საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
"ვინ არის ჩვენი ახლობელი?"
ექიმების რჩევით, სამკურნალო წყლებით განთქმულ ქალაქში ახალგაზრდა სნეული ოფიცერი მივიდა. ადრე ულმობელი, უწყალო გულისა თავხედურად ექცეოდა ხელქვეითებს.

ავადმყოფი ისე იყო დასუსტებული, რომ მისი სახლში დაყენება არავის უნდოდა - ვაითუ, ხელში ჩაგვაკვდეს და მეტი საზრუნავი და ხარჯი გვექნებაო.

ავადმყოფი ეტლით მიიყვანეს ერთ სასტუმროში. სასტუმროს პატრონმა დახედა. ძლიერ ვწუხვარ, მაგრამ თავისუფალი ოთახი არ მაქვსო, - განუცხადა.

ავადმყოფი შეევედრა, - თუნდაც ერთი კუნჭული მომაქირავე თავის შესაფარებლად, ბინის ქირას, რასაც მომთხოვ, მოგცემო, მაგრამ სასტუმროს პატრონი ცივ უარზე იდგა. ამ დროს სასტუმროდან ერთი მდგმურთაგანი გამოვიდა. გაიგო, რაც ხდებოდა, მივიდა მეპატრონესთან და უთხრა: - ეს კაცი ჩემი ახლობელი ნათესავია, მე მივიღებ ჩემს ოთახში. ჩემს ლოგინს დავუთმობ, მე კი დივანზე დავწვებიო.

სასტუმროს პატრონმა უარი ვერ გაბედა. ავადმყოფი გულშემატკივრის ოთახში აიყვანეს და მის ლოგინში ჩააწვინეს.

დაღლილმა ავადმყოფმა მალე დაიძინა. როცა გაიღვიძა, პირველად უცნობ კეთილისმყოფელს მიაპყრო თვალი და მიმართა:

- ძვირფასო მეგობარო, თქვენ მე ნათესავად გამასაღეთ, თქვენი სახელი კი არ ვიციო.

- რად გინდათ ჩემი სახელი? განა სულ ერთი არ არის, რა მერქმევა? ჩემი სახელი არაფერს გეტყვით, მე ვმსახურებ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს, რომელიც მასწავლის, რომ ყველა მწუხარე და გაჭირვებული, ვისაც ჩემი შემწეობა სჭირდება, ჩემი ახლობელი, ჩემი ძმაა... ამის გამო თქვენს ვინაობას კი არ გამოვიძიებ, არამედ გკითხავთ: რით შემიძლია დაგეხმაროთ-მეთქი... ბედნიერი ვიქნები, თუ შევძლებ თქვენი სატანჯველის შემსუბუქებას, - უპასუხა უცნობმა. მერე ავადმყოფს სამკურნალო წყაროს წყალი დაალევინა, რომელიც მას ექიმმა დაუნიშნა.

როცა ავადმყოფმა გამოიღვიძა, კეთილმა კაცმა თვითონ ჩაიყვანა აუზში. ბანაობის შემდგომ ტანი შეუმშრალა და ისევ დააწვინა. ის ასრულებდა როგორც მეაბანოის, ასევე სასტუმროს მოსამსახურის საქმესაც.

ავადმყოფს გამოკეთება დაეტყო. ათი დღის შემდეგ კი თვითონ შეძლო აუზში დაუხმარებლად ჩასვლა.

ოთხი კვირის შემდგომ განიკურნა არა მარტო სენისგან, არამედ სულიერადაც განახლდა. მის სულში ღრმად ჩაბეჭდილმა უცნობი კეთილისმყოფელის სიტყვებმა: "ეს კაცი ჩემი ახლობელი ნათესავიაო", ისე იმოქმედა მასზე, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე არასოდეს ივიწყებდა, რომ ყოველი კაცი ქრისტეს მიერ მისი ძმა არის, და ყოველთვის უყოყმანოდ ეწეოდა გაჭირვებულს.

ოფიცერი ადიდებდა ღმრთის სახელს, რომლის წყალობით სრულიად განახლდა და ჭეშმარიტი ქრისტიანი, ქრისტეს წმინდა მცნებათა მიმყოლი გახდა.

ნესტორ ყუბანეიშვილი
ბეჭდვა
1კ1