ისტორია
ისტორია
დიდგორის ბრძოლა
საქართველოს გაძლიერებამ შეაშფოთა წინა აზიის მაჰმადიანი ქვეყნები. ქართველებს ახლა უკვე შეეძლოთ მათთვის სამაგიეროს გადახდა.

ამიერკავკასიის მაჰმადიანმა მფლობელებმა თურქთა სულთანთან ელჩები გაგზავნეს. ელჩებმა თმები გაიწეწეს, თავზე ნაცარი დაიყარეს, სახე ჩამოიხოკეს და ისე ეახლნენ სულთანს დახმარების სათხოვნელად.

1121 წლის აგვისტოში მაჰმადიანთა უზარმაზარი, გაერთიანებული ლაშქარი საქართველოში შემოიჭრა ილ-ღაზის მეთაურობით.

მტერმა თრიალეთი გადალახა და დიდგორის მთაზე დაბანაკდა.

დავით აღმაშენებელი და უფლისწული დემეტრე ჯარით ელვის სისწრაფით მიიჭრნენ დიდგორს.

გადამწყვეტი ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა.

დავითმა ხერხს მიმართა. ბრძოლის დაწყების წინ 200 გულადი მეომარი მტრის ბანაკში გაგზავნა. მტერს მოღალატენი ეგონა და დაუბრკოლებლად შეუშვა. სელჩუკთა რიგებში შესულებმა უეცრად ხმლები იშიშვლეს და ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ამან მტრის ლაშქარში არევ-დარევა გამოიწვია.

ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და დავითმა და უფლისწულმა დემეტრემ ქართველთა ძირითადი ძალებით მტერს ორი მხრიდან შეუტიეს.

ბრძოლა 3 საათს გაგრძელდა. ქართველთა ვაჟკაცური შეტევით გაოგნებული თურქთა ლაშქარი შედრკა და ბრძოლის ველიდან გაიქცა. გაქცეულ მტერს უკან მისდიეს და საქართველოს საზღვრიდან გარეკეს.

მტრის გვამებით იყო მოფენილი ხევები და ველები. ქართველთა დანაკლისი უმნიშვნელო იყო მტერთან შედარებით.

ბრძოლაში დაღუპულთათვის საერთო საძმო საფლავი გათხარეს. გამარჯვებულებმა მუჭა-მუჭა მიაყარეს მიწა და დადგა დიდგორი.

ყოველწლიურად აგვისტოში იმართება დიდგორის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება "დიდგორობა".

მოამზადა ნათელა ჯანგულაშვილმა
ბეჭდვა
1კ1