ზღაპარი
ზღაპარი
მიწა თავისას მოითხოვს
იყო ერთი ქვრივი დედაკაცი, ჰყავდა ერთი ვაჟი. ვაჟი იზრდებოდა და ხედავდა, რომ იმის გარდა ყველას მამა ჰყავდა, მარტო ის ვერავის ეტყოდა მამობას. გადაეკიდა დედას:

- დედა, ყველას მამა ჰყავს და მეც რატომ არა მყავსო?

დედამ უთხრა:

- მოკვდა, შვილოო.

- მაშ, აღარ მოვაო? ან რა არის სიკვდილი? - ჰკითხა შვილმა.

- ის კი აღარ მოვა, შვილო, და ჩვენ კი წავალთ მასთანო. სიკვდილს ვერავინ გადავურჩებით, ყველა მიწად ვიქცევით, დავიხოცებითო.

- მე არ მითხოვია ღმერთისთვის - გამაჩინე-მეთქი, და რაკი გამაჩინა, რადღა უნდა მომკლასო? - თქვა ვაჟმა, - ისეთ ადგილას უნდა წავიდე, სადაც სიკვდილი არ არისო.

დედამ დააბრუნა შვილი, მაგრამ მან არ დაიშალა.

მოიარა მთელი ქვეყანა, სადაც მივიდოდა, ჰკითხავდა, - არის აქ სიკვდილიო? ყველასგან ერთი პასუხი ესმოდა - არისო.

ამ დროს ვაჟი ოცი წლისაც გახდა. ერთხელ ერთ მინდორზე მიდიოდა. გაიხედა წინ და შორს ერთი ირემი დაინახა. მისი რქები ღრუბლებში იყო აწვდილი. ვაჟი მიუახლოვდა ირემს და ჰკითხა:

- შენი გამჩენის მადლს, არ იცი იმისთანა ქვეყანა, რომ სიკვდილი არ იყოსო?

ირემმა უთხრა:

- სანამ ჩემი რქები ცას არ მიეხირება, მეც ვიცოცხლებ, მისწვდება ჩემი რქები ცას და მეც მოვკვდებიო. თუ გინდა, შენც ჩემთან იყავი და სანამ მე ვიქნები, შენც იცოცხლებო.

ვაჟმა უთხრა:

- თუ ვიცოცხლებ, მუდამ უნდა ვიცოცხლო, თორემ აქ მოუსვლელადაც მოვკვდებიო.

გასცდა ვაჟი და გაუდგა გზას. გაიარა მინდორი, ველები და გავიდა ტყიან და კლდიან ადგილას. ერთ ხევს მიადგა, სულ პიტალო კლდე იყო და ისეთი ღრმა, რომ თვალი ვერ ჩასწვდებოდა მის ძირს. ხევის პირას კლდეზე იჯდა ყორანი და ასკინტლებდა ხევში. ვაჟმა ჰკითხა:

KARIBCHE- არ იცი იმისთანა ქვეყანა, სადაც სიკვდილი არ არისო?

ყორანმა უთხრა:

- მე ღვთისგან დაწერილი მაქვს სიცოცხლე მანამდის, სანამ სკინტლით ამ ხევს არ ამოვავსებო. თუ გინდა ჩემთან იყავი და შენც ცოცალი იქნები, სანამ მე არ მოვკვდებიო.

ვაჟმა ჩაიხედა ხევის უფსკრულში, მაგრამ მაინც ცოტა ეჩვენა.

ამასაც გასცდა ვაჟი. მოათავა ხმელეთიც და მიადგა ზღვის პირს. აუარა და ჩაუარა ზღვას. შორს, სადღაც მბრჭყვინავი სარკე დაინახა. ვაჟი წავიდა მისკენ და ნახა, რომ ის მბრჭყვინავი სარკე სალი მინის სახლი იყო. კარი გააღო და შევიდა. ოთახში ისეთი ლამაზი ქალი იწვა, რომ მზეს შეშურდებოდა მისი მშვენიერება. ძალიან მოეწონა ქალი და ქალსაც - ვაჟი. ვაჟმა ჰკითხა:

- მშვენიერო, მე სიკვდილს გამოვექეცი და არ იცი იმისთნა ადგილი, სადაც სიკვდილი არ იქნებაო?

ქალმა უთხრა:

- მაგისთანა ადგილი არსად არ არის, რას ეძებ, ჩემთან იყავიო. მიწა თავისას მოითხოვს, შენ მაინც უკვდავებას ვერ შეიფერებო. აბა, მითხარი, რამდენი წლისა ვიქნები მეო.

