ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
დღისით მძინარი, ღამით მღვიძარი - ვინ არის?
ჩემო საყვარელო მკითხველო, ახლა ისეთ ფრინველზე მინდა გესაუბრო, რომელსაც დღისით სძინავს, ღამით კი ფხიზლობს. გამოიცანი? რა გონიერი ყოფილხარ! სწორედ ჭოტზე ვაპირებ მოგიყვე.

ჭოტს მთელი დღე სძინავს, თვლემს კოშკის ნანგრევებში ან ხის ფუღუროში და მხოლოდ საღამოს, როცა სხვა ფრინველები ტკბილი ძილისთვის ემზადებიან, გამოიღვიძებს. ვიცი, მკითხავ, რად ეძინა ჭოტს მთელი დღე და რატომ სხვა ფრინველივით არ ნადირობდაო. ახლავე გიპასუხებ: იმიტომ, რომ მზის შუქი მას ბრდღვიალა და გადმოკარკლულ თვალებს უბრმავებს და საბრალო დღისით ხეირიანად ვერაფერს ხედავს. ღამით კი თვალის ბაიები ისე უფართოვდება, ერთი ვარსკვლავის სინათლეც ჰყოფნის, ყველაფერი კარგად რომ გაარჩიოს. ამის გამო ჭოტისთვის დღე ღამეა, ღამე კი დღე.

ეს ჩვენი ჭოტი თურმე დაუფასებელი მეველეა ჭირნახულისა. ალბათ იცი, რომ მოსავალს ერთი დაუძინებელი მტერი ჰყავს - თაგვი. პატარა ბასრი კბილებით თაგუნა ფესვებს უფუჭებს პურს, სიმინდს, ქერსა და შვრიას, ახრამუნებს ყოველგვარ მარცვლეულს, ხნულში დათესილსა თუ თავთავზე მობმულს... ამ პატარა ნადირთან საბრძოლველად ადამიანს დიდი ხანია მოუშინაურებია კატა, თუმცა, დამეთანხმე, ის ყანა-მინდვრებს ვერ უპატრონებს. საზიზღარი თაგუნა დიდად დააზარალებდა მოსავალს, მტრად ფრთიანი კატა რომ არ გამოსჩენოდა. ეს ფრთიანი კატა კი ჭოტი გახლავს. ღამით, როცა ადამიანს სძინავს და თავისი ნაშრომი ღვთის ანაბარა აქვს მიტოვებული, ჭოტი დაუღალავად დევნის და ჟლეტს თაგვებს.
ბეჭდვა
1კ1