამხელს, ეს მეტად მტკივნეულია. მაგრამ სინდისის ხმის ბოლომდე ჩახშობა შეუძლებელია, რადგან თავად უფალმა გვიწყალობა სინდისი - ჩვენი ცხოვრების ღირსეული თანამგზავრი. ნუ ვეცდებით მის გაჩუმებას, რაც უნდა მტკივნეული იყოს მისი მხილება, რადგან ეს ტკივილი ჩვენი გამოჯანმრთელების დასაწყისია. ვთხოვოთ უფალს, რომ განგვიკურნოს ყველა ჭრილობა, რომელიც ჩვენს სულს ჩვენი შეცდომებით მივაყენეთ!



ბეჭდვა
1კ1