მცხეთელი ბერები
მცხეთელი ბერები
ძაღლები გარშემო შემოსწოლიან, გაუთბიათ და გაყინვას გადაურჩენიათ
განსაცდელისას ის ადგილები და ადამიანები გვაგონდება, რომლებიც ძვირფასია ჩვენთვის. ალბათ, შენც ჩემსავით დაგემართა ამ ომიანობისას...

მეც სანუგეშოდ ფიქრით ისევ საქართველოს ძველ დედაქალაქს, მცხეთას მივადექი. მთელი გულით ვგრძნობდი, მტერი წმინდა ქალაქს ვერ მიეკარებოდა...

ასეც მოხდა.

დავადექი თბილისიდან სვეტიცხოვლამდე და სამთავრომდე მიმავალ გზას და გაბრიელ ბერი (ურგებაძე) და მოხუცებული მამა აბრაამი (ჩხეტიანი) გამახსენდნენ...

ყოველთვის ასეა - რამდენჯერაც ამ გზას გავივლი, მაშინვე მაგონდებიან ეს დიდი ბერებიც... ალბათ, იმის გამო, რომ მათ ლოცვას განსაკუთრებულად ვგრძნობ, და იმიტომაც, რომ ამ გზაზე ფეხით ისინიც ხშირად დადიოდნენ...

წარმოვიდგენ, როგორ მოაბიჯებდნენ უხმო ლოცვით და გულში ორივეს დალოცვას ვთხოვ...

KARIBCHEგაბრიელ ბერის მშობლები თურმე ურწმუნონი იყვნენ და ხშირად სჯიდნენ ლოცვისა და წმინდა წიგნების კითხვის გამო.

ერთხელ ამდგარა ჯერ კიდევ ბავშვი მამა გაბრიელი და ყინვაში თბილისიდან მცხეთაში ფეხით გაპარულა.

სვეტიცხოველში ბერების შეწუხება ვერ გაუბედავს და ეზოში, ბუჩქთან მიწოლილა...

მისულან ახლომახლო მყოფი ძაღლები, გარშემო შემოსწოლიან, გაუთბიათ და გაყინვას გადაურჩენიათ.

გამოსულან დილით ბერები და რას ხედავენ?! ძაღლებს და პატარა ბიჭუნას ამ ყინვაში ერთად არ სძინავთ!

შეიცხადეს, - ჩვენ საწოლებში გვეძინა, ამ ყმაწვილს კი - ყინვაშიო, შეუყვანიათ თავიანთ სენაკში, გაუთბიათ, დაუპურებიათ, უნუგეშებიათ და შინ გაუშვიათ.

მერეც უკვე ხნოვანი გაბრიელ ბერი ფეხით გამოივლიდა ამ გზას და თბილისამდე ლოცვით მოვიდოდა...

მამა აბრაამის ნათესავები იგონებენ: ხომ სულ ლოცვაში იყო და თანაც 100 წელს მიტანებული, არ ვიცით, როგორ ასწრებდა - წამოვიდოდა სვეტიცხოვლიდან ფეხით, დილით მძინარეებს დაგვადგებოდა და გვაღვიძებდაო...

კვირა არ გავიდოდა, თბილისში არ ჩამოსულიყო. არც დაღლას გრძნობდა და არც ლოცვას წყვეტდა - გულში სუნთქვასავით ჰქონდა თურმე იესოს ლოცვა.

შეგვეწიოს მამათა წმინდა ლოცვები. ამინ!
ბეჭდვა
1კ1