ვაჟმა დახედა და უთხრა:

- ბევრი, ბევრი, თხუთმეტი წლისა იყოო.

- არა, - უპასუხა ქალმა, - მე ქმნილების პირველ დღეს ვარ გაჩენილი და აქამდე სულ ასე ვარო, არც როდის დავბერდები, მუდამ ასე ვიქნები და არც მოვკვდებიო. შენც აქ იქნებოდი ჩემთან, მაგრამ ვერ შეიფერებ, ისევ მიწა მოგითხოვსო.

ვაჟი დაჰპირდა, - არასდროს მოგშორდებიო.

დაიწყეს ქალმა და ვაჟმა ერთად ცხოვრება. წლები წუთებივით მიფრინავდა. ბევრი რამ გამოიცვალა, ბევრი მოკვდა, ბევრი დამიწდა, ბევრი გაჩნდა, დედამიწა იცვლიდა პირს, მაგრამ ვაჟი ვერ ამჩნევდა დროის ფრენას. ქალი ისევ ისეთი ლამაზი იყო და ვაჟიც - ისეთივე ახალგაზრდა.

გაფრინდა ათასი წელი. ვაჟს მოუნდა თავისი ქვეყნის ნახვა, დედისა და ნათესავების დანახვა მოსწყურდა. ქალს უთხრა:

- უნდა წავიდე და ვნახო დედაჩემი და ნათესავებიო.

ქალმა უთხრა:

- ახლა მათი ძვლებიც აღარ იქნებაო.

ვაჟმა მიუგო:

- რას ამბობ, ეს სამი-ოთხი დღეა, რაც მოვსულვარ და როდის დაიხოცებოდნენო?

ქალმა უთხრა:

- აკი გითხარი, მიწა თავისას მოითხოვს-მეთქი. კარგი, წადი და რაც მოგივიდეს, შენს თავს დააბრალეო.

მისცა სამი ვაშლი და უთხრა, - იქ რომ მიხვალ, მაშინ შეჭამეო.

წავიდა ვაჟი. შემოხვდა ნაცნობი ადგილები. აი, ხევიც, ის უძირო უფსკრული. ყორანს ამოევსო ხევი და თვითონაც გამხმარი ეგდო კლდის წვერზე. ვაჟს თვალთ დაუბნელდა, მოაგონდა ქალის სიტყვები.

გასცდა კლდეებს და გავიდა ნაცნობ მინდორზე. გაიარა, გაანახევრა და ნახა, ირმის რქა ცას მიჰყუდებოდა. ის იყო, მაშინ მომკვდარიყო ისიც. ახლა კი დარწმუნდა ვაჟი, რომ მართლა დიდი ხანი გასულიყო.

მაინც გასწია თავისი ქვეყნისკენ. მივიდა, მაგრამ ნაცნობი კი აღარავინ დახვდა. იკითხა დედა, მაგრამ მისი გამგონიც არავინ იპოვებოდა. ბოლოს, ერთი ბერიკაცი ნახა. ჰკითხა დედამისის ამბავი და უამბო ყველაფერი, მაგრამ ბერიკაცმა არ დაუჯერა:

KARIBCHE- ის დედაკაცი, როგორც მამა-პაპას უთქვამს, ათასი წლის წინათ ყოფილა და როგორ შეიძლება, მისი შვილი ახლა ცოცხალი იყოსო!

ხალხს არ სჯეროდა და ამბობდა:

- ეგ ღმერთისგან არის მოგზავნილი საიქიოდანო.

ბოლოს, ვაჟი მივიდა იმ ადგილას, სადაც მათი სახლი იდგა. სახლის ყვითელი, ხავსმოდებული კედლები კიდევ დახვდა.

ვაჟს მოაგონდა ყველაფერი, დედამისი, თავისი ბალღობა. დაღონდა. ბოლოს თქვა:

- მოდი, ერთი, შევჭამ ერთ ვაშლსო.

ამოიღო, შეჭამა და ხავსივით წვერი ერთ წამში დაეკიდა წელამდე. შეჭამა მეორე და მოეშვა მუხლები, ვეღარ გაანძრია ხელი, გახდა კუტი მოხუცი, თავი შეზიზღდა. დაინახა ახლოს ერთი ვაჟი და დაუძახა:

- მოდი, ჯიბეში ერთი ვაშლი მაქვს, ამომიღეო.

ბალღმა ამოუღო ვაშლი. შეჭამა ბერიკაცმა და განუტევა სული. გაიტანა სოფელმა და სამადლოდ დამარხა.
ბეჭდვა
1კ1