საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
"გვითხარი, როგორ ცხოვრობ, რათა ჩვენც შენ მოგბაძოთ!"
ოდესღაც კუნძულ კვიპროსზე დიდი გვალვა იყო. ყველაფერი გადახმა - ბაღ-ვენახები, ტყეები. ქვეყანას საშინელი შიმშილი დაემუქრა. ეპისკოპოსმა დიდძალი ხალხი შეკრიბა და ღმერთს საყოველთაო ლოცვა აღუვლინა, რათა მას ქვეყნისთვის კეთილშეზავებული ჰაერი მოენიჭებინა. შუა გალობაში მას ზეციდან ხმა მოესმა: "მიდი ქალაქის ამა და ამ ჭიშკართან და ვინც პირველი შემოვა, იმას სთხოვე, ილოცოს. მის ლოცვას ზეცაში შეისმენენ".

ცისკრის ლოცვის შემდეგ ეპისკოპოსი ეკლესიის კრებულთან ერთად ქალაქის ჭიშკრისკენ გაემართა და იქ გაჩერდა. უეცრად ხედავს, შემოდის ვიღაც მხცოვანი ეთიოპელი, გასაყიდად გამზადებული შეშის კონით. ეპისკოპოსმა მოხუცი შეაჩერა. შეშის მჭრელმა ტვირთი მოიხსნა, მიწამდე თაყვანი სცა ეპისკოპოსს და კურთხევა გამოსთხოვა, მაგრამ ეპისკოპოსმა თავად მოუყარა მუხლი და უთხრა: "წმინდა კაცო, გთხოვ ილოცე ღვთის წინაშე, რათა ხალხს წყალობა მოანიჭოს, მიწას წვიმა აპკუროს!" გაოცებულმა შეშის მჭრელმა არ იცოდა, რა ეპასუხა მისთვის, მაგრამ როდესაც კრებულმაც იგივე გაუმეორა, იკითხა, - მე ცოდვილმა როგორ ვილოცო ადამიანებისთვისო. მეუფე არ ეშვებოდა და, შეშის მჭრელიც, რადგან ღვთის სახელით ევედრებოდნენ, მუხლებზე დაემხო, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ლოცვა დაიწყო. უეცრად ცაზე ღრუბლები გაჩნდა და წვიმაც ახმაურდა. ლოცვის დასრულებისას ეპისკოპოსმა წმინდა კაცს ჰკითხა: - მოყვასისადმი სიყვარულის გამო და საერთო სარგებლობისთვის, გვითხარი, როგორ ცხოვრობ, რათა მოგბაძოთ და შენსავით ვიცხოვროთო.

"შემინდე, მეუფეო, - უპასუხა თავმდაბალმა მლოცველმა, - ცოდვილი კაცი ვარ, იმისთვის დავიბადე, რომ ამაოებაში ვიცხოვრო; ყოველღამ ქალაქიდან გავდივარ, შეშას ვჭრი, ვყიდი და მით ვშოულობ ყოველდღიურ საზრდოს. არა მყავს ნათესვები, არა მაქვს სახლი და ეკლესიასთან მძინავს, როდესაც დიდი სიცივეებია და წვიმს. არაფერს ვჭამ, შრომისგან თავისუფალ დროს სულ ვლოცულობ".

ეპისკოპოსმაც და საეკლესიო კრებულმაც ამ ნათქვამიდან დიდი სარგებელი მიიღეს და ღმერთი განადიდეს. შემდეგ მეუფემ იგი თავისთან წაიყვანა, ერთი წყნარი სენაკი უბოძა და მანამ ინახავდა, სანამ იგი მარადიულ ცხოვრებაში არ გადავიდა.


ეს ღვთისმოსავი შეშის მჭრელი, ბავშვებო, ჩვენთვისაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანის ღირსებაზე მხოლოდ მისი გარეგნობისა და ჩაცმულობის მიხედვით.
მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა
ბეჭდვა
1კ1