ათონელი ბერები
ათონელი ბერები
გამთენიისას მეუდაბნოემ საკუთარი თვალით იხილა, როგორ დაადგა ილარიონ ქართველის სენაკს მზესავით მბრწყინავი დისკო...
ათონი - ბერთა კუნძულიც საქართველოსავით ღვთისმშობლის მიწაა. იქ უძველესი დროიდანვე მოღვაწეობდნენ ქართველები და არაერთი ტაძარიც აღაშენეს.

ქართველ ათონელებზე საუბარი მეთვრამეტე საუკუნის ბერის, წმინდა ილარიონ ქართველის (ყანჩაველის) ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტით მინდა დავიწყო.

6 წლის იესე (წმინდა ილარიონ ქართველის საერო სახელი) ბერმა ბიძამისმა თავის უდაბურ მღვიმეში წაიყვანა და იქ აღზარდა.

გრძელი და მძიმე აღმოჩნდა მისი გზა, მაგრამ დიდ ბერებთან ყოფნამ ისეთი ლოცვა ასწავლა და იმხელა სიბრძნე და სიწმინდე შესძინა, როდესაც ერთხელ სოფელ ნიქოზში ეპისკოპოს ათანასესთან შეიარა, მეუფე შეძრა ჯერ ისევ ყმაწვილი იესეს ლოცვამ.

მამა ილარიონი იმერეთის მეფის სოლომონ მეორის მოძღვარი გახდა და სიკვდილამდე აღარ მოსცილებია საქართველოდან დევნილ მონარქს...

ძალიან გაუჭირდა უდაბნოში აღზრდილს ხმაურიან სასახლეში, სულ განდეგილ ბერობაზე ოცნებობდა და როდესაც მეფე მიიცვალა, გაიხადა ძვირფასი სამოსი და გლახაკივით შემოსილი წავიდა ათონზე.

ათონელ ბერებს უთხრა, - ერთი ღარიბი ქართველი ვარო, იქ თავისი ძველი მეგობარი, მამა ბენედიქტე იპოვა და 1812 წელს ერთად აღიკვეცნენ დიდ სქემაში.

მაგრამ ერთ დღესაც ერთმა ბერმა იცნო, ხელები დაუკოცნა და ძახილი იწყო: - მეფის მოძღვარია, მეფის მოძღვარიო! ყველა გაოცებული შესცქეროდა...

მალე ისე შეაწუხა საყოველთაო პატივისცემამ, მონასტერი მიატოვა და უდაბნოში განმარტოვდა.

იმ დროს საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო - თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ ქრისტიანებს...

ერთხელ მათმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა, ბრძანა, - წმინდა მთის ყველა მონასტრის წინამძღვარი აქ მომგვარეთო.

დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცვლად ფაშას მამა ილარიონი ეახლა თავისი ნებით, მისი ურჯულოება საჯაროდ ამხილა და ყველას გასაგონად თქვა: - მხოლოდ მართლმადიდებელნი შევლენ ღვთის სასუფეველშიო.

სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ ფაშასთან ორი, წარმოშობით აფხაზი მცველი მივიდა და უთხრა: "თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე შეგვხვდა და ისიც თუ მოვკალითო" და გაათავისუფლებინეს.

ათონისკენ მიმავალ გზაზე მამა ილარიონმა უამრავი ტუსაღი გადაარჩინა სიკვდილს - საპყრობილეებში გამომწყვდეულებს, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, ჩუმად აპურებდა და წყალს აწვდიდა...

ათონზე რომ ჩავიდა, სამი წელიწადი გამოქვაბულში გაატარა მკაცრ მარხვაში. ამ ხნის განმავლობაში არც დღე, არც ღამე ლოცვა არ შეუწყვეტია და არ მოუსვენია. ვინც მას იცნობდა, ამბობდნენ - ქვა აღარ დარჩა, მამა ილარიონის ცრემლი რომ არ დასცემოდაო... წმინდა ილარიონ ქართველმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწია საქართველოს - უამრავი სასულიერო წიგნი და კატალოგი შეადგინა, ათონზე მდებარე ქართულ წიგნსაცავს უპატრონა, შეკრიბა და გადაარჩინა...

იგი 1864 წელს აღესრულა. თავის მოწაფეს დაუბარა, - ფარულად დამკრძალეო, მაგრამ იგი მალე იძულებული გახდა, საიდუმლო გაემხილა. ამაღლებას, ღამისთევის ლოცვისას, ათონელმა ბერებმა მისი სამარე რომ გახსნეს, იქაურობა საოცარმა კეთილსურნელებამ აღავსო... ერთმა მეუდაბნოემ კი გამთენიისას საკუთარი თვალით იხილა, მზის მსგავსი დისკო როგორ დაადგა ერთი საათით თავს მამა ილარიონის ყოფილ სენაკს...

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა ილარიონ ქართველის (ახლის) ხსენების დღედ 27 თებერვალი დაადგინა.
ბეჭდვა
1კ1