ისტორია
ისტორია
გუბაზ მეფის ტრაგედია
მე-6 საუკუნეში საქართველოს ტერიტორიებს ერთმანეთს სპარსეთი და ბიზანტია ეცილებოდნენ. სპარსელების მიერ ქართლის დამორჩილებამ შეაშფოთა ბიზანტია, ვაითუ სპარსელები ეგრისსაც წაეპოტინონო და დაიწყეს ეგრისის (ლაზიკის) გამაგრება. შეიყვანეს ჯარი და ჩააყენეს ციხე-ქალაქებში ფოთში, სოხუმში, ბიჭვინთაში. მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილდნენ. ააშენეს ახალი ციხესიმაგრე პეტრა, სადაც ძირითადი სამხედრო ნაწილები შეიყვანეს.

ბიზანტიელებმა მთელი ქვეყანა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს. მეფეს მხოლოდ გარეგნული ნიშნები დაუტოვეს. მას და დიდებულებს არაფერს ეკითხებოდნენ.

ეგრისელები აღშფოთდნენ. გუბაზმა ბიზანტიელების წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება სთხოვა სპარსეთის შაჰს ხოსროს.

გახარებულმა ხოსრომ დიდი ლაშქარი შეიყვანა 542 წელს ეგრისში. ლაზებმა და სპარსელებმა სისხლისმღვრელი ბრძოლით აიღეს პეტრა. შიგ სპარსელთა ჯარი ჩადგა.

მალე გამომჟღავნდა ხოსროს განზრახვა - ეგრისიდან უნდა გაესახლებინა იქ მცხოვრებნი და მათ ნაცვლად სპარსელები ჩაესახლებინა. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროდ მიაჩნდა გუბაზის მოკვლა. ეს საქმე ხოსროს სარდალმა ლაზ წარჩინებულს ფარსმანს დაავალა, რომელსაც მტრული დამოკიდებულება ჰქონდა მეფესთან. ფარსმანმა დაივიწყა პირადი მტრობა, როცა სამშობლო განსაცდელში იყო, მოვიდა გუბაზთან და ყველაფერი მოახსენა. გუბაზი მიხვდა თავის შეცდომას. ისევ ბიზანტიას დაუკავშირდა და მათთან ერთად ახალი ძალით გააჩაღა ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ.

ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ციხე-ქალაქები ხელიდან ხელში გადადიოდა. ლაზები თავდადებით, გააფთრებით იბრძოდნენ, იცავდნენ სახლ-კარს, სამშობლოს, ცოლ-შვილს. ბიზანტიელებს კი გამდიდრების, პირადი გამორჩენის მეტი არაფერი აინტერესებდათ. ამიტომ უნიათოდ იბრძოდნენ, რაც აღიზიანებდა გუბაზს. გუბაზი არ მალავდა უკმაყოფილებას და მათ ლაჩრებს, უნიჭოებს, ხარბებს და მოღალატეებს უწოდებდა, რაც იმპერატორსაც აცნობა.

იმპერატორის რისხვა თავიდან რომ აეცილებინათ, გუბაზს ღალატი დასწამეს ბიზანტიელმა სარდლებმა. წაიყვანეს მდ. ხობის წყლის პირას და მოღალატურად, ვერაგულად მოკლეს 154 წელს.

მოამზადა
ნათელა ჯანგულაშვილმა
ბეჭდვა
1კ1