საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
"უმჯობესია, არ იმეფონ, ვიდრე უგუნურად იმეფონ"
ღირსი არსენი დიდი, როგორც უაღრესად ბრძენი და კეთილმსახური ადამიანი, მეფე თეოდოსიმ თავისი შვილების, არკადისა და ჰონორის აღმზრდელად მიიწვია კონსტანტინოპოლში. ღირსი არსენი უფლისწულებს საგანგებო პატივს მიაგებდა, მათ თავმდაბლობით, ფეხზე მდგარი ამეცადინებდა. მოწაფეები კი რბილ და ძვირფას სავარძელში იყვნენ მოკალათებულნი.

ერთხელ შემთხვევით მათ მეფე-მამა ეწვიათ. როდესაც მან არკადი და ჰონორი მსხდომნი, ხოლო არსენი მათ წინაშე ფეხზე მდგომი ნახა, მეტად განაწყენდა და არსენი დიდს უთხრა: "ეს გთხოვე მე შენ? ხომ შევთანხმდით, რომ შენ, როგორც მეორე მამა, მათ უფლისწულებად კი არა, ღვიძლ შვილებად მიიღებდი?!" "ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, - თავმდაბლად მიუგო ღირსმა არსენიმ, - ყმაწვილებს სწავლა სჭირდებათ, უფლისწულებს კი სამეფო პატივი..."

არსენის პასუხმა თეოდოსი უფრო გაანაწყენა. სასწრაფოდ ჩამოხსნა სამეფო ნიშნები შვილებს, თითქმის ძალით დასვა მასწავლებელი სავარძელში და ყმაწვილებს მის წინაშე დგომა უბრძანა.

"თუ ღვთის შიშით განისწავლებიან,- ფიქრობდა თეოდოსი, - ღირსეულად წარუძღვებიან ერს, მაშინ ზეციური განგება მათ მიწიერ სამეფოს მისცემს, თუკი ამაყები და ბოროტები იქნებიან, უმჯობესია, არ იმეფონ, ვიდრე უგუნურად იმეფონ. ღმერთს ვევედრები, მირჩევნია, ჩემი შვილები სიყრმეშივე დაიხოცონ, ვიდრე სულის წარსაწყმედად და ხალხის საუბედუროდ გაიზარდონ". არსენიმ გულში აკურთხა მეფე თეოდოსი და იმ დღიდან უფლისწულებს მჯდომარე ასწავლიდა, ისინი კი მის წინაშე ფეხზე იდგნენ.


ბავშვებო, დამერწმუნეთ, ბედნიერებას ვერ მოუტანს შვილებს ის მამა, რომელიც სულ მცირე მიზეზსაც კი აძლევს მათ, იამაყონ სიმდიდრითა და წარმატებულობით.


ბეჭდვა
1კ1