ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
უცნაური თვალები
ჩემო პატარა, სხვადასხვა ცხოველს განსხვავებული აგებულებისა და ზომის თვალები აქვს, ზოგს - ძალიან უცნაურიც. მაგალითად, კალმარს, რომელიც ზღვაში ძალიან, ძალიან ღრმად ბინადრობს, მარცხენა თვალი მარჯვენაზე ოთხჯერ დიდი აქვს. დიდი თვალი მას ზღვის სიღრმეში არსებული მკრთალი სინათლის შესამჩნევად სჭირდება, პატარა თვალით კი ზემოთ ამოსვლისას ათვალიერებს მიდამოს.

აფრიკაში, ევროპისა და აზიის ზოგ ადგილას ცხოვრობს ქვეწარმავალი, რომელსაც ქამელეონი ჰქვია. ეს უცნაური არსება, თურმე, მთელ სიცოცხლეს ხეზე ატარებს. თუკი რომელიმე მწერი მიუახლოვდება, გრძელი ენით დაიჭერს. ენას კი ძალიან შორს ისვრის. ქამელეონის თვალები მართლაც უცნაურად მოძრაობენ. ჩემო პატარა მეგობარო, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოს, ჩვენს ქამელეონს ერთდროულად მარჯვნივ გახედვაც შესძლებია და მარცხნივაც, ზემოთაც და ქვემოთაც. უფრო მეტიც, შეუძლია, ცალი თვალით ზევით იყუროს, მეორით კი ამ დროს განზე იმზირებოდეს. ასეთი უჩვეულო თვალები მხოლოდ ქამელეონს აქვს. ისინი ხეზე უძრავად მჯდომ პატრონს ნადირობას უადვილებენ.

KARIBCHEუზარმაზარი თვალები აქვთ გიგანტურ რვაფეხებს. მათი თვალების დიამეტრი 40 სმ-ია. ამხელა თვალები არც ერთ სხვა ცხოველს არ უვითარდება, რვაფეხაზე გაცილებით დიდ ვეშაპებსაც კი მხოლოდ 10-12 სმ დიამეტრის თვალები აქვთ.

იცოდი, ზოგიერთ თევზს სითბოს დანახვაც რომ შეეძლო? გამოგიტყდები, მე არ ვიცოდი... ასეთ თვალებს თერმოსკოპულს უწოდებენ, რაც ბერძნული სიტყვაა და ქართულად "სითბოს ყურებას" ნიშნავს.

ზოგიერთ ზღვასა თუ მდინარეში თურმე ოთხთვალა თევზიც კი ბინადრობს. ასეთი თევზის თვალები გადატიხრულია და ცურვისას მათი პატრონი ერთი წყვილი თვალით წყლის ზედაპირს ათვალიერებს, მეორე წყვილით კი წყალში იცქირება. ამით მას საშუალება ეძლევა, ერთდროულად წყალშიც ინადიროს და ჰაერში მოფარფატე მწერებიც შენიშნოს.
ბეჭდვა
1კ1