ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
ჭიანჭველები
"მიდი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, შეხედე მის მოქმედებას და იყავ ბრძენ" (იგავი სოლომონისა 6,6)

მწერები სხვადასხვაგვარნი და მეტად საყურადღებონი არიან. ზოგი, როგორც პეპელა და ბუზანკალი, მშვენიერი ფრთებით იქცევს ყურადღებას, სხვა, როგორც ფუტკარი და ობობა, შრომის უნარით გვაკვირვებს, მაგრამ ჭიანჭველა ყველასგან გამოირჩევა გონიერებითა და გამრჯეობით. რასაკვირველია, გინახავთ ეს პატარა, მიხაკისფერი მწერი, რომელიც სწრაფად დარბის თავისი ექვსი ფეხით. მათი სხვადასხვა მასალით ნაგები ვრცელი ბუდეები რომ განახათ, არასოდეს მოგინდებათ ამ პატარა მშრომელთა საცხოვრებლის დაქცევა, ფეხსაც აარიდებდით ბუდისკენ მოჩქარე ტვირთმოკიდებულ ჭიანჭველას.

ღირს, ნამდვილად ღირს დაუკვირდეთ ჭიანჭველას ცხოვრებას. ფრანგი სწავლული ბარტელო ოცი წლის განმავლობაში დაუზარლად ადევნებდა თვალყურს ჭიანჭველების ზნე-ჩვეულებას. მათ ნამდვილად დიდებული სახელმწიფოები აქვთ გაშენებული მიწისქვეშ. ხანდახან მეზობელთან მართავენ ომს, ტყვედ მიჰყავთ დამორჩილებულნი; სხვა ჯიშის მწერებზე ნადირობენ და იშინაურებენ; ჰყავთ ჯარი, თავისი სარდლებით, პოლიციელები და მუშები. ძნელად დავიჯერებდით ყოველივე იმას, რასაც სწავლულნი ჭიანჭველებზე წერენ, მაგრამ ვინც მათ არ ერწმუნება, უნდა ირწმუნონ სიტყვა ღვთისა, რომელიც ამ მწერებს მაგალითად უსახავს კაცს: "მიდი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, შეხედე მის საქციელს და იყავ ბრძენ". მართალია, ეს სიტყვა ზარმაცებისადმია გამიზნული, მაგრამ ხანდახან რომელი ჩვენგანი არ იქნება ამ ბიწიერების მონაწილე? ზოგჯერ ხომ არ გვინდა მუშაობა!

უეჭველია, სირცხვილია და უხერხული, რომ კაცმა ასეთ პატარა და უნდო მწერს მიბაძოს, მაგრამ რა გაეწყობა! ჭიანჭველებისგან ნამდვილად შეიძლება შრომისმოყვარეობა ვისწავლოთ. წავიდეთ მინდორში ან ტყეში, მოვძენოთ იქ ჭიანჭველას ბინა და შევუდგეთ სწავლას.

რა მოძრაობაა ჭიანჭველას ბუდეში, რა გაწყობილი შრომაა. უქმად მყოფს ან მოსიარულეს იქ ვერ ნახავ. ყველა საქმიანობს: ზოგი ტვირთს ეზიდება, ზოგი ზამთრის მარაგს ამზადებს. ყველგან ჩანს შრომის სიყვარული. აი, ეს უნდა გადმოვიღოთ. თანახმად უფლის ბრძანებისა, ვალდებულნი ვართ, ვიშრომოთ. ღმერთმა ხომ ჩვენს წინაპარს, ადამს უბრძანა: "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა" (დაბ. 3,19). ეს იმას ნიშნავს, რომ უშრომლად კაცს არაფერი მიეცემა: არც მიწის ნაყოფი - საზრდოსთვის, არც ცოდნა - გონების გამამდიდრებელი, არც კეთილმსახურება - სულის გამაკეთილშობილებელი.
ბეჭდვა
1კ1