ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
ყოველთვის სასიამოვნო და სასურველი სტუმარი
ჩემო საყვარელო მკითხველო, დღეს გაზაფხულის მახარობელ ფრინველზე უნდა გიამბო. ალბათ ამიტომაც ის ყველას ძალიან გვიყვარს... დარწმუნებული ვარ, უკვე მიმიხვდი და წამოიძახე კიდეც მისი სახელი. ყოჩაღ, ჩემო პატარა, სწორად გამოიცანი!

მერცხალი თითქმის შინაური ფრინველია. მუდამ ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ჩვენს სახლებში იკეთებს ბუდეს და ჩვენს თვალწინ ზრდის შვილებს. ახლა ალბათ მკითხავ, ასე რატომ გვეტანებაო. გიპასუხებ: იმიტომ, რომ იცის, ადამიანს მოვწონვარ, ვუყვარვარ, შემხარის და ჩემთვის ცუდს არასდროს მოინდომებს. პირიქით, თუ გარეულმა ონავარმა ფრინველმა ჩემი ბარტყების დატაცება მოინდომა, კუდით ქვას ასროლინებსო. მართლაც ასეა.

მერცხალი სტუმარია ჩვენი, ყოველთვის სასურველი და სასიამოვნო. თუ სხვა სტუმარი, ქართული ანდაზით, პირველ დღეს ოქროა, მეორე დღეს - ვერცხლი, მესამე დღეს კი სპილენძად იქცევა, მერცხალი მუდამ ოქროდ რჩება. კუდმაკრატელა მარდი და ლამაზი ფრენით გვართობს და ხალისიანი ჭიკჭიკით გვატკბობს. შორი ქვეყნიდან მის მოსვლას მოუთმენლად ველით - ეს ხომ სანატრელი გაზაფხულის მოახლოების ნიშანია.

ჩვენს სიყვარულს მერცხალი იმით პასუხობს, რომ იოტის ოდენა ზარალსაც არ გვაყენებს: არც მარცვლეულს გვინადგურებს და არც ბალს გვიკენკავს. აბა, რით იკვებება? მაგაზეც გიპასუხებ: მერცხალი გარიჟრაჟიდან დაბინდებამდე დაუღალავად ნადირობს ბუზზე, კოღოზე, ქინქლაზე და სხვა აბეზარ მწერებზე. ალბათ, შეგინიშნავს, რომ ფრენისას მერცხალი ხან მარჯვნივ გაუხვევს ხოლმე და ხან მარცხნივ, ხან ზევით ასრიალდება და ხან ქვევით დაეშვება, თითქოს რაღაცას ეთამაშებაო. მაგრამ ეს თამაში არ არის; მერცხალი ამ დროს უჩინარ პატარა მწერებს იჭერს და ყლაპავს.

ჩემო პატარა, მერცხალი მხოლოდ ადამიანს როდი უყვარს. თურმე, ის პატარა ფრინველებსაც ძალიან უყვართ, რადგან მათაც დიდ სიკეთეს უკეთებს - როცა ქორი ჩიტუნიებს ეპარება, ყველაზე ადრე ამას მერცხალი შეიტყობს, ის ხომ მთელი დღე სხვადასხვა მხარეს დაფრინავს. შეიტყობს თუ არა საფრთხის მოახლოებას, ერთს დასჭყივლებს და ამ ჭყივილით ფრინველებს უხმობს: "ფრთხილად, ძმებო, ავაზაკი მოდის, თავს უშველეთ!" ისინიც დროულად მონახავენ ხოლმე თავშესაფარს და გადარჩებიან. საოცარია, მაგრამ თვითონ მერცხალი არსად იმალება, რადგან საძაგელი ქორის სულაც არ ეშინია. ისე სწრაფად დაფრენს, ბევრიც რომ ეცადოს, ქორი მაინც ვერ დაიჭერს.
ბეჭდვა
1კ